"გოგოს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა დედასთან. ამბობდა, რომ სძულდა. არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ მასზე შურისძიებისთვის გააკეთა ეს ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"გოგოს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა დედასთან. ამბობდა, რომ სძულდა. არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ მასზე შურისძიებისთვის გააკეთა ეს ყველაფერი"

გორის რაიონულ სასამართლოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმის განხილვა იწყება.

სასამართლოს შენობაში იმყოფებიან, როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები, ასევე ბავშვის მამის ახლობლები. აღნიშნულ მხარეებს შორის პროცესის დაწყებამდე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მოკლული ჩვილის მამის ახლობლები მომხდარში ადანაშაულებენ ბრალდებული არასრულწლოვნის დედასაც და აცხადებენ, რომ ის სავარაუდოდ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა შვილის დანაშაულებრივ განზრახვასთან დაკავშირებით.

"ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მესიჯი, რომელიც ხელთ გვაქვს. ამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დედა შვილს გარკვეულ გაფრთხილებას აძლევს. სმს შემდეგი შინაარსისაა: ,,მამაშენს დაურეკე და ელაპარაკე და რითაც გინდა იმით დაუმტკიცე, რომ ცუდს არ აკეთებ. სული არ გასძვრეს". რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დედამ იცოდა, რას აპირებდა მისი შვილი. ბრალდებულს ძალზე ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა დედასთან. ჩვენს ოჯახში ყოველთვის ამბობდა, რომ დედა სძულდა. არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ მასზე შურისძიებისთვის გააკეთა ეს ყველაფერი. მოვითხოვთ, ბრალდებულს მიესაჯოს ბრალით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი", - განაცხადა ბრალდებულის მეუღლის მამიდამ.

ბრალდებულის დედა კი აცხადებს, რომ შვილთან კონფლიქტი არ ჰქონია და არასრულწლოვან შვილს მხოლოდ რჩევა-დარიგებებს აძლევდა.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის უფლებებს ორი ადვოკატი დაიცავს. შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, ქეთი გაგოევის გარდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებების დაცვაში არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ჩაერთო.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე მოხდება არასრუწლოვანი დედის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.

21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავა.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: "ამბობს, შვილის გაგუდვით დედის და ქმრის გამწარება მინდოდა და ამით სიამოვნების მიღებაო"

"ინტერპრესნიუსი"