რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა, აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურ კომუნიკაციაშია თურქ სამართალდამცველებთან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება. სხვა დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი.

CNN TURK - ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპული ორი ადამიანია, ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი - საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"