სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრზე თავდამსხმელი დააკავეს - კვირის პალიტრა

სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრზე თავდამსხმელი დააკავეს

პირი, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი დიასამიძეს თავს დაესხა, სამართალდამცავებმა დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავად დიასამიძემ მიაწოდა.

როგორც ის აღნიშნავს, მას მამაკაცი ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდა, როცა სამსახურიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციისკენ მიემართებოდა.

დიასამიძე ამბობს, რომ მან საავადმყოფო წუხელ, საკუთარი სურვილით დატოვა. მისივე განმარტებით, უცნობმა მამაკაცმა მას დაზიანება საფეთქელთან მიაყენა.

"ახლა არამიშავს, საავადმყოფოში აღარ ვარ, ექიმები არ მიშვებდნენ, მაგრამ ხელწერილის საფუძველზე წამოვედი. წუხელვე ვიყავი გამოკითხვაზე.

საფეთქელთან, შუბლის მარცხენა მხარეს 4-სანტიმეტრიანი ჭრილობა მაქვს. ოფისიდან აქციაზე მივდიოდი, რა დროსაც შავმა "ნისანის" მარკის ავტომობილმა გზა ჩაგვიხერგა. ქართული ნომრით იყო, ქართველი გვეგონა, შუშას ჩავუწიე და ვუთხარი, თუ რას აკეთებდა. აგრესიულად, რუსულად გინება დაიწყო, თქვენი "პარადი" საქართველში დამთავრდაო, ამბობდა. მანქანიდან გადმოვიდა და მაშინვე დამარტყა, მაგრამ ხელში რამე ეჭირა თუ არა, არ დავკვირვებივარ, იგინებოდა.

როგორც მითხრეს, ის კაცი პირველი განყოფილების სამმართველომ დააკავა. ეს ადამიანი პროვოკატორი იყო, მიზანმიმართულად გააკეთა ეს ყველაფერი, გზა ცარიელი იყო და შეეძლო, სხვა მხარეს წასულიყო, მაგრამ გზას გვიხერგავდა.

როგორც მეუბნებიან, ორი ქვეყნის - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა", - განაცხადა დიასამიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.