პროკურატურა ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გენერალური პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას, გუშინ, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ნიკა მელიას სასამართლოს განჩინებით დაეკისრა სხვა ვალდებულებებიც. ამ ვალდებულებების მიხედვით, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"