"ქუჩიდან შემოდიოდა ბიჭების კამათის ხმა, შემდეგ კი აფეთქების ხმა გავიგონეთ" - რას ყვება თვითმხილველი ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე - კვირის პალიტრა

"ქუჩიდან შემოდიოდა ბიჭების კამათის ხმა, შემდეგ კი აფეთქების ხმა გავიგონეთ" - რას ყვება თვითმხილველი ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებს ყვებიან.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, თავდაპირველად საცხოვრებელ კორპუსთან, ქუჩაში, ისმოდა კამათის ხმა, კამათიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი მოხდა აფეთქება.

"ქუჩიდან შემოდიოდა ბიჭების კამათის ხმა, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი აფეთქების ხმა გავიგონეთ. როდესაც გამოვიხედე ჩოჩქოლი იყო, ბიჭები იდგნნენ და დაჭრილებს ეხმარებოდნენ. 3 დაჭრილიდან ორი უგონო მდგომარეობაში იყო და შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს," - აცხადებს თვითმხილველი ვერიკო კუპრეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.

"სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად", - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დაშავებულებს, სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთს წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, ყველაზე მძიმედ დაშავებულს ჭრილობები ორივე წვივისა და მარჯვენა მტევნის არეში აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა არამაგისტრალური სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები.

"პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. მას აღენიშნებოდა ლითონის უცხო სხეულები ჭრლობების არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება", - განაცხადა ქირურგმა.

"ინტერპრესნიუსი"