”არ მინდა ვიცხოვრო უსამართლო ქვეყანაში” - კვირის პალიტრა

”არ მინდა ვიცხოვრო უსამართლო ქვეყანაში”

"შეწყალებას არასოდეს ვთხოვდი პრეზიდენტს"

"გვანცამ 21 წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს, მაგრამ..."

"ეს იყო წინასწარ განზრახული "შეცდომა"(?!)

"თორნიკეს დედა სიმართლის თქმის სანაცვლოდ შვილის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს"

სკეპტიკოსი კი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ უსამართლობასთან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა გამარჯვების შანსი და წინა პირობა თითქოს არ არსებობს. ხშირად უთქვამთ, დაწერე? იყვირე? - მერე რა, წერე და იკითხე! ხომ დაიღლები ოდესმე? მე კი არ ვიღლები და ყოველთვის, ყოველი წერილის გამოქვეყნების შემდეგ მაქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან, მას აუცილებლად ექნება შედეგი."

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილი "ამაზე მალე ატყდება განგაში", რომელიც 14 წლის გვანცა ყუფარაძის სულისშემძვრელ ისტორიას აცნობდა მკითხველს, საზოგადოებაში დიდი განსჯისა და მღელვარების საბაბი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გვანცა ყუფარაძეს თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის დაჭრაში დასდეს ბრალი.

14 წლის გვანცა გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა გვანცა ყუფარაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა. მეტიც, ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად მიუთითებდა, რომ 14 წლის კაფანდარა გოგოს არ შეეძლო 30-ზე მეტი ჭრილობა მიეყენებინა დაზარალებულისთვის. ამასთან, ბუნდოვანი იყო ჩადენილი დანაშაულის მოტივიც. ეს ამბავი იმდენად სკანდალურია, რომ ჩვენი სტატიების შემდეგ მოქალაქეებმა საინიციატივო ჯგუფი" გადავარჩინოთ გვანცა ყუფარაძე" ჩამოაყალიბეს და გეგმაც შეიმუშავეს, ხელმოწერების შეგროვებისა და საპროტესტო აქციების ჩათვლით.

"კვირის პალიტრის" ფურცლებზე დაწყებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ გვანცა ყუფარაძის საქმით ჯერ საზოგადოება,  არასამთავრობო სექტორი, მოგვიანებით კი საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. დაინტერესდნენ ნორვეგიელი ჟურნალისტები და ფრანგული პრესა, დიპლომატიური კორპუსი. პარლამენტის წევრებმა - ლევან ვეფხვაძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ აწ უკვე 18 წლის გვანცა ყუფარაძის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს.

მოძრაობა "არამ" ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჩიტიძემ კი ლევან ვეფხვაძესთან, გიორგი ცაგარეიშვილსა და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოძრაობა "არა" უახლოეს დღეებში გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებულ ახლა დეტალებს გაახმაურებს:

"ჩვენ არ დაველოდებით  გვანცა ყუფარაძის უკანონო პატიმრობის ვადის ამოწურვას. ჩვენი გამოძიების შედეგს უახლოეს ორ კვირაში გავაცნობთ საზოგადოებას და იმ მოხელეებისა და პოლიცილების გვარებს დავასახელებთ, ვისაც ამ საქმესთან დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ", - განაცხადა ლევან ჩიტიძემ. "თავისუფალი აზრის სახლმა" კი წერილით მიმართა პრეზიდენტის დედას, ქალბატონ გიული ალასანიას და პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ სანდრა რულოვსს.

ელისო კილაძე, "თავისუფალი აზრის სახლი": - ჩვენ შევხვდით ნინო ბურჯანაძეს, ეკა ბესელიასა და ინგა გრიგოლიას.

გვინდა გავმართოთ დედების აქცია გვანცას გადასარჩენად.

გვანცა ყუფარაძემ 21 წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს და პასუხი ერთხელაც არ მიუღია. ამიტომაც მივმართეთ წერილით პრეზიდენტის დედასა და მის მეუღლეს, ასევე, გიგი უგულავას მეუღლეს, რათა მათ მაინც გააცნონ გვანცას საქმე. საკუთარი თავი წარმოიდგინონ გვანცას  მშობლების ადგილას - მათი ერთადერთი არასრულწლოვანი შვილი მკაცრი რეჟიმის პირობებში იხდის სასჯელს. გვანცა ყუფარაძის საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია. ბევრი რამ გაყალბებულია.

მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო "გვანცასგან დაზარალებულ" თორნიკე ტყემალაძის დედასაც, რომელიც ჟურნალისტებთან ამბობს ხოლმე, ჩემი შვილი დაიღუპებაო. სხვისი შვილი რომ დაიღუპა, არაფერია? ნუ გაწირავთ უდანაშაულო გოგონას! თორნიკესაც მინდა მივმართო, დაიხსნას თანაკლასელი ციხიდან და საკუთარი თავი კი - სირცხვილისაგან. როგორც გავიგე, თორნიკე ტყემალაძის დედა სიმართლის თქმის სანაცვლოდ შვილის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. შევეცდებით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების მეშვეობით მოვძებნოთ რაიმე მექანიზმი მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად(!).

