ქეიმ მარცხი იწვნია... - კვირის პალიტრა

ქეიმ მარცხი იწვნია...

ნათელა პატარკაციშვილის დისშვილმა ჯოზეფ ქეიმ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლესთან, ინა გუდავაძესთან  პირველი სერიოზული მარცხი იწვნია. ლიხტენშტეინის სამეფო სასამართლომ ჯოზეფ ქეის პატარკაციშვილის ქონების კონტროლზე უარი უთხრა. როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ამ გადაწყვეტილებას არსებული დავის გადაჭრის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქმე დიდძალ უძრავ-მოძრავ ქონებას და ფულად რესურსს ეხება. სხვათა შორის, დახურულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ქონებაზეა დავა. მთავარი სადავო კი გიბრალტარსა და ლინხტენშტეინში არსებულ ბიზნესზე კონტროლის მოპოვება ყოფილა, რომელთა მმართველი კომპანიის დაქვემდებარებაში უამრავი სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების ბიზნესორგანიზაცია შედის. გასარკვევია კიდევ ერთი დიდი მმართველი კომპანიის ბედიც, რომლის ადგილმდებარეობასა და არსებობაზეც კი ოჯახი კრინტს არ ძრავს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯოზეფ ქეი ცდილობდა, მის ერთპიროვნულ მფლობელობაში არსებული "ჯიზ გრუპ ინკის" მეშვეობით გადაეყენებინა და გამოეცვალა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების, მათ შორის მაგთიკომის წილის მფლობელი, ლიხტენშტეინის "იორუმ ისტებლიშმენტის" აღმასრულებელი საბჭო. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებით ყველა ეს მცდელობა უკანონოდ გამოცხადდა.

ჯოზეფ ქეი ამტკიცებდა, რომ მისი კომპანია "ჯიზ გრუპ ინკი" ფლობდა "იორუმ ისტებლიშმენტის" ე.წ. დამფუძნებლის უფლებებს და შესაბამისად, ჰქონდა მესაკუთრის უფლება. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, ქეის ინსტრუქციებით მოქმედი "ჯიზ გრუპ ინკი" შეეცადა, შეეცვალა "იორუმ ისტებლიშმენტის" აღმასრულებელი საბჭო და მისი კორპორატიული წარმომადგენელი. ამგვარ ქმედებას "იორუმის" არსებული საბჭო დაუპირისპირდა, რომლის წარმომადგენელმაც ლიხტენშტეინის სასამართლოს მიმართა. საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვნენ ინა გუდავაძე, ია პატარკაციშვილი, ნათელა პატარკაციშვილი, რომელთაც ლიხტენშტეინის სასამართლოში პარალელური სარჩელი შეიტანეს და "იორუმის" არსებულ საბჭოსა და წარმომადგენელს მხარი დაუჭირეს.

დოკუმენტურ მტკიცებულებათა წარდგენისა და მოწმეთა  ჩვენებების განხილვის შემდეგ, რომელზეც არც ქეი და არც მისი პარტნიორები არ გამოჩენილან, ლიხტენშტეინის  სასამართლომ გადაწყვიტა, რომ "იორუმის" დამფუძნებლის უფლებები სწორედ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქეი სადავო ბიზნესებზე კონტროლის მოპოვებას ვეღარ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ინა გუდავაძემ რუსეთშიც მოიგო ერთი სასამართლო პროცესი. დაამტკიცა, რომ ბადრი პატარკაციშვილის კანონიერი მეუღლე თავად არის. ამ სასამართლო გადაწყვეტილებით ოლგა საფონოვამ, რომელსაც ქეი გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლედ აცხადებდა, ქონების 25-პროცენტიანი წილი დაკარგა. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის ვაჟიშვილს, დავით პატარკაციშვილს, მას მამის ქონებაზე მემკვიდრის უფლება გააჩნია. გუდავაძემ  სარჩელშივე აღნიშნა, რომ არ ეწინააღმდეგება მისთვის 15-პროცენტიანი წილის მიცემას. გარდაცვლილი ბიზნესმენის ქალიშვილებმაც მამის ქონებიდან ამ მოცულობის წილი მიიღეს.

მართალია, ქეი აცხადებდა, რომ მას ხელთ ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის ანდერძი, მაგრამ ის არც ერთ სასამართლო პროცესზე დოკუმენტის სახით წარდგენილი არ ყოფილა.

