სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე მოსმენა 2 ივლისს დაინიშნა - კვირის პალიტრა

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე მოსმენა 2 ივლისს დაინიშნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2 ივლისს დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს"მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მიაწოდა. სასამართლო პროცესი 2 ივლისს, 10:30 საათზე გაიმართება.

ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები გაასაჩივრა მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა. სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალდებამაც. როგორც კონდახიშვილი აცხადებს ის, რაც მელიასთვის დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, რაც პარლამენტის წევრის შეუფერხებელ საქმიანობას გულისხმობს.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

"ინტერპრესნიუსი"