"ბენზინკალონკაში ვმუშაობდი და სახლში მქონდა ბოთლებში ჩამოსხმული..." - რას ამბობს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადებაში ბრალდებული გიორგი წიქარიძე - კვირის პალიტრა

"ბენზინკალონკაში ვმუშაობდი და სახლში მქონდა ბოთლებში ჩამოსხმული..." - რას ამბობს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადებაში ბრალდებული გიორგი წიქარიძე

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის მამაკაცის ადვოკატის მარიკა ჯანიკაშვილის განცხადებით, გოჩა კოკაია, რომელიც საქმეში მთავარი მოწმეა, სულ მცირე მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში უნდა მისცენ. ამასთან, მარიკა ჯანიკაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბოთლებში ბენზინი ჰქონდა, თუმცა არა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

თავის მხრივ, სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა გიორგი წიქარიძემ განაცხადა, რომ სახლში ნამდვილად ჰქონდა ბოთლებში ჩამოსხმული ბენზინი, თუმცა იმის გაკეთებას, რაც ბრალად ედება, არასდროს განიზრახავდა.

"კოქტეილს ავიღებ, მოვიკიდებ ზურგზე და ჯიბეებში ჩავიწყობ და ჩავალ, ეგეთი რამე არ ყოფილა იქ. ახლა აქ მიდის პოლიტიკური თამაშები, მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც იქით, არც აქეთ, მაგრამ "ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მოიცილოს "ნაციონალები“ და ოპონენტები... მეც ასე მომივიდა. ბენზინკალონკაში ვმუშაობდი და სახლში მქონდა ბოთლებში ჩამოსხმული, ჩვეულებრივი ბენზინია, “ - განაცხადა ბრალდებულმა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გოჩა კოკაიასა და გიორგი წიქარაძეს შორის სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა.

"კოკაიასა და გიორგი წიქარიძეს შორის საუბარი ნამდვილად შედგა. კოკაია ვალდებული იყო, რომ ამის შესახებ მაშინვე განეცხადებინა გამოძიებისათვის“, - აღნიშნა მარიკა ჯანიკაშვილმა.

ამასთან, მან ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებაც უამბო.

"ასეთი მოცემულობა გვაქვს: გიორგი ეუბნება, რომ ასე ყურება არ შეიძლება და მე ახლა გამზადებული მაქვს და მივდივარ პარლამენტის წინ. პასუხი არის: ჰო, დღეს უკვე არა, ხვალ... კითხვა მაქვს კოკაიასთან. კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეს, რა გაქვს გამზადებული, რატომ გაქვს? თუ გაიგე, რომ მას ეს აქვს გამზადებული, შენ მიდიხარ და სახლში იძინებ?"- აღნიშნა მარიკა ჯანიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა აგვისტოში გაიმართება.