"ქმარი მეუღლეს მკვლელობის მცდელობაში ამხელდა, საყვარელი კი ირწმუნებოდა, რომ ქალმა ის ინტრიგაში გახვია"
"ქმარი მეუღლეს მკვლელობის მცდელობაში ამხელდა, საყვარელი კი ირწმუნებოდა, რომ ქალმა ის ინტრიგაში გახვია"
იმ წლებში ამ დანაშაულზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა. მსხვერპლი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, ცოლი კი ქმრის მკვლელობის მცდელობაში ამხილეს. რადგან მკვლელობის გარეშე ჩაიარა დანაშაულმა, ბრალდებული ქალი დიდ სასჯელს გადაურჩა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა, ქალი ციხიდან გამოვიდა... თავის დროზე დიდი ხმაურითა და სკანდალებით იხილებოდა უზენაეს სასამართლოში აღნიშნული საქმე. ორივე მხარეს ძლიერი ადვოკატები იდგნენ, ამიტომ პროცესები სამართლებრივადაც ძალზე საინტერესო იყო.

ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა პოლიციის განყოფილებში სცადა. გაირკვა, რომ ის პოლიციელებს ქმრის მკვლელობის მცდელობის
საქმეზე ჰყავდათ დაკითხვაზე მიყვანილი.

გამოძიების კითხვების შემდეგ ქალმა ვენები გადაიჭრა. გაიგო, რომ ქმარმაც იცოდა ყველაფერი და შესაძლოა, ბრალი წაეყენებინათ. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბოლოს უმძიმესი ბრალდებით იჯდა საბრალდებო სკამზე. ვითარებას ისიც ამძაფრებდა, რომ ფაქტი თბილისში საკმაოდ ცნობილ ოჯახში მოხდა. ამიტომ მათ სახელებს შეგნებულად არ ვასახელებთ. რაც
ყველაზე მძიმე იყო ალბათ ახალგაზრდა ქალისთვის, სასამართლო პროცესზე მას, როგორც ქმარი, ასევე საყვარელი მამაკაცი დაუპირისპირდა. ქმარი მკვლელობის მცდელობაში ამხელდა, საყვარელი კი ირწმუნებოდა, რომ ქალმა ინტრიგაში გახვია. ორივე მამაკაცს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

გამოძიების მტკიცებით, იმ დღეს ქალმა საყვარელი მამაკაცი ქმრის განზრახ მოკვლის მიზნით მიიყვანა სახლში და იგი ერთ პატარა ოთახში დაღამებამდე გამოკეტა. ქალის გეგმა ასეთი იყო: ქმარს როცა ღრმად ჩაეძინებოდა, საყვარელს უნდა მოეკლა. კაცის ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ ცოლს მეორე ნახევრის მკვლელობა ანგარებით სურდა, რათა ბიზნესმენი ქმრის ქონება ჩაეგდო ხელში.

საქმის მასალების მიხედვით, ქალი გათხოვებამდე მეგობრობდა ერთ მამაკაცთან, ისინი ერთი პროფესიის იყვნენ და მოსკოვში სწავლობდნენ. მერე ქალი ზაზას გაჰყვა ცოლად. ერთ დღეს თვითმფრინავში ერთმანეთს ისევ შემთხვევით შეხვდნენ, ტელეფონის ნომრები გაცვალეს და მოსკოვში განაახლეს ურთიერთობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალგაზრდა ქალის მეუღლე ბიზნესმენი იყო, ამიტომ მას ხშირად უწევდა ცოლის მარტო დატოვება. საქმის მასალების მიხედვით, მარტო დარჩენილმა ქალმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ყოფილ მეგობართან და ისე შეტოპეს, ერთად ცხოვრებაც კი გადაწყვიტეს. ქალი არწმუნებდა, ქმარს ავუხსნი, სხვა რომ მიყვარს და ერთმანეთს დავშორდებითო. იმ დღეს ქალი საყვარელ მამაკაცს ქუჩაში შეხვდა და უთხრა, დღეს გავარკვევ სიტუაციას და მოგვიანებით ბინაში მომაკითხეო. დათომ ის თავისი მანქანით მიიყვანა სახლში, ქალმა სახლში შეიყვანა, საკუჭნაო ოთახში ჩაკეტა და დაელოდა ქმრის დაბრუნებას. მოგვიანებით, ზაზა სახლში დაბრუნდა. ცოლმა ნაყინი და ცივი ყავა მოუმზადა, მასში საძილე წამალი ჩაუყარა და ქმარს ჩაეძინა. ქმრის ჩვენებით დადგენილია, რომ ძილში ის ნემსების ჩხვლეტას გრძნობდა.