სხვათა შორის, უახლოეს ხანში ევროპის საარბიტრაჟო სასამართლო მთაწმინდის პარკთან და "იმედთან" დაკავშირებულ დავასაც განიხილავს. პატარკაციშვილის ქვრივი მიიჩნევს, რომ "იმედში" მიმდინარე საკადრო ცვლილებები, ტელევიზიისთვის სახელის გადარქმევისა და აპარატურის გატანის მცდელობა (რაზეც მოარული ხმები დადის), "იმედის" დაკარგვის შიშით არის განპირობებული.

ქალბატონი ინა გუდავაძე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა:

- სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში ვერ შევძელით, გვეპოვა სამართალი. ჯოზეფ ქეის პრეტენზიები, როგორც ბადრის "ანდერძის აღმსრულებლისა", რომელიც საქართველოს უკანონო სასამართლომ დააკმაყოფილა, ლიხტენშტეინის უზენაესმა სასამართლომ ულაპარაკოდ უგულებელყო. მთელი ეს იურიდიული ფარსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯოზეფი ყველა მემკვიდრეს ედავება ბადრის მემკვიდრეობის ნაწილში და ამავე დროს, საქართველოს სასამართლო მას, ამ ქონების განმკარგავად, ბადრის ანდერძის აღმსრულებლად მიიჩნევს. ეს იგივეა, მელიას რომ საქათმის დაცვა მიანდო.

- გაქვთ თუ არა სრულყოფილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ქონებას (უძრავ-მოძრავი აქტივები) ფლობდა ბადრი პატარკაციშვილი?

- ბადრის უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ჩვენ ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს ვფლობთ... რაც მთავარია, ეს გახლავთ დოკუმენტებით დამოწმებული ინფორმაცია.

- დადის მოარული ხმები "იმედის" სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე ლაპარაკია იმაზეც, რომ "იმედიდან" გააქვთ ტექნიკა. რას იტყვით ამის შესახებ?

- დღეს საქართველოში ყველაზე დიდი თავისუფალი სიტყვის პრობლემაა, რომლის სინონიმადაც იქცა "იმედი". "იმედს" ცივილიზებულ, თავისუფალ რეჟიმში მუშაობის საშუალება რომ ჰქონოდა, ქვეყანა თავიდან აიცილებდა მძიმე შეცდომებს. ამჯერად კი არხი მთლიანად დისკრედიტებულია და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა იგი საბოლოოდ განადგურდეს (როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით)... რაგინდ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ მიზნის განხორციელებას ხმარდება ქართველი ხალხის გადასახადებიდან მიღებული სახსრები. რასაკვირველია, ხელისუფლება შეშფოთებულია იმ სამომავლო შედეგით, რაც "იმედთან" დაკავშირებულ სასამართლო ბატალიებს შესაძლოა მოჰყვეს. ალბათ ამიტომაც ცდილობს, არ დაუტოვოს ტელევიზიას არც სახელი, არც ლოგო, დაშალოს შემოქმედებითი კოლექტივი და საბოლოოდ, გააქროს "იმედის" კვალი. რასაკვირველია, ეს ფაქტი ცუდად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. აქვე უნდა გითხრათ, რომ ძალიან შეწუხებული ვარ "იმედიდან" თანამშრომელთა დათხოვნის გამო. ეს ის ხალხია, რომელმაც თავის დროზე სახელი და პოპულარობა მოუტანა "იმედს" და საზოგადოების ნდობა მოიპოვა.

- "იმედის" ოფიციალური მფლობელი არაბული კომპანიაა.

- ეჭვიც არ მეპარება, რომ "რაკიინის" ზურგს უკან საქართველოს ხელისუფლება დგას და სწორედ ის ახორციელებს ტელევიზიაზე კონტროლს. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ინფორმაცია "იმედის" ახლანდელ, ფორმალურ მფლობელზე. "რაკიინის" სათავო კომპანია "რაკ ივესთმენი აუთორითი" უარყოფს "იმედთან" კავშირს. ეს დაამტკიცა კიდეც არაბთა გაერთიანებული საამიროების ჟურნალისტის დამოუკიდებელმა გამოძიებამ.

- როდის გაიმართება "იმედსა" და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში?

- ეს პროცესი მრავალ ეტაპს მოიცავს. იგი უკვე მიმდინარეობს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმეც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.