"არ მინდა, ჩემზე იძახონ, ეს ტერორისტის მამააო - ვითხოვ ერთ რამეს, აღიარონ ამ ქვეწარმავლებმა, რომ ბინა შეეშალათ" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩემზე იძახონ, ეს ტერორისტის მამააო - ვითხოვ ერთ რამეს, აღიარონ ამ ქვეწარმავლებმა, რომ ბინა შეეშალათ"

ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ხალხს მიგზავნიან და მეუბნებიან, დიახ, ეს შეცდომა იყოო, თუმცა ამის აღიარება არ მოხდებაო, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან, მისი შვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მაჩალიკაშვილი დღეს გენერალურ პროკურატურასთან მივიდა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა ის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება წინ არ წასულა.

"პროკურატურამ 6 მაისს გაავრცელა განცხადება და პარლამენტთან ერთად პირობა დადო, რომ 2 თვის განმავლობაში დაიდებოდა შემაჯამებელი დასკვნა თემირლანის საქმეზე, თუმცა 2 თვეზე მეტი გავიდა და არანაირი დასკვნა არ დაუდია პროკურატურას. არანაირი გამოძიება ამ საქმეზე არ მიმდინარეობს, უბრალოდ ხდება დროის გაწელვა. არასდროს ამ ხელისუფლების პირობებში ესენი არ იტყვიან, რომ დიახ, ჩვენ დავაშავეთ. ამ სახელმწიფოს ბოროტ სისტემაში იმაზე საუბრობენ, რომ შეცდომის აღიარება არ იქნება და დანარჩენზე ყველაფერზე წავლენ. ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ხალხს მიგზავნიან და მეუბნებიან, რომ დიახ, ეს შეცდომა იყოო, თუმცა ამის აღიარება არ მოხდებაო," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით," ქართული ოცნება" მოსკოვის მიერ დაფუძნებული პარტიაა და სწორედ ამიტომ მისნაირ ადამიანებს ამ ხელისუფლების პირობებში სამართლის პოვნა გაუჭირდებათ, თუმცა, მისივე თქმით, ის აუცილებლად აღიარებინებს "ამ ბოროტ და არარაობა ხელისუფლებას დაშვებულ შეცდომას".

"მე არ მინდა, რომ ჩემს შვილზე იძახონ ტერორისტი იყოო და ჩემზე ეს ტერორისტის მამააო. გააგებინეთ ხალხს, რომ მე არ ვარ ტერორისტის მამა და თემირლანი არათუ ტერორისტი, არამედ ეჭვმიტანილიც რომ არ ყოფილა. მე ვითხოვ ერთ რამეს, აღიარონ ამ ქვეწარმავლებმა, რომ ბინა შეეშალათ," - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"