"საათის ნაცვლად გავიკეთებ" - ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება - კვირის პალიტრა

"საათის ნაცვლად გავიკეთებ" - ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება

ნიკა მელიას მონიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით მოახდენს, - აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიამ იქვე დასძინა, რომ მისთვის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გააკეთებინა... გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ალბათობა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა, იყო, თუმცა რთულია "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა. ამას ვერავინ შეძლებს დუნიაზე, მაგრამ ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, მეტიც, დამიმატეს და რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონული სამაჯურის ტარებას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ელექტრონული სამაჯური მას პოლიტიკურ და საპარლამენტო საქმიანობას ვერ შეუზღუდავს. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარეს მორალური უპირატესობა და სიმართლე აღარ არის.

"საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს, კი ბატონო, მაგრამ ეს მე ვერ შემზღუდავს. თავს არ შევიზღუდავ პოლიტიკური საქმიანობისგან, თავს არ შევიზღუდავ პარლამენტში სიარულისგან. ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი და ბიძინა ივანიშვილი არ არის დღეს ძლიერი. ბიძინა ივანიშვილი ვერ დაამარცხებს ხალხის ნებას. არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ეს ასეა. მათ მხარეს ხომ არ არის დღეს სიმართლე, მათ მხარეს ხომ არ არის მორალური უპირატესობა. პირიქით, მორალური უპირატესობისგან მთლიანად დაცვლილები არიან და ეს სტანჯავს მათ. ნებისმიერი აქტიური პოლიტიკოსის განეიტრალება უნდათ," - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დარჩა. ამასთან, მან პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა.

იხილეთ ასევე: "მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო