"ინციდენტისას 16 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა" - რა მოხდა ბათუმის ბულვარში? - კვირის პალიტრა

"ინციდენტისას 16 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა" - რა მოხდა ბათუმის ბულვარში?

ბათუმის ბულვარში 16 წლის ახალგაზრდას და დაცვის თანამშრომელს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდმა დაცვის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. უწყებაში ამბობენ, რომ მოზარდი დაცვის თანამშრომლების მითითებას არ დაემორჩილა, რაც ველობილიკზე გადასვლას უკავშირდება.

თავის მხრივ, მოზარდის მეგობრები ამბობენ, რომ ბულვარის დაცვის თანამშრომლები 16 წლის ბიჭს უხეშად ესაუბრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით, ინციდენტისას 16 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა და იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, არასრულწლოვანი სავაადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა, მას გამოკვლევები უტარდება. ექიმების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. თვითმხილველები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"