65 წლის მამის მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცი შეურაცხადია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში? - კვირის პალიტრა

65 წლის მამის მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცი შეურაცხადია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებული შვილი, 37 წლის სოსო ცერექაშვილი კომპლექსური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეურაცხადად იქნა ცნობილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოსო ცერექაშვილი მკვლელობის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა. ექსპერტიზის დასკვნით, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, სოსო ცერექაშვილს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

აღნიშნული გარემოება ბრალის გამომრიცხავი ფაქტორი და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია.

სოსო ცერექაშვილს ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 4-წლიანი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, ცერექაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობდა.

შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოსო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"