"შურისძიების მიზნით, ზედა სართულიდან ხელყუმბარა ჩამოაგდო" - ვარკეთილში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

"შურისძიების მიზნით, ზედა სართულიდან ხელყუმბარა ჩამოაგდო" - ვარკეთილში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარის ჩამოგდების ფაქტზე და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრლდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, ზედა სართულიდან ხელყუმბარა ჩამოაგდო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო "რგდ"-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"