როცა ყველაფერი გამჟღავნდა და გაანალიზა მომხდარი, დაასკვნა, ალბათ ჩემი ცოლი ამოწმებდა წამლის მოქმედების ხარისხსო. როცა დარწმუნდა ქალი, რომ ქმარი ურეაქციოდ გახლდათ, შევიდა იმ ოთახში, სადაც საყვარელი იყო, მას ქმრის იარაღი მისცა და უთხრა, ამაზე უკეთეს მომენტს ვერ იპოვი, მიდი და მოკალიო. მამაკაცმა უარი უთხრა, იარაღი უკან დაუბრუნა. ისინი წაკამათდნენ. ამ დროს გაბრაზებულმა ქალმა თვითონ აიღო ხელში იარაღი და საყვარელს უთხრა, ლაჩარი ხარ, თუ შენ არ შეგიძლია, ამას ახლა მე გავაკეთებო. ქალს ღამის პერანგი ეცვა უკვე, თითქოს დასაწოლად იყო გამზადებული. ეტყობა ასე იქმნიდა ალიბს. წაკამათდნენ და ორივე იმ საძინებელში აღმოჩნდა, სადაც ზაზას ეძინა.

ზაზა თავის ჩვენებაში ამბობდა, მოულოდნელად ორი ადამიანის დაწოლა ვიგრძენი, ბეჭებსა და ფეხებში მაწვებოდნენ და მგუდავდნენო.

ზაზას ჩვენებიდან:
"ამ ჯაჯგურის დროს მოვახერხე ბალიშზე თავი გადამეტრიალებინა და უცებ იარაღის მოდება ვიგრძენი. ახლა იარაღს დავეჯაჯგურე და ხელში ჩავიგდე. ვიგრძენი ხელის სინაზე, მივხვდი, რომ ეს მამაკაცის ხელი არ იყო, ხელზე ბეჭედი ეკეთა, წავართვი იარაღი და მე გავისროლე. მერე შუქიც ავანთეთ და ვნახეთ ჩემთვის უცნობი მამაკაცი მუცელში იყო დაჭრილი, შემდეგ შევამჩნიე რომ ის მარტო იყო, ხელში სხვა იარაღი არ ჰქონდა და არ იყო მოსალოდნელი თავდასხმა. ვიყვირე, რამდენი ხართ-მეთქი, მეგონა დასაყაჩაღებლად მოვიდნენ".

ქალმა გაითამაშა, რომ არაფერი იცოდა და ახლა ქმრის დარწმუნება სცადა, რომ მომხდარი პოლიციისთვის არ ეცნობებინა. უთხრა, ეს კაცი დაჭრილია, გარეთ გავუშვათ და პოლიციასთან უსიამოვნება ასე ავიცილოთო. იმანაც დაუჯერა ცოლს, ქალმა კი ამით საყვარელი სიკვდილისგან იხსნა. გარეთ გაიყვანეს და ამის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში წავიდა. იქ მას ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მიმღებში სხვა სახელი და გვარი თქვა. ეტყობა, თავი დაიზღვია, რომ მისი კვალისთვის არ მიეგნოთ. მეორე დღეს ზაზამ დაიწყო თავდამსხმელის ძებნა. დადიოდა კლინიკებში და დაჭრილის ვინაობას ადგენდა. პარალელურად, ქალი დადიოდა კლინიკებში, ვერსად იპოვა საყვარელი მამაკაცი და ბოლოს ტელეფონზე დაურეკა. გაიგო, რომ დაჭრილი სხვა სახელითა და გვარით იყო დაფიქსირებული.
დაჭრილი მამაკაცი თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ მას ქალმა კლინიკაში რამდენჯერმე მიაკითხა. დაჭრილის მშობლებმაც გაიგეს მომხდარს, საქმიდან ირკვევა, რომ ისინი წლების განმავლობაში იცნობდნენ ქალს და თავის დროზე  მათი ქორწინების წინაღმდეგი იყვნენ.

