რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან - კვირის პალიტრა

რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან

"ბოდიში მინდა მოვიხადო, პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი გავხდი"

21 ივნისის დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო პოლიციის ავტომანქანებით გაივსო - ყველა მანქანაში აქციაზე დაკავებულები ისხდნენ. მალე ახალგაზრდებით სავსე ყვითელი ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსიც გამოჩნდნენ, სწორედ ამ მანქანებით მოიყვანეს სასამართლოში მოქალაქეები, რომელთა დასჯას ძალოვანები ითხოვდნენ. სულ 305 მოქალაქე დააკავეს, ყველა ერთნაირი ბრალდებით - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და წვრილმანი ხულიგნობა.

9 დარბაზში, 9 მოსამართლე წყვეტდა მათ ბედს. დღის პირველ ნახევარში ყველა მოსამართლეს თითქმის ერთნაირი გადაწყვეტილება გამოჰქონდა - 12-13-დღიანი პატიმრობა. მხოლოდ არასრულწლოვნებს ათავისუფლებდნენ. ბრალდებულების უმრავლესობას ადვოკატი არ ჰყავდა. ზოგიერთ სხდომას საპატრულოს იურისტი გოგონები ესწრებოდნენ და დაკავებულების დასჯას მოითხოვდნენ. მათი პოზიცია შაბლონური იყო: "აღნიშნული პირები შეეწინააღმდეგნენ პოლიციელებს, ილანძღებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის დაშლის შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდნენ, პოლიციელები კი წესრიგს იცავდნენ, მოითხოვდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, მაგრამ არ დაემორჩილნენ... სასჯელის დადება მათთვის იქნება მაგალითი იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული არასოდეს ჩაიდინონ. მოვითხოვთ პატიმრობას". მოსამართლეც ეთანხმებოდა მოთხოვნას. სადაც საპატრულოს იურისტები ვერ ახერხებდნენ დასწრებას, იქ თავად პოლიციელები ითხოვდნენ ამ პირების დასჯას...

წივილ-კივილი მოჰყვა ირაკლი ხვადაგიანის დაკავებას. ძმები ხვადაგიანები სხვადასხვა მოსამართლემ გაასამართლა. პირველად ირაკლი ხვადაგიანს მიუსაჯეს პატიმრობა და ამან მისი ახლობლები აღაშფოთა. "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა ირაკლის ძმის, დათო ხვადაგიანის პროცესს ველოდებით, სავარაუდოდ, იგივე იქნება. სასამართლო კონვეიერულად მუშაობს, როგორც 1937 წელს","- თქვა ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა. ირაკლი ხვადაგიანს სახე დაშავებული აქვს, როგორც ამბობს, დაკავების დროს სცემეს. "ფეისბუკზე" მან დილით ადრე ფოტოს დადება მოასწრო, წარწერით: "სახეზე გახარია გამომესახა. დილა მშვიდობისა... (მერე როგორც "თეთრ ბაირაღებშია").

"ირაკლის ხელკეტები და ფარი ურტყეს. თუ ცოცხალი იყო, არ მეგონა, ისე უმოწყალოდ სცემდნენო, გვითხრა დათომ, რომელიც თავადაც საშინლად არის ნაცემი", - გვითხრა ხვადაგიანების ახლობელმა. ძმების დაკავება გააპროტესტა ანა დოლიძემაც.

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: "როდესაც დააკავებ ორ პროფესორს, საბჭოთა კავშირის ბოლშევიზმის მკვლევრებს, ძმებ ხვადაგიანებს, ეს ხომ აღმნიშვნელია იმისა, რა დღეშია სასამართლო სისტემა. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რომ ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ გაათავისუფლოს. სასამართლო განხილვა კონვეიერული წესით მიმდინარეობს, ეს არის "მურუსიძე-ჩინჩალაძის" გაგრძელება, რომელიც უნდა დავანგრიოთ".

ადვოკატების სიმრავლე სასამართლოში განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში შეიმჩნეოდა. ისიც ითქვა, რომ მოსამართლეებმა ხელისუფლებისგან დირექტივა მიიღეს, რომ უფრო ლმობიერი სასჯელები გამოეტანათ. ცოტა ხნით რამდენიმე დარბაზში პროცესებიც შეჩერდა. აშკარა იყო, დღის მეორე ნახევარში უკვე სხვა გადაწყვეტილება გამოჰქონდათ იმავე მოსამართლეებს: ზოგიერთს 1000-ლარიანი გირაოთი ათავისუფლებდნენ, ზოგს 7-დღიან პატიმრობას უსჯიდნენ, ბევრ შემთხვევაში კი, სადაც ადვოკატი ჩაერთო, ზოგიერთი დაკავებული დარბაზიდანვე გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ საქმის გასაცნობად დროა საჭირო. ამ მოთხოვნით გაათავისუფლა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რამდენიმე ბრალდებული, მათ შორის მორის მაჩალიკაშვილი და ალეკო კარტოზია, რომლის თქმით, ის არც ყოფილა აქციაზე, იმ ღამეს შეყვარებული გააცილა, ხალხის ტალღაში აღმოჩნდა და დააკავეს. მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კარტოზია, თუმცა 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდა უცხოელ სტუდენტს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არ ყოფილა აქციაზე. მინასიანმა პროცესზე თარჯიმანი მოითხოვა და თავისი პოზიცია დააფიქსირა: "საქართველოში სასწავლებლად ვარ ჩამოსული... მედავებიან, თითქოს წინააღმდეგობა გავუწიე პოლიციას. ეს ტყუილია. მეგობართან ერთად ვიყავი თავისუფლების მოედანზე, რუსთაველზე რომ ადის ქუჩა, იქ აღმოვჩნდით. მიტინგზე არ ვყოფილვართ. დავინახე, ხალხის მასა რომ მოდიოდა, ადამიანები მორბოდნენ და პანიკა იყო. შეგვეშინდა და იქვე, იტალიურ ეზოში შევედით, იქ გაზი გაუშვეს, თვალები ამტკივდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ამ დროს შემოცვივდნენ პოლიციელები. 5-6 პოლიციელი დამესხა თავს, ასფალტზე დამაწვინეს, დამადეს ხელბორკილი, თან ძლიერად მირტყამდნენ. ვუხსნიდი, რომ შემთხვევით გავხდი ამ ყველაფრის მსხვერპლი".

მინასიანის განმარტება მოისმინა მოსამართლემ, მაგრამ მაინც 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ ერთი ბრალდებული ცდილობდა თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას:

"ჩემი შემთხვევა კურიოზულია, ხვალ ბანკეტი მაქვს და თბილისში საყიდლებზე ვიყავი ჩამოსული, თავისუფლების მოედანზე აღმოვჩნდი და ხალხის ნაკადს შევუერთდი. ამ დროს დავინახე ერთი სპეცრაზმელი ცუდად გახდა, ხალხი და მეც ვეხმარებოდი გამოსვლაში. 9-ის ნახევარზე დამაკავეს. იმ დროს არც რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული და არც გაზი, სადღაც შემიყვანეს და მას შემდეგ არ გამომიშვეს. კარგა ხანს ასე ვიყავი, მერე პოლიციელებმა განყოფილებაში გადამიყვანეს. მე არავისთვის წინააღმდეგობა არ გამოწევია".

კიდევ ერთი ახალგაზრდა, ბექა კაპანაძე, არწმუნებდა სასამართლოს, რომ არ ყოფილა აქციაზე...

პროცესზე განმარტებები გააკეთეს პოლიციელებმაც. მათი თქმით, ყველა მოქალაქე მათ წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომ დააკავეს...

მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ 8 ბრალდებულს ერთნაირი სასჯელი გამოუტანა. ამის შემდეგ დარბაზში კიდევ რამდენიმე შემოიყვანეს. მათ შორის ერთი ახალგაზრდა აღიარებდა დანაშაულს: "გულწრფელად ვნანობ, რაც მოხდა, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს". 21 წლის გიორგი მესხმა თავისი სიტყვა ბოდიშით დაიწყო: "ბოდიში მინდა მოვიხადო, პოლიტიკური პარტიების მსხვერპლი გავხდი. აქციაზე მეგობართან ერთად ვიყავი. გამოვიძახე ტაქსი, მაგრამ მითხრეს, ვერ მოვაო. როცა დამაკავეს, პუშკინის პარკთან ვიყავი. პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. ვსწავლობ უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზე, თან ვმუშაობ და გთხოვთ გაითვალისწინეთ, ხვალ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სასწავლო ნაწილად ვმუშაობ და ჩემს დაწინაურებაზეა საუბარი, გთხოვთ, ამ შანსს ნუ დამიკარგავთ. ეს ერთი დღე და ღამე პოლიციაში გატარებული საკმარისზე მეტი იყო, რომ გამეაზრებინა რეალობა".

მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ არც მისი თხოვნა გაითვალისწინა და 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა და ყველა ბრალდებულს ერთსა და იმავე ტექტს უმეორებდა: "რასაც გედავებიან, არის მძიმე დარღვევა. რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ იმაზე მეტი, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ტელევიზიით. არავის ეკრძალება აქციის გამართვა, მაგრამ არა პოლიციისთვის ქვების სროლით, პარლამენტის შენობაში შესვლით... ამიტომ გისჯით პატიმრობას".

"უფალს ვევედრებოდი, გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა ჩემი პოლიციელი შვილი"

აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც. აი, რას წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიციელის დედა:

"როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჩემი ერთადერთი, ობლობაში გაზრდილი შვილი, ჯერ კიდევ პატარა, სულ რაღაც 18 წლის, წვევამდელი იყო და ქართლში მსახურობდა. საშინლად დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, ამბავს ვერ ვიგებდი, ისიც ვერ გავარკვიე, იბრძოდა თუ თადარიგში იყო. საბედნიეროდ, უფრო სწორად, საიღბლოდ, უფალმა ჩემსავით შეჭირვებულ დედებს შემახვედრა. ათი დღის მანძილზე თითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვანუგეშებდით. გადავწყვიტეთ, უმძიმესი ლოდები შეგვება გულზე და მანამ გვეტარებინა, სანამ შვილები ცოცხლები არ დაგვიბრუნდებოდნენ. თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მძიმე ლოდის ზიდვას შევძლებდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ათივეს შვილები ცოცხლები დაგვიბრუნდა. დაჭრილებიც არ ყოფილან. მერე ჰყვებოდნენ, სასწაულს გადაურჩენია ისინი. სხვების არ ვიცი, მე კი ჩემი სასწაულის მომხდენი დიდი ქვა სათუთად შევინახე და უფალს ყოველდღე ვმადლობდი... ამის შემდეგ ათი წელი გავიდა. ჩემი დედისერთა კაცია უკვე, თბილისში პოლიციაში მუშაობს. ცოლ-შვილიც ჰყავს... წუხელ ტელევიზორს ვუყურებდი, დავინახე, კორდონში იდგა. მიტინგზე გამოსულ ხალხს წყალს ურიგებდა, ისიც დავინახე, ვიღაცამ აგრესიულად ცემა რომ დაუწყო არმატურის მსგავსი საგნით. გული შემეკუმშა, შევშინდი, ჩემი ომს გადარჩენილი, ვაჟკაცად გაზრდილი შვილი ვინმემ არ მომიკლას-მეთქი. სასწრაფოდ გამოვიღე ჩემი ლოდი, ისევ დავიკიდე გულზე და უფალს ვედრება დავუწყე, ამჯერად გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა იგი. სანამ ნათესავი მომაკითხავდა, ტელევიზორთან ვიჯექი და ჩემი ორი დასაფსები თვალით ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ წიხლებს ჩემს ვაჟკაცს, როგორ შეეკრა სუნთქვა, როგორ მოხადა ჩაფხუტი ვიღაც მადლიანმა, როგორ მოითქვა სული. საბედნიეროდ, ამჟამადაც გადამარჩინა უფალმა და ჩემმა ლოდმა. ახლა საავადმყოფოში სასთუმალთან ვუზივარ ჩემს თავგატეხილ და თვალებდალილავებულ შვილს, ცალი ხელით მას ვეფერები, მეორით გულზე დაკიდებულ ლოდს", - წერს პოლიციელის დედა ნინო ჯანხოთელი.

თეა ხურცილავა