ჩვენ შევძელით გვანცა ყუფარაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

- გულწრფელად გეტყვით, მნიშვნელობა აღარ აქვს, შემიწყალებენ თუ არა. არც იმას, ვადაზე ადრე გამათავისუფლებენ თუ არა. ჩემთვის მთავარი ამ საქმის გახსნაა. მხოლოდ ასე თუ იზეიმებს სიმართლე. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, შეწყალებას არასოდეს ვთხოვდი პრეზიდენტს. თუმც შეწყალებას მისი კლასიკური ფორმატითაც არ ვითხოვ. პრეზიდენტის სახელზე დაწერილ ყველა განცხადებაში ვაფიქსირებ, რომ უსამართლოდ დამსაჯეს, რომ უდანაშაულო ვარ! საპატიმროში გატარებული თითოეული დღე მაძლევს უფრო დიდ სტიმულს იმისათვის, რომ ჩანაფიქრს საბოლოოდ ხორცი შევასხა. ის, რაც შემემთხვა, ჩემს თავს დატრიალებული ტრაგედია, შეიძლება ძალიან დიდ პიროვნულ რევოლუციაში გადაიზარდოს.

- რას გულისხმობთ?

- საქართველოში გამეფებულ უსამართლობას უნდა ვებრძოლო.

არ მინდა ვიცხოვრო უსამართლო ქვეყანაში, არ მინდა ვინმეს დაემართოს ის, რაც მე დამემართა, არ მინდა იფარცხებოდეს ასეთი საქმეები და უსამართლობას უსამართლობა ემატებოდეს!

იურიდიულ ფაკულტეტზე მინდა ჩავაბარო. ეს ჩემი დიდი სურვილია და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, მაგრამ ამ პოლიტიკურ რეჟიმში მოსამართლეობა საკმაოდ დიდი ამბიციაც არის და საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდვაც. შეზღუდვა იმიტომ, რომ შესაძლებლობების გამოვლენას სათანადო სივრცე სჭირდება.

- ხომ არ ნანობთ, რომ არ აღიარეთ დანაშაული, ახლა თავისუფალი იქნებოდით. პროკურატურა ხომ დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ თავისუფლებას გპირდებოდათ?

- დღეს რომ არჩევანის წინაშე ვიდგე და ვიცოდე, რას მომისჯიდა სასამართლო, მაინც არაფერს შევცვლიდი, არც არაფერს ვნანობ. ყოველთვის მქონდა ჩემი ოჯახის იმედი, მათი, ვინც მასწავლა, რა არის სიმართლე, ღირსება,  პრინციპები. მას შემდეგ, რაც თქვენმა გაზეთმა ჩემი ამბავი გაახმაურა, დამოკიდებულება ჩემ მიმართ აშკარად შეიცვალა. აქ, საპატიმროში უკვე თანაგრძნობასა და გულშემატკივრობას ვგრძნობ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ თქვენ და "კვირის პალიტრა".

- გვანცა, წელს უმაღლეს სასწავლებელში აბარებდით.

- ვაბარებდი, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ჩავაბარე. განათლების და მეცნიერების სამინისტრომ პლასტიკური ბარათი არ დამიმზადა(!).

- რა პლასტიკური ბარათი?

- ბარათი, სადაც აბიტურიენტის პირადი მონაცემებია აღნუსხული. დარეგისტრირებული კი ჯერ კიდევ იანვრიდან ვიყავი. ბოლოს კი აღიარეს, რომ ეს მათი შეცდომა იყო, მაგრამ მე სტუდენტი ვერ გავხდი.

- ეს შეცდომა იყო თუ განზრახვა? როგორც ვიცი, თუ პატიმარი უმაღლLეს სასწავლებელში ჩააბარებდა, გათავისუფლებას ექვემდებარებოდა.

- ეჭვი მეც გამიჩნდა. მერე რამდენიმე კომპეტენტურ პირსაც ვკითხე და სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდის მართებულობა დამიდასტურეს. ეს იყო წინასწარ განზრახული "შეცდომა".

www.kvirispalitra.ge

ჩვენს ინტერნეტსაიტზე გვანცა ყუფარაძის საქმეზე გამოხმაურება დღემდე გრძელდება.

MACHABELI: "საქართველოს ციხეებში უსამართლოდ ბევრი ზის გვანცას მსგავსად. ყოჩაღ მაგ გოგოს, რომ იბრძვის თავისი სიმართლის დასაცავად. ეს გაზეთი ხომ მიყვარდა, ახლა უფრო შემიყვარდა, რადგან ერთი მოზარდის გამოხსნისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს".

დათო: "გაიხარეთ ყველამ, ვისაც უსამართლობა გძულთ. ხალხო, არ გინდათ წესიერ ქვეყანაში ცხოვრება? ბავშვი ციხეში უმიზეზოდაა გამოკეტილი. მე მისი უდანაშაულობის მჯერა! არ ვიცი, გვანცა, შენს ადგილზე რას ვიზამდი, მთავარია, გამაგრდე და შენი სიმართლე დაამტკიცო. საქართველო გვერდზე გიდგას.

TEMIDA: მეტსაც უნდა ველოდოთ ამ მთავრობის ხელში. ხალხის უმეტესობას ჟურნალისტების იმედი გვაქვს სამართლიანობის გამარჯვებისათვის და არა სასამართლოსი. მადლობა აქტიურობისათვის.

დიანა: "ადრე თუ გვიან, დაისჯება დამნაშავე, ოღონდ უფრო მწარედ, ვიდრე ეს გოგო, რომელსაც მომავალი წაართვეს.