ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი წარუდგინეს - კვირის პალიტრა

ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი წარუდგინეს

ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმოს და ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ერთ-ერთ დაკავებულს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ჯერ უცნობია.

16 ივნისს, ფოთში, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრს, გიორგი აბულაძეს შორის ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და პროვოკაცია შეგნებულად მოაწყო.

"ინტერპრესნიუსი"