"უფალს ვევედრებოდი, გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა ჩემი პოლიციელი შვილი" - კვირის პალიტრა

"უფალს ვევედრებოდი, გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა ჩემი პოლიციელი შვილი"

21 ივნისის დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო პოლიციის ავტომანქანებით გაივსო - ყველა მანქანაში აქციაზე დაკავებულები ისხდნენ. მალე ახალგაზრდებით სავსე ყვითელი ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსიც გამოჩნდნენ, სწორედ ამ მანქანებით მოიყვანეს სასამართლოში მოქალაქეები, რომელთა დასჯას ძალოვანები ითხოვდნენ. სულ 305 მოქალაქე დააკავეს, ყველა ერთნაირი ბრალდებით - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და წვრილმანი ხულიგნობა.

9 დარბაზში, 9 მოსამართლე წყვეტდა მათ ბედს. დღის პირველ ნახევარში ყველა მოსამართლეს თითქმის ერთნაირი გადაწყვეტილება გამოჰქონდა - 12-13-დღიანი პატიმრობა. მხოლოდ არასრულწლოვნებს ათავისუფლებდნენ. ბრალდებულების უმრავლესობას ადვოკატი არ ჰყავდა. ზოგიერთ სხდომას საპატრულოს იურისტი გოგონები ესწრებოდნენ და დაკავებულების დასჯას მოითხოვდნენ. მათი პოზიცია შაბლონური იყო: "აღნიშნული პირები შეეწინააღმდეგნენ პოლიციელებს, ილანძღებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის დაშლის შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდნენ, პოლიციელები კი წესრიგს იცავდნენ, მოითხოვდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, მაგრამ არ დაემორჩილნენ... სასჯელის დადება მათთვის იქნება მაგალითი იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული არასოდეს ჩაიდინონ. მოვითხოვთ პატიმრობას". მოსამართლეც ეთანხმებოდა მოთხოვნას. სადაც საპატრულოს იურისტები ვერ ახერხებდნენ დასწრებას, იქ თავად პოლიციელები ითხოვდნენ ამ პირების დასჯას... (იხილეთ გაგრძელება)

აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც. აი, რას წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიციელის დედა:

"როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჩემი ერთადერთი, ობლობაში გაზრდილი შვილი, ჯერ კიდევ პატარა, სულ რაღაც 18 წლის, წვევამდელი იყო და ქართლში მსახურობდა. საშინლად დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, ამბავს ვერ ვიგებდი, ისიც ვერ გავარკვიე, იბრძოდა თუ თადარიგში იყო. საბედნიეროდ, უფრო სწორად, საიღბლოდ, უფალმა ჩემსავით შეჭირვებულ დედებს შემახვედრა. ათი დღის მანძილზე თითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვანუგეშებდით. გადავწყვიტეთ, უმძიმესი ლოდები შეგვება გულზე და მანამ გვეტარებინა, სანამ შვილები ცოცხლები არ დაგვიბრუნდებოდნენ. თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მძიმე ლოდის ზიდვას შევძლებდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ათივეს შვილები ცოცხლები დაგვიბრუნდა. დაჭრილებიც არ ყოფილან. მერე ჰყვებოდნენ, სასწაულს გადაურჩენია ისინი. სხვების არ ვიცი, მე კი ჩემი სასწაულის მომხდენი დიდი ქვა სათუთად შევინახე და უფალს ყოველდღე ვმადლობდი... ამის შემდეგ ათი წელი გავიდა. ჩემი დედისერთა კაცია უკვე, თბილისში პოლიციაში მუშაობს. ცოლ-შვილიც ჰყავს... წუხელ ტელევიზორს ვუყურებდი, დავინახე, კორდონში იდგა. მიტინგზე გამოსულ ხალხს წყალს ურიგებდა, ისიც დავინახე, ვიღაცამ აგრესიულად ცემა რომ დაუწყო არმატურის მსგავსი საგნით. გული შემეკუმშა, შევშინდი, ჩემი ომს გადარჩენილი, ვაჟკაცად გაზრდილი შვილი ვინმემ არ მომიკლას-მეთქი. სასწრაფოდ გამოვიღე ჩემი ლოდი, ისევ დავიკიდე გულზე და უფალს ვედრება დავუწყე, ამჯერად გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა იგი. სანამ ნათესავი მომაკითხავდა, ტელევიზორთან ვიჯექი და ჩემი ორი დასაფსები თვალით ვუყურებდი, როგორ ურტყამდნენ წიხლებს ჩემს ვაჟკაცს, როგორ შეეკრა სუნთქვა, როგორ მოხადა ჩაფხუტი ვიღაც მადლიანმა, როგორ მოითქვა სული. საბედნიეროდ, ამჟამადაც გადამარჩინა უფალმა და ჩემმა ლოდმა. ახლა საავადმყოფოში სასთუმალთან ვუზივარ ჩემს თავგატეხილ და თვალებდალილავებულ შვილს, ცალი ხელით მას ვეფერები, მეორით გულზე დაკიდებულ ლოდს", - წერს პოლიციელის დედა ნინო ჯანხოთელი. (იხილეთ სრულად)