მალაიზიური სამკუთხედი - კვირის პალიტრა

მალაიზიური სამკუთხედი

2010 წლის 1-ელ ნოემბერს,   გვიან ღამით, კოხტაშვილების ოჯახში სატელეფონო ზარი გაისმა. სტამბოლიდან რეკავდნენ - ნუ დაიჯერებთ, რასაც ტელევიზორში ამბობენ. მე არაფერში ვარ დამნაშავე, თუ მექნება საშუალება, კიდევ დაგირეკავთ, - და გიორგი (ელდარ) დავითიანმა ყურმილი დაკიდა...

28 ოქტომბერს, მალაიზიაში ქართველი ნარკოკურიერი ქალების დაკავებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა კითხვები, რა უნდოდათ დარეჯან კოხტაშვილს და ბაბუცა გორდაძეს მალაიზიაში, ან იცოდნენ თუ არა ნარკოტიკული ტვირთის შესახებ, ყველას ერთნაირად აწუხებს. 5 ნოემბერს, გაამთენიისას, გორდაძის მეუღლე გიორგი დავითიანი სტამბოლიდან ჩამოფრინდა და თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში.

მარი: დარეჯან კოხტაშვილის ქალიშვილი: - დედაჩემი და ბაბუცა მაღაზიაში ერთად მუშაობდნენ და დამეგობრდნენ. ბაბუცას მეუღლე გიორგი თურქეთში ხშირად დადიოდა. სექტემბერში დედას უთხრა, -  სტამბოლში შენთვის სამუშაო შევიგულეო. თავიდან დედა უარზე იყო, მერე იმ პირობით დასთანხმდა, თუ მასთან ერთად  თურქეთში ბაბუცაც წავიდოდა. გიორგი  დედაჩემს ეუბნებოდა, - ერთი თურქის ოჯახს მოხუცისთვის მომვლელი სჭირდება, კარგ ფულს იხდიანო.

თუმცა, რადგან მისმა მეუღლემაც გადაწყვიტა თურქეთში წასვლა, გადაწყდა, რომ დედაჩემი და ბაბუცა ჯინსების მცირე ფაბრიკაში იმუშავებდნენ... გიორგი თურქეთში გაბრუნდა. ერთ დღეს ბაბუცა ჩვენთან იყო, როდესაც გიორგიმ დაურეკა, - მალაიზიაში ვარ. ჩემი ძმაკაცი ბესო როგორც კი დაგირეკავთ, მეორე დღესვე წამოდითო. არადა, ჩვენები 25 სექტემბერს უნდა წასულიყვნენ. 10 ოქტომბერს მართლაც დარეკა ვინმე ბესომ და დედა და ბაბუცა 11 ოქტომბერს ორთაჭალის სადგურიდან სტამბოლში გავაცილეთ. ავტობუსის გამცილებელს, ეკას, ბაბუცამ უთხრა, - მე იმ გიორგის ცოლი ვარ, ჩემთან რომ რაღაცები გამოგატანაო. მივხვდი, გამცილებელი გიორგის იცნობდა.

ეკა, ავტობუსის გამცილებელი: - გიორგი ჩემი  მგზავრი იყო,  ერთხელ სტამბოლიდან ბავშვისთვის შარვლები გამომატანა - ჩემი მეუღლე ან და დაგხვდებაო. ზრდილობიანი ბიჭი ჩანდა. ავტოსადგურშიც რამდენჯერმე ვნახე. მითხრა, -"ნიზიმი"(უქმე) მაქვს და აქ გამოვდივარ ქართველების სანახავადო. სტამბოლში ჩასვლამდე გიორგიმ დამირეკა - ავტოსადგურში როდის იქნებით, მეუღლეს უნდა დავხვდეო. მართლაც, სტამბოლში გიორგი მეუღლეს და მეორე ქალბატონს დახვდა. მადლობა გადამიხადა, - ჩემს მეუღლეს მგზავრობისას ყურადღება რომ მიაქციეო და დამემშვიდობა. მას მერე თვალიც არ მომიკრავს. გამიკვირდა კიდეც...

მარი: - სტამბოლიდან დედა სკაიპით ყოველდღე მელაპარაკებოდა, ტიროდა, - მენატრებითო.  ბოლოს ბებიას ელაპარაკა, - სამსახური ვერ ვიშოვე და დაბრუნებას ვაპირებო. 28 ოქტომბერს ტელევიზიით გავიგეთ, რომ მალაიზიაში დაეკავებინათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენებმა არ იცოდნენ, რომ ნარკოტიკები გადაჰქონდათ. დედა ამას არასოდეს გააკეთებდა. იმდენი ვალიც არ გვქონდა, ფულის გულისთვის ასე მოქცეულიყო. არც ბაბუცას ეცოდინებოდა რამე, გიორგიზე ვერაფერს გეტყვით.

დაკავებულები მალაიზიელ სამართალდამცავებთან საუბარში ამბობდნენ, რომ ჩანთები მათ კამერუნში უცნობმა მამაკაცმა მიაწოდა და  მალაიზიაში წაღება სთხოვა.

თუმცა გიორგიმ ტელეფონით სიდედრს უთხრა, - ჩანთები მე გავატანე სტამბოლიდანო. სტამბოლის აეროპორტი ლოს-ანჯელესის აეროპორტის შემდეგ ყველაზე დაცულია ნარკოტიკებისგან. მგზავრების ბარგს სხვადასხვა მრავალშრიანი აპარატურით ამოწმებენ და ნაკლებია შანსი იმისა, რომ ნარკოტიკმა საბაჟო კონტროლი არ გაიაროს; ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ 11 კგ ამფეტამინი სტამბოლის აეროპორტში უსაფრთხოდ გადაეტანათ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ნარკოტიკული ტვირთი საბაჟო კონტროლს გვერდს აუვლის, რაც ნარკოსაქმოსნებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

თუ ასეა, მაშინ საქმე დიდი გამოცდილების მქონე ნარკოდანაშაულებრივ ჯგუფთან გვქონია. თუ თვითმფრინავამდე ტვირთი უსაფრთხოდ მივიდოდა, მას მეორედ მხოლოდ კუალალამპურის (მალაიზიის დედაქალაქი) აეროპორტში შეამოწმებდნენ, რადგან ტრანზიტული რეისის დროს ტვირთი არ მოწმდება.

მალაიზიაში ჩასულ ნებისმიერ მგზავრს ადგილობრივი პოლიციელები ღიმილით აფრთხილებენ, რომ თუ რამდენიმე გრამი ნარკოტიკი მაინც აღმოაჩნდებათ, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. მოუწოდებენ, ნებაყოფლობით ჩააბარონ ნარკოტიკები და ამით პრობლემები თავიდან აიცილონ. ჩანს, ქართველმა ქალბატონებმა მართლაც არ იცოდნენ, რა გადაჰქონდათ, ან უბრალოდ, ენის უცოდინარობის გამო ინფორმაციის შინაარსი ვერ გაიგეს.

კამერუნული ვერსია საეჭვო ხდება შემდეგი გარემოებების გამო: როდესაც უცნობები მგზავრებს ჩანთის ან სხვა ნივთების წაღებას სთხოვენ, აუცილებლად უდასტურებენ, რომ მათ აეროპორტში ვინმე დახვდებათ და ნივთებს ჩაიბარებს. ისინი დანიშნულების ადგილამდე ტვირთის მიტანას, როგორც წესი, არ ითხოვენ.

ჩვენს შემთხვევაში რომელი ჭკუათამყოფელი გარისკავდა ორი ქალბატონისთვის, რომლებიც მალაიზიაში პირველად მიდიოდნენ და ენაც არ იცოდნენ, მიენდო ასეთი ძვირად ღირებული ტვირთი (ამფეტამინები 3 მლნ დოლარის ღირებულებისა იყო)? ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო: თუ დაინტერესებულმა პირმა წინასწარ იცოდა ამ ქალბატონების შესახებ და ურთიერთობაც მათთვის გასაგებ ენაზე მოხდებოდა.

როგორც მალაიზიური პრესა იუწყება, დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად აიყვანეს, სავარაუდოდ, მალაიზიელ პოლიციელებს ტვირთის შესახებ წინასწარი ინფორმაცია ჰქონდათ.

როგორც ქართული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, ნარკოტრაფიკში შეიძლება ჩართული იყოს გიორგი დავითიანის მეგობარი ვინმე ბესო მარუაშვილი, ამერიკელი მიხაილი და თურქეთის ერთი მოქალაქე. შესაძლოა გაირკვეს მალაიზიელი "პარტნიორების" ვინაობაც. ჩანს, საქმე გვაქვს ქართულ-თურქულ-ამერიკულ-მალაიზიურ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომლის მსხვერპლიც ქართველი ქალბატონები აღმოჩნდნენ. მალაიზიაში სასამართლო პროცესები კიდევ ერთი თვე გაგრძელდება.

P.S. იმედია, ჩვენი ქვეყნის აქტიური ჩარევით მოხერხდება ქალბატონებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. მათ უფლებებს მალაიზიელი ადვოკატები დაიცავენ.

ეს უნდა ვიცოდეთ

ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლის დროს ნუ გადავიტანთ სამედიცინო პრეპარატებს, ადგილზე შეიძლება ისინი ლეგალურად სააფთიაქო ქსელში იყიდებოდეს, მაგრამ იქ, სადაც მივემგზავრებით, აკრძალული იყოს ან თავად პრეპარატი, ან მისი  შემადგენელი ინგრედიენტი.

მოვერიდოთ სხვისი ნივთების წაღებას, მაგრამ თუ უარს ვერ ვეუბნებით, დავაკვირდეთ, ხომ არ აქვს სადეზინფექციო ნივთიერების სუნი - ხშირად ნივთებს ნარკოტიკებით ჟღენთენ და შემდეგ სპეციალიზებულ ხსნარს ასხამენ, დაგეშილმა ძაღლებმა სუნი რომ ვერ აიღონ.

ყურადღებით დავათვალიეროთ ტანსაცმლის ნაკეცები - ძირითადად იქ მალავენ ნარკოტიკებს.

თუ მიხვდებით, რომ მოგატყუეს და უნებლიეთ ნარკოკურიერი აღმოჩნდით, შეატყობინეთ სამართალდამცავებს.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, მალაიზია, სინგაპური, ვიეტნამი და ტაილანდი, ნარკოტიკების კონტრაბანდა სიკვდილით ისჯება.