როცა კანონი არ არსებობს... - კვირის პალიტრა

როცა კანონი არ არსებობს...

"ჭკვიანად იყავით, თორემ ადეიშვილი ჩემი რძლის ახლო ნათესავია და მე ვიცი, რასაც გიზამთ"

საქართველოში არცთუ იშვიათად დაზარალებული თავად ხდება ბრალდებული. საქმე ის არის, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში უშედეგო სიარულით დაღლილი და სრული დაუცველობის სინდრომით შეპყრობილი მოსახლეობა გადაწყვეტილებას იღებს, თავად აღადგინოს სამართლიანობა და პროკურატურის, პოლიციისა და სასამართლოს ფუნქციები იტვირთოს. შემთხვევა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გურჯაანის რაიონში მოხდა, მეტად საგულისხმო და ტრაგიკულია.

მართალია, გურჯაანელი პაპალაშვილების ბაღი პირწმინდად გაკრიფეს, მაგრამ საბრალდებო სკამზე მათი ბაღის ქურდი კი არა, თავად მამა-შვილი პაპალაშვილები დასხდნენ. მათ 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

2009 წლის 12 აგვისტოს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა გივი და ალეკო პაპალაშვილებმა რომ ნახეს, მათი ბაღი ერთიანად გაეკრიფათ, სცადეს, გაერკვიათ, ვინ იყო მათი "მოსავლის ამღები". ალეკო პაპალაშვილმა მათი ნაკვეთის ახლოს საზამთროთი მოვაჭრე ნიკო ომსარაშვილს მიაკითხა, რომელმაც უთხრა, რომ წინა საღამოს პაპალაშვილების ნაკვეთთან სოფელ გურჯაანში მცხოვრები იოსებ კოჭლამაზაშვილის ავტომანქანა "ზილი" შენიშნა.

დაზარალებულებს ქურდობის ამბავი პოლიციაში არ განუცხადებიათ. გადაწყვიტეს, თავად ესწავლებინათ ჭკუა კოჭლამაზაშვილისთვის. 13 აგვისტოს შეხვდნენ, ავტომანქანაში ჩაისვეს. გივი პაპალაშვილმა რკინის ჯაჭვით მარცხენა ხელით მიაბა მანქანის უკანა სავარძელზე, თან ემუქრებოდნენ თვალების დათხრით, ყურების დაჭრითა და დაწვით. მოითხოვდნენ 1500 კილოგრამი ატმის საფასურის - 1.000 ლარის დაუყოვნებლივ მიტანას. კოჭლამაზაშვილმა  ქურდობა იუარა, ამის პასუხად გივი პაპალაშვილმა ბრტყელტუჩათი ფრჩხილი წააცალა. ნაწამები და დაბმული კოჭლამაზაშვილი დათანხმდა 1.000 ლარის მიტანაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლა იგი მამა-შვილმა.

ანიკო პაპალაშვილი: - სოციალურად დაუცველ ფენას მივეკუთვნებით, არაფერი გვაბადია. ჩემი ბიჭი ალექსანდრე ავად არის, საოპერაციოა. ნათესავს შევეცოდეთ და  ვაშლატამას ბაღი მოგვცა, გვითხრა, მოუარეთ და რასაც მოიწევთ, თქვენი იყოსო. სამი თვის დახმარება ერთად მოგვცეს და იმ ფულით შევწამლეთ ბაღი. ერთ დღეს კი ალექსანდრეს სიმწრით მოწეული  მოსავალი დაკრეფილი დახვდა. მხოლოდ ერთი ძირი დაეტოვებინათ, ისიც მკვახე. ბიჭმა  გაიკითხ-გამოიკითხა და უთხრეს, წუხელ ღამით შენს ნაკვეთთან მთელი ღამე სოსო კოჭლამაზაშვილის მანქანა იდგა და მხოლოდ დილით წავიდაო.

- მხოლოდ ამის გამო მიიტანეთ ეჭვი კოჭლამაზაშვილზე?

- რა თქმა უნდა, არა. სოფელმა ყველაზე უკეთ იცის, ვინ რისი გამკეთებელია. კოჭლამაზაშვილს რეპუტაცია აქვს ეგეთი. თანაც საქმე ის იყო, რომ კოჭლამაზაშვილის მანქანა იქ არ უნდა მდგარიყო, მას ნაკვეთი სულ სხვა გზაზე აქვს. იმ დღეს ნაწვიმარი იყო და როცა ჩემი შვილი ბაღში ჩავიდა, "ზილის" ნაკვალევიც აშკარად ეტყობოდა მიწას.

ისიც გავიგეთ, რომ ატამს ბაზარში მეორე დღეს სწორედ კოჭლამაზაშვილი ყიდდა.

- მაგრამ ატამი მარტო თქვენს ბაღში ხომ არ მოდის?

- კოჭლამაზაშვილებს ატმის ბაღი არა აქვთ. რამდენიმე ხანში ჩემი ქმარ-შვილი ვენახში ჩავიდა ბალახის გასათიბად. იქ შეხვდათ კოჭლამაზაშვილი... დაინახა თუ არა ესენი, ყანაში დაიმალა. მაშინ კი გაეკიდნენ და დაიჭირეს. ჩაისვეს მანქანაში და გზაში მანქანაც გაუფუჭდათ. კოჭლამაზაშვილი გაურბოდა და ამიტომაც დააბეს ჯაჭვით. პოლიციაში მიჰყავდათ, მერე  ბაღის პატრონთან მიიყვანეს.  ამას ხმა არ ამოუღია... აღიარა, მე მოვიპარე, ოღონდ პოლიციაში ნუღა წამიყვანთო. ალალი კაცის ამბავი ხომ იცით, ვერ გაიმეტეს დასაჭერად. ჩემმა მეუღლემ იფიქრა, ატმის გულისთვის კაცი როგორ დავაჭერინოო და პოლიციამდე მისული უკან დაბრუნდა. სამაგიეროდ, ეს ქურდი წავიდა და იქით უჩივლა. მთელი სოფლის თვალწინ დაწერა ხელწერილი, სოფლის თვალწინ გაიძახოდა, მე მოვიპარეო... თუ უდანაშაულო იყო, სოფელი აქ არ იყო? ერთი სიტყვა მაინც დაეძრა, ხალხო, მიშველეთ, უდანაშაულო ვარ და ტყუილად მდებენ ბრალსო.

- პოლიციას რატომ არ მიმართეთ?

- სად არის ან კანონი, ან სამართალი ჩვენისთანა ხალხისთვის? სოფელი ქურდობამ წალეკა და პატრონი კი არა გვყავს. პოლიცია რომ თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტომაც არი, რო ხალხი თვითონ ეძებს სამართალს. ვთქვათ, კოჭლამაზაშვილი დამნაშავე არ არის, მაშ პოლიციამ მოძებნოს ქურდი. პატიოსანი კაცის საშველი არ არის. რამდენჯერ გაგვქურდეს, რამდენჯერ შევიტანეთ პოლიციაში განცხადებები და მერე რა? არც კი მოვიდნენ... რო ამბობენ, გეჩივლათ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგემართათო, როცა მივმართეთ, რა გამოვიდა?

ნინო ოდიშელიძე, სოფელ გურჯაანის მკვიდრი: - ჩემი ყურით გავიგონე და ჩემი თვალით დავინახე, როგორ გაიძახოდა კოჭლამაზაშვილი, მე მოვიპარე, საფასურს დავაბრუნებო. ნახევარი სოფელი იქ ვიყავით... უსიტყვოდ დაწერა, მოვიპარე და ფულს მოვიტანო. მიკვირდა, ეს უსირცხვილო არც უარობს-მეთქი... ეს ამბავი მეზობელ სოფელში, კალოუბანში მოვყევი და კაცებმა თქვეს, ეგ სუ ეგრე აჩანაგებს სოფელს და პატრონი კი არსად ჩანსო. მთელმა სოფელმა იცის, ვინ ვინ არი და მაინც კიდე თავისუფლად დადის ეგ კაცი. ეს ხალხი გაქურდეს, გააუბედურეს და კიდე ესენი ჩაამწყვდიეს ციხეში. დილიდან საღამომდე შრომობდა მამა-შვილი და ციხეში კი გამოამწყვდიეს. ეს არის სამართალი?

ნინო ხუროშვილი, სოფელ გურჯაანის მკვიდრი: - გივი პაპალაშვილს მთელი სოფელი "სოფლის მალამოს" ეძახის. ყველა გაჭირვებულის შემწე და დამხმარე იყო და ვინ იფიქრებდა, პატიოსან კაცს ეს დღე მოეკიდებოდა? კაცს ნაამაგარი მოჰპარეს და კიდე აქეთ დაიჭირეს.

სოსო კოჭლამაზაშვილი: - არ უარვყოფ, რომ ხელწერილი ჩემი დაწერილია. ჯაჭვით დამაბეს, მცემეს და ხელწერილს კი არა, რას არ დავწერდი, ოღონდ თავი დამეხსნა...

- სოფელი იქ იყო და რატომ არ თქვით, რომ დამნაშავე არ იყავით?

- აზრი არა ჰქონდა. სოფელი მაშინაც იქ იყო, როცა დამიჭირეს და ჯაჭვით მაბამდნენ, მაგრამ ერთ კაცსაც არ გაუნძრევია თითი.

- რატომ არ გამოგექომაგათ სოფელი? რატომ მიიტანეს ეჭვი პაპალაშვილებმა მაინცდამაინც თქვენზე?

- რა ვიცი? ეგ სოფელს და პაპალაშვილებს უნდა ჰკითხოთ. მაგათ ჩემთვის ფულის დაწერა უნდოდათ, შურდათ ჩემი, შენ რატო გაქვს და მე რატო არა მაქვსო. შენა ხარ ქურდიო, დამაჩემდა, პოლიციაში უნდა მიგიყვანო და იქ გავარკვევთ ყველაფერსაო. მერე შუა გზიდან დაბრუნდა, მე პოლიციის კაცი არა ვარო.

ჩვენს საუბარში იოსებ კოჭლამაზაშვილის დედაც ჩაერთო:

- ვის რას უშავებს ჩემი შვილი? სცემეს, დააბეს და აქეთ ლაფს გვასხამთ პრესაცა და ტელევიზიაც? ჭკვიანად იყვნენ სუყველა, თორე ადეიშვილი ჩემი რძლის ახლო ნათესავია და მე ვიცი, რასაც გიზამთ.

- რომელი ადეიშვილის? (გაკვირვებით ვიკითხე - ავტ.).

- აი, ისა ზურა, უშიშროების უფროსი რო არი.

- ააა, ადეიშვილი თუ თქვენი ახლობელია, მაშინ გასაგებია...

ჩვენ  კომენტარი ვთხოვეთ გურჯაანის პროკურორს გელა ლაზაშვილს: - შემთხვევა მართლLაც განსაკუთრებულია, მაგრამ არც ერთ მოქალაქეს არა აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც პაპალაშვილები მოიქცნენ. ადამიანის ჯაჭვით დაბმა არ შეიძლება.

- სოფელი ამბობს, რომ ეს კაცი ქურდობაში არაერთხელ შეუნიშნავთ...

- ყველაფერს მტკიცებულება სჭირდება. ჭორების საფუძველზე ნამდვილად ვერ დავიჭერთ კაცს.

- სოფელი იმასაც ჩივის, რომ სამართალდამცავი ორგანოები არათუ ეხმარებიან ნაქურდალის პოვნაში, მომხდარით არც ინტერესდებიან ხოლმე.

- არ ვიცი, ასეთIი განცხადებებით ჩვენთვის არავის მოუმართავს...

P.S. არავინ უარყოფს, რომ სამართლებრივად  პაპალაშვილებს უფლება არ ჰქონდათ ქურდობაში ეჭვმიტანილი კოჭლამაზაშვილისთვის განაჩენი თავად გამოეტანათ, მაგრამ, ეტყობა, ეს სასოწარკვეთილი კაცის მცდელობა იყო, როგორმე აღედგინა ფეხქვეშ გათელილი ღირსება და უფლება არსებობისა.