"თაღლითი შვამბლე ძებნილი კრიმინალების შავ სიაშია"(?!) - კვირის პალიტრა

"თაღლითი შვამბლე ძებნილი კრიმინალების შავ სიაშია"(?!)

ედვარდ სურმანიძე გერმანელ ბიზნესმენს მაინცდამაინც ვანო მერაბიშვილის კორპუსში აწამებდა?!

ყოფილი პარლამენტარის, სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის ექსთავმჯდომარისა და ბათუმის ყოფილი მერის, ედვარდ სურმანიძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები სასამართლო პროცესზევე ელიან. მის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, რაც 10 დეკემბერს, საქმის არსებითი განხილვის დროს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ედვარდ სურმანიძე სხვა პირებთან ერთად გერმანელი ინვესტორის უკანონოდ  დატყვევებასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 270 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მცდელობაშია ბრალდებული. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ყოფილი პარლამენტარი ბრალდებას დღემდე არ ეთანხმება. მან ფინანსთა სამინისტროს წერილიც კი გაუგზავნა, სადაც პიტერ შვამბლეზე თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

მერაბ გვილავა, ადვოკატი: "ედვარდ სურმანიძეს ბრალი არ უღიარებია და ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამას დავადასტურებთ კიდეც.

გერმანელი შვამბლე ბიზნესმენი არ არის. ერთ-ერთ ოფიციალურ საიტზე, სადაც ე.წ. კომერსანტი თაღლითების შავი სიაა წარმოდგენილი, მისი სახელი და გვარიც ვიპოვეთ. თურმე, ე.წ. ბიზნესმენი იძებნება და საიტი მთელ ევროპასა და აზიას აფრთხილებს, არავინ ენდოს. შვამბლე რომ თაღლითია, ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებთ".

ედვარდ სურმანიძე ირწმუნება, რომ პიტერ შვამბლეს მისი ვალი აქვს, რაც ნოტარიულადაც არის დამოწმებული. თავის მხრივ, შსს-ს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ ვიდეომასალაში გერმანელი პიტერ შვამბლე აცხადებს: "ისინი არარსებული ვალის გასტუმრებას მთხოვდნენ, სურმანიძე - 170 ათას დოლარს, მეურმიშვილი-ბერულავა კი - 100 ათასს.

დავპირდი, როგორც კი ფული ბანკში ჩემს სახელზე ჩაირიცხებოდა, გადავუხდიდი. საამისოდ სახლი გავყიდე კალიფორნიაში, თანხის გადმორიცხვას დრო სჭირდებოდა, მაგრამ სურმანიძემ ეს არ გაითვალისწინა, მცემა და მითხრა, რადგან დრო გჭირდება, შენს ბინაში დავრჩებით, ვიდრე თანხას არ მოიტანო. ბინის გასაღები ჩამომართვეს და კარი ჩაკეტეს. ეს 14 დღე გაგრძელდა. მერე ისევ მცემეს. სურმანიძეს თან ორი პირიც ახლდა".

ზვიად სურმანიძე: - როგორც გავიგე, ამ სახლში ვანო მერაბიშვილი ცხოვრობდა, შემდეგ სხვაგან გადასულა, მაგრამ დაცვა მიმდებარე ტერიტორიას დღემდე იცავს, ვინაიდან მთავრობის სხვა გავლენიანი წევრებიც იქვე ცხოვრობენ. ჩემი ძმა სრულ ჭკუაზე არ უნდა ყოფილიყო, რომ იქ გერმანელი ინვესტორი დაეტყვევებინა, ეცემა და ა.შ. გერმანელს ჭიაურელის ქუჩაზე ("ვერე პალასის" მახლობლად) ჰქონდა ბინა ნაქირავები, რომელიც ოფისადაც იყო მოწყობილი. შვამბლე არავის დაუტყვევებია, ამას ადასტურებენ მეზობლები და დაცვის წევრები, რომლებსაც ხმაური არ გაუგონიათ. იმას კი ხედავდნენ, რომ უცხოელები მიდი-მოდიოდნენ, ხშირად ნასვამები.

ჩვენ ისიც გავიგეთ, რომ პიტერ შვამბლეს სატელეფონო დავალიანება 4.500 ლარამდე დაუგროვებია, გადასახდელი ჰქონდა რამდენიმე თვის ქირის ფულიც.

ფული არა მხოლოდ ჩემი ძმისგან, არამედ სხვისგანაც აქვს გამოძალული. მაგალითად, პიტერ შვამბლემ და მისმა თანამზრახველებმა დიდძალი თანხა გამოსძალეს ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილსაც, როლის ჩვენებაც უკვე არის საქმეში. დაზარალებულია ბიზნესმენი მჟავანაძე, რომელსაც ბათუმში ვეძებ და ჯერჯერობით ვერ მიპოვია.

შვამბლემ ერთ-ერთ ქართულ ბანკსაც წაართვა მილიონი, რაც, ალბათ, სასამართლო სხდომაზეც გახმაურდება. შვამბლე ყველას ატყუებს, თითქოს 187 მილიარდის მფლობელია. სინამდვილეში, თაღლითია და უფრო მეტიც, ძებნილი - საშიში კრიმინალების შავ სიაშია. სხვათა შორის, ისიც დავაზუსტე, რომ შვამბლეს თაღლითური ჯგუფის სხვა წევრებმა მას შემდეგ, რაც საქართველოში აკრიბეს ფული, გაქცევა მოახერხეს. ორი ფილიპინელი იყო, ორი - გერმანელი, ერთიც, ფინანსისტი, დიეგოს სახელით ცნობილი. შვამბლე ვერ გაიქცა, რადგან ავსტრიაში რომ ჩასულიყო, დაიჭერდნენ, მის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით არის საქმე აღძრული.

- როდის დაუკავშირდა გერმანელი თქვენს ძმას და რა პროექტი შესთავაზა?

- ზუსტად არ ვიცი. თუ არ ვცდები, საქართველოში 2005 წელს ჩამოვიდა და ედვარდთან ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. შვამბლე ედვარდს ინვესტორად წარუდგინეს, ვითომ საქართველოში პროექტებში ფულის ჩადებას აპირებდა. ახლა გაირკვა, რომ თაღლითობისთვის სამჯერ ნასამართლევი ყოფილა. შვამბლე და მისი თანამზრახველები საბანკო ანგარიშებსაც აყალბებდნენ. შვამბლე იურისტია, რომელსაც, როგორც ჩანს, ქართველი სამართალდამცავები პაპუასები ჰგონია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედვარდ სურმანიძის დაკავება უკავშირდება მის საქმიანობას რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოში.

- ეს დეზინფორმაციაა. მართალია, ედვარდი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მისი დაკავება ამასთან დაკავშირებული არ არის.

- რა შეფასებას მისცემთ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ედვარდ სურმანიძემ დანაშაული ჩაიდინა და მაჭავარიანთან მეგობრობა მისთვის ალიბი ვერ იქნება?

- არ ვიცი, რა შეფასება მივცე... მიშა   მაჭავარიანი ჩვენი ოჯახის ძალიან ახლო მეგობარია  და  მას ვაფასებთ... თუმც, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს,  ადამიანი დამნაშავედ არ ითვლება.

იმედი მაქვს, ედვარდს სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლებენ. ამ გაუგებრობაში ედვარდი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ შვამბლემ უჩივლა და სამართალდამცავი ორგანოების ვალი იყო, რეაგირება მოეხდინათ.