ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა
06-07-2019
ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. ობშიაკის შეგროვების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, რომელსაც ბრალი მე-17 დაწესებულებაში წარედგინა, მის მიმართ წინასასამართლო სხდომა დაინიშნა.

პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე არსებობს, სწორედ ამიტომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარეების შუამდგომლობები გირაოს შეფარდების თაობაზე და აღმკვეთი
ღონისძიების სახედ პატიმრობა იქნა გამოყენებული.

პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ქურდული სამყაროსთან რაიმე სახის კავშირს უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი
დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

"დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია წითელ ხიდზე, მაშინ როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად "ლამბო"), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად "ოსკარი", იგივე "ალესკერი"), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად "ხომეინი"), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად "გოჭი"), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად "ჯოლო"), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად "ბაჩო"), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად "წიე") და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად "ყურშა"). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად "ლერის") ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების - "გულის", მისი ძმის - ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად "ლერი" კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. "საერთოს" (იგივე "ობშიაკს") და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა დაკავებულთა შორის მყოფი ქურდული სამყაროს 5 წევრი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. "ობშიაკის" თანხა", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტებზე, რომელიც საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?