"უამრავი ჩინელი მარტოხ­ელა მამაკაცი მოაწყდა საქართველოს... მთელ მსოფლიოშია გავრცელებული ხმა, რომ აქ საბუთების გაყალბებით შეიძლება ბავშვების უკანონო ჩასახვაც და..." - კვირის პალიტრა

"უამრავი ჩინელი მარტოხ­ელა მამაკაცი მოაწყდა საქართველოს... მთელ მსოფლიოშია გავრცელებული ხმა, რომ აქ საბუთების გაყალბებით შეიძლება ბავშვების უკანონო ჩასახვაც და..."

"საქართველოში რეპროდუქციის სფეროში კრიმინალი მაქსიმალურად ხელშეწყობილია"

37 წლის იულია სუსლიაკის დაკავებამ სუროგაციის საკითხების შესახებ ბევრი კითხვა გააჩინა. ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინელი ქალი 25 აპრილს დააკავეს და ტრეფიკინგში დასდეს ბრალი. ის საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა და აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. ბავშვები ზუგდიდის საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით აღმოჩნდნენ. მაშინ გაირკვა, რომ 4 პატარა ერთ წელს იყო დაბადებული, კიდევ ორი კი 2018 წელს. პატარები სუროგაციის გზით არიან გაჩენილი. ისიც დადგინდა, რომ რუსეთში ეს ოჯახი 11 ბავშვით შევიდა და საქართველოში 10 ბავშვით ჩამოვიდა.

როგორც სუსლიაკის ადვოკატი ამბობს, შეძლებულ ოჯახს უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა და ამიტომ აჩენინებდნენ სუროგატებს, ერთი ბავშვი კი რუსეთში გარდაიცვალა... თუმცა პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ ქალი ბავშვთა ტრეფიკინგში იყო ჩართული. ექსპერტიზით გაირკვა, რომ 10 ბავშვიდან 4 ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო 10-ვე ბავშვის ბიოლოგიური მამა - იური სუსლიაკი. დედის დაკავების შემდეგ კარგა ხანს ბავშვები მინდობით აღზრდაში იყვნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეში უკრაინის ხელისუფლება ჩაერთო, შედგა მოლაპარაკება და გასულ კვირას ათივე პატარა სპეცრეისით უკრაინაში დააბრუნეს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება იულია სუსლიაკი, მას სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა. ადვოკატი ზურაბ თოდუა ირწმუნება, რომ ქალის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს, რადგან უკრაინაში საქართველოს მსგავსად რეგულირდება ბავშვების სუროგაცია-დონაციის საკითხი და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყველა პროცედურა დაცული აქვს...

"ბავშვები გაჩენილი და დარეგისტრირებულია ისე, რომ დონორის არსებობაზე იუსტიციამ არაფერი იცოდა"

ლალი პეტრიაშვილი, საიას იურისტი: - როცა სუროგატი აჩენს პატარას, წყვილმა შეიძლება დონაციაც გამოიყენოს, ან შეიძლება დონორი არ სჭირდებოდეს და მხოლოდ სუროგატი დასჭირდეს, მაგრამ კანონი არ გვეუბნება, შემდგომში რა პირობები უნდა შეასრულოს დამკვეთმა. მხარეთა შორის ხელშეკრულება იდება სამედიცინო მომსახურების გამწევ სუბიექტთან წარსადგენად, რათა მან პროცედურები დაიწყოს. თუ დონორთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, კლინიკა მის მასალას ვერ გამოიყენებს. ბავშვის დაბადების შემდგომ მშობლებმა ხელშეკრულებები რეესტრში უნდა წარადგინონ, დაბადების მოწმობის ასაღებად. მაგრამ ხშირად მშობლებს მიაქვთ მხოლოდ ცნობა ბავშვის დაბადების შესახებ და შეიძლება ხელშეკრულება არც გამოაჩინონ. შესაბამისად, რეგისტრაციისას არ ფიქსირდება, რომ ბავშვი სუროგაციით არის დაბადებული. თუ სააგენტო აღმოაჩენს, რომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა ან ვინმემ დამალა, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში უქმდება მშობლის სტატუსი და ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში გადავა. თუ ბავშვი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის გზით და მას არ უწერია დაბადების მოწმობაში თუნდაც ერთი მშობელი, ასეთ ბავშვს საზღვარგარეთ ვერ გაიყვანენ, თუნდაც დამკვეთები უცხოელები იყვნენ... რაც შეეხება სხვა ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს, ვინც მათ დოკუმენტებშია მითითებული მშობლებად, ჩვენც ისინი უნდა ვაღიაროთ მშობლებად. შეუძლებელია იმის გაკონტროლება, რამდენად სწორად დაარეგისტრირეს ის სხვა სახელმწიფოში.

