"კამერების მხრიდან მოპედების აღქმა არ ხდება და ისინი ხშირად არიან ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი" - კვირის პალიტრა

"კამერების მხრიდან მოპედების აღქმა არ ხდება და ისინი ხშირად არიან ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი"

"კამერების მხრიდან მოპედების აღქმა არ ხდება და ისინი ხშირად არიან მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი", - ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რაც "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოხდება მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

"2017- 2018 წლის განმავლობაში 220 ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა არის მოპედით დარეგისტრირებული, რის შედეგადაც გარდაცვლილია 3 ადამიანი. წელს სტატისტიკა მზარდია. ვინაიდან დღეს მოპედები არ რეგისტრირდება, კამერების მხრიდან მათი აღქმა არ ხდება და ისინი ხშირად არიან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი. ძალიან ბევრის აღრიცხვა ვერც ხერხდება. ისინი ისე ქრებიან საგზაო ვიზუალური სივრციდან, მათი დაფიქსირება ვერ ხდება. შესაბამისად, მათი მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. ამ მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და რეგისტრაციის შემდეგ ეს პრობლემები აღმოფხვრილი იქნება", - განაცხადა მორგოშიამ.

კანონპროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით). ამასთანავე, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

"ინტერპრესნიუსი"