სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - კვირის პალიტრა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მან ამ გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დატოვა.

ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გაასაჩივრა. მან სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის სამართალდამცავი ორგანოს თანხმობის გარეშე დატოვების აკრძალვისა და სამომავლოდ შესაძლო მოწმის სტატუსის მქონე პირთან კომუნიკაციის აკრძალვის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც კონდახიშვილი აცხადებს ის, რაც მელიასთვის დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, რაც პარლამენტის წევრის შეუფერხებელ საქმიანობას გულისხმობს.

სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალდებამაც. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორი თავის შუამდგომლობაში განმარტავდა, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, ნიკა მელიას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებულია გირაო და ამის ფონზე ჩაიდინა მან ახალი დანაშაული, შესაბამისად სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ბრალდებულის სათანადო ქცევა ვერ უზრუნველყო.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელიასაცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

"ინტერპრესნიუსი"