- ვთქვათ, საქართველოში დონორის კვერცხუჯრედით გააჩინა სუროგატმა ბავშვი, დამკვეთი უცხოელია, რეალური მიზანი კი ბავშვის გაშვილებაა. ამის გაკონტროლება შესაძლებელია? - სიტუაციას ვაკონტროლებთ საზღვრამდე, მერე კი ითვლება, რომ მას უკვე ჰყავს რეგისტრირებული მშობლები და ბავშვი მათ მიჰყავთ. მთავარია, გაყვანის პროცედურა დავიცვათ, მერე მასზე იმ ქვეყნის კანონმდებლობა გავრცელდება, რომელი ქვეყნის მოქალაქეც გახდება.

- დონორების ბაზები არსებობს? - არსებობდა კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხების დარეგულირებისთვის იყო შექმნილი, მაგრამ კანონად ვერ იქცა. ვერ ვიტყვი, რომ მოსაწონი იყო, მაგრამ რამდენიმე საკითხს მაინც დაარეგულირებდა. ზოგადად, ვერც ერთი საკანონმდებლო აქტი ამ პრობლემას ბოლომდე ვერ გამორიცხავს, მაგრამ თუ კარგად მოვიფიქრებთ, რისკებს მინიმუმამდე დავიყვანთ.

- ერთი და იმავე ადამიანის დონორად გამოყენება არ წარმოქმნის პრობლემებს? - ინცესტის საშიშროება, ბუნებრივია, არის, მაგრამ როცა იარსებებს დონორთა ბაზა, წყვილი თავად აირჩევს დონორს. ბაზაში უნდა ჩანდეს, ამა თუ იმ დონორით რამდენი ბავშვი დაიბადა. ლიმიტი უნდა იყოს დადგენილი.

- სასამართლოში დავები ამ საკითხებზე გქონიათ? - გვქონდა ერთი საქმე. წყვილის დაკვეთით ემბრიონი შეიქმნა. მერე მამაკაცმა აზრი შეიცვალა და აღარ სურდა მისი გამოყენება, ქალისთვის კი ეს გენეტიკური შვილის ყოლის უკანასკნელი შანსი იყო. სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, რომ მხოლოდ ქალის თანხმობით მომხდარიყო ემბრიონის გადატანა სუროგატთან. ეს საქმე ქალმა მოიგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ორსულობა ვერ განვითარდა.

ახლაც გვაქვს ერთი შემთხვევა, სადაც გამოყენებულია როგორც დონაცია, ასევე სუროგაცია. როგორც აღმოჩნდა, დონაციის ხელშეკრულება არ დადებულა, ბავშვები გაჩენილია და დარეგისტრირებული ისე, რომ დონორის არსებობაზე იუსტიციამ არაფერი იცოდა. ამიტომ კანონით, ბავშვის მშობლის ჩანაწერები უქმდება და დავა, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაინაცვლებს.

"ვიღაცები ძალიან დიდ ფულს შოულობენ ბავშვების საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე"

თამარ ხაჭაპურიძე, ასოციაცია "მომავლის იმედის" თავმჯდომარე: - უკრაინის მოქალაქის დაპატიმრებით პროკურატურა ვერ დაგვარწმუნებს, რომ სუროგაციის სფეროში ებრძვის კრიმინალს, ან ბავშვთა ტრეფიკინგს, რადგან წლებია თაროზე აქვს შემოდებული არაერთი საქმე უკანონო სუროგაციისა და სუროგაციით დაბადებულ ბავშვთა საქართველოდან ყალბი საბუთებით გაყვანის შესახებ. არსებობს პროკურორ შალვა ცერცვაძის დადგენილებაც, სადაც ჩამოთვლილია ის პირები, რომლებმაც გააყალბეს ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები. დოკუმენტების გაყალბებას სწორედ საზღვარზე გადაყვანის მიზნით ახდენდნენ. რატომ აჭიანურებენ ამ საქმის გამოძიებას, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს. იქნებ იმიტომ, რომ არ დასაჯონ დამნაშავეები. წარმოიდგინეთ, 2014 წლის 13 თებერვლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 344-ე პრიმა მუხლით, ქვეყნიდან ჩვილი ბავშვების ყალბი დოკუმენტებით გაყვანის კონკრეტულ ფაქტებზე, მაგრამ ამ დრომდე შედეგი არ დამდგარა. როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესებშია ამ საქმის სამუდამოდ თაროზე შემოდება. თორემ გამოძიების დაწყებიდან 6 წელია გასული, როგორ ვერ მიიყვანეს საქმე ბოლომდე. არადა, არის უტყუარი მტკიცებულებები. დღემდე უცნობია, რა ბედი ეწიათ ყალბი საბუთებით გაყვანილ ბავშვებს...

რამდენიმე წლის წინ წარვადგინე ცვლილებების ინიციატივა შესაბამის ინსტანციაში, მაგრამ არ სჭირდებათ უფასო და გამზადებული კანონპროექტი... ცოტა ხანში გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტროში შეიმუშავეს ცვლილება, რომელიც პრაქტიკულად არ იყო გათვლილი კრიმინალურ სქემებზე... წულუკიანმა დანერგა ისეთი პრაქტიკაც, როცა დონორი, სუროგატი დედა და უშვილო წყვილი ერთ ხელშეკრულებას აწერს ხელს. ეს არასწორია. რატომ უნდა იცოდეს სუროგატმა დედამ დონორის პერსონალური ინფორმაცია? ან რატომ უნდა იცოდეს, რომ წყვილმა დონორი გამოიყენა? სუროგაციის ხელშეკრულებაში დონორის ჩართულობა ქმნის სხვა პრობლემებსაც. კერძოდ, ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედის მიღება ხდება. შესაბამისად, მიიღება რამდენიმე ემბრიონი. რასაკვირველია, ყველა ბავშვს ერთდროულად ვერ დაბადებენ, ამიტომ ემბრიონების ნაწილს ყინავენ და ზოგჯერ წლობით ინახავენ. წლების შემდეგ, როცა წყვილი მე-2 და მე-3 ბავშვს დაგეგმავს, სად ეძებოს წლებისწინანდელი დონორი, რათა ხელი მოაწერინოს ხელშეკრულებაზე? ან რატომ უნდა იყოს საჭირო ერთხელ გაწეულ დონაციაზე ხელშეკრულების განმეორებით გაფორმება დონორთან? ან რომელ კვერცხუჯრედზე უნდა დაიდოს ხელშეკრულება, წლების წინ რომ განაყოფიერდა და წყვილის კუთვნილი ემბრიონია? ეს უცნაური მოთხოვნა არსებობს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით...

რეპროდუქციის ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ემბრიონი ლაბორატორიულ პირობებში შეიქმნას, მათ შორის დონორული უჯრედებით და შემდგომ გადატანილ იქნეს დედის ან სუროგატი დედის საშვილოსნოში. ეს, როგორც უშვილობის პრობლემის გადაჭრის საშუალება უდიდესი სიკეთის მომტანია, მაგრამ თუ არ არის დაქვემდებარებული კონტროლს, დიდი საფრთხის შემცველია. ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეპროდუქციის სფეროში კრიმინალი მაქსიმალურად ხელშეწყობილი და წახალისებულია. ამას მოწმობს ის, რომ კანონდარღვევის არც ერთ ფაქტზე არავინ დასჯილა. უკონტროლოდ არიან კლინიკები და სააგენტოები. ვიღაცები ძალიან დიდ ფულს შოულობენ ბავშვების საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე.

ბოლო დროს უამრავი ჩინელი მარტოხელა მამაკაცი თუ ჰომოსექსუალი მოაწყდა საქართველოს, უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული ხმა, რომ საქართველოში საბუთების გაყალბებით შეიძლება ბავშვების უკანონო ჩასახვაც და ქვეყნიდან გაყვანაც. უცხოელმა ჰომოსექსუალებმა იციან, რომ საქართველოში დონაცია-სუროგაციის მეთოდებით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილისთვის, ამიტომ უცოლო მამაკაცებს საბუთებზე ხელმოსაწერად ჩამოჰყავთ სპეციალურად დაქირავებული ქალები, ზოგჯერ კი აქვე სთავაზობენ მეწყვილის შოვნას.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს მოვთხოვე საზღვრის მონაცემებისა და სამოქალაქო რეესტრის მონაცემების შედარება და უამრავი ახალშობილი აღმოჩნდა გადაყვანილი საზღვარზე მხოლოდ მამაკაცის მიერ, ანუ დედად რეგისტრირებული პირის თანხლების გარეშე, ხოლო დედად რეგისტრირებულ პირებს მომდევნო თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც არ უფიქსირდებოდათ საზღვრის კვეთა. აშკარა სიყალბეა - ან სუროგატი დაარეგისტრირეს დედად, ან ცრუ გერლფრენდი.

პროკურატურა საქმეებს თაროებზე აძველებს, იუსტიციის სამინისტრო კი დაბადების მოწმობების გაცემისას რატომღაც ხშირად ვერ ამჩნევს, რომ სამედიცინო ცნობაში არ წერია დონაცია და სუროგაცია, არც ქალისა და მამაკაცის მისამართები. საცხოვრებელი ადგილის ცნობებით მარტივად დადგინდებოდა, წყვილი მართლაც ეწევა ერთობლივ თანაცხოვრებას თუ საჭიროა მოკვლევა და ბარიერების ამოქმედება.

საქართველოში დონორთა ელექტრონული ბაზა რომ არ არსებობს, ამის თაობაზე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. დღეს ერთი და იგივე დონორი მრავალჯერადად ეწევა დონაციას სხვადასხვა კლინიკაში, არ არის დაწესებული ლიმიტი დონაციის ჯერადობაზე და ეს ზრდის ინცესტის შემთხვევათა საფრთხეს. ასევე უკონტროლოა კრიოკონსერვირებული კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების ქვეყნიდან გატანის საკითხი, დონორების ქვეყნიდან ორგანიზებული გაყვანა სხვა ქვეყანაში დონაციისთვის. ეს ბავშვთა ტრეფიკინგის წინა პირობაა.

ვიდრე დამნაშავეებზე ხელის დაფარებისა და საქმეების გამოძიების განზრახ გაჭიანურებისთვის არ ისჯება არავინ, ვიდრე კანონი არ არის ყველასათვის ერთი, კრიმინალი არ შემცირდება და მხოლოდ მოიმატებს. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა კანონმდებლობის დახვეწაში, მაგრამ არასოდეს არც ერთ კანონს არ ექნება აზრი, სანამ კანონის დამრღვევებს ეცოდინებათ, რომ მათ არ დასჯიან.