ოჯახი მამაკაცის სანახავად მისვლას უკრძალავდა ქალს. მიუხედავდ იმისა, რომ ოჯახს პოლიციისთვის არ მიუმართავს, მომხდარი მაინც გახმაურდა და ამის შემდეგ პოლიციაში დაკითხვაზე მიიყვანეს დაჭრილი მამაკაცი. მან ჩვენება მისცა,  როგორც ამბობენ, მამაკაცმა პოლიციელების თვალწინ ზაზას მიაწოდა მისი ბინის გასაღები და უთხრა, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს, მისი მოკვლა არ უნდოდა და არც ის დაუმალა, რომ მისმა ცოლმა მოატყუა...

დაჭრილი მამაკაცი ამბობდა, რომ ბრალდებულ ქალს და მას ერთმანეთი უყვარდათ:

"იმ დღეს დამიკავშირდა და მითხრა, დღეს ჩემს ქმარს ყველაფერს ვეტყვი, დავამთავრებ მასთან ურთიერთობას და შენ ჩემს სახლში დღეს უნდა მოხვიდეო... მეც მივედი, რამდენიმე ხნით ჩამკეტა პატარა სათავსოში, რამდენიმე საათში წყალი შემომიტანა და მითხრა, მალე ყველაფერი დამთავრდებაო. გვიან ღამით შემოვიდა, მომცა იარაღი და მითხრა, ამაზე უკეთესი მომენტი ჩვენ არ დაგვიდგება, ჩემი ქმარი მე და შენ ერთად უნდა მოვკლათო. უარი ვუთხარი, იარაღი უკან დავაბრუნე, ვიჩხუბეთ და გაკაპასებულს უკან გავყევი. ასე აღმოვჩნდი მათ საძინებელ ოთახში, ვხმაურობდით, ატეხილ ხმაურზე გამოეღვიძა მის ქმარს, რომელმაც ცოლს შემართული იარაღი წაართვა და მე მესროლა. პირველივე გასროლაზე დამჭრა. ერთად ჩამიყვანეს ორივემ ეზოში, მერე წავედი საავადმყოფოში, იქ რომ ვიწექი რამდენჯერმე მინახულა, მე დანაშაულის ჩადენა არ მქონია დაგეგმილი, ამან მომატყუა".

ქალი პირიქით, დაზარალებულ საყვარელს ამხელდა და ირწმუნებოდა, რომ ის მის სახლში შეიპარა.

"ეს საქმე თავისებურად ამაზრზენია ქართული მენტალობისთვის, მაგრამ ქალი არ თვლის, რომ იმ კაცთან ურთიერთობა გატაცება იყო. ის ცდილობდა ქმარს გაშორებოდა, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც მისაღები იქნებოდა ოჯახისთვის და პატარა ბავშვისთვის, რომელიც ჰყავდათ. ქმარს ცოლთან მუდმივად ყოფნის საშუალება არ ჰქონდა, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ეს გამოიყენა იმ მამაკაცმა და არწმუნებდა ქალს, რომ მის ქმარს სხვა ცოლი ჰყავდა. მანაც დაიჯერა, არადა ეს არ იყო სიმართლე. დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მერე ვერ ჩამოიშორა გზიდან, არადა ქალი ცდილობდა ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა მასთან, ის კი ემუქრებოდა. შენ თუ არ ეტყვი მე წავალ და მე ვეტყვი შენს ქმარს ყველაფერსო..." - აცხადებდა სასმართლო სხდომებზე ბრალდებული ქალის ადვოკატი.

ბრალდებული ქალი კატეგორიულად უარყოფდა ქმრის მკვლელობის დაკვეთას და დანაშაულს არ აღიარებდა, მაგრამ მოსამართლემ დამნაშავედ ცნო... ის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს.

ჟანა დარკი.
18 ივლისი 2019 05:59
ა! ქართველი უსაქმურების საღადაო თემა.
ტარას ბულბა
17 ივლისი 2019 10:18
ვიცი ვინც არის თქვენი კომენტარი არ ჩანდა გუშინ (მაროკოს) და ისედაც მივხვდი
ნინო
17 ივლისი 2019 08:31
tsiko-ს ნამდვილად გამოიცანით . ქმართან ცხოვრობს

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?