"მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის წლისთავზე მის საფლავზე თავი მოიკლა, ახლა კი ოჯახს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს..."
"მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის წლისთავზე მის საფლავზე თავი მოიკლა, ახლა კი ოჯახს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს..."
ფოტო:გიორგი ბეშქენაძე
მე-13 მსხვერპლი

16 ივლისს გიორგი ბეშქენაძე 16 წლის გახდა. თურმე დიდხანს ოცნებობდა, ოქროს დაბადების დღე აღენიშნა. სამწუხაროდ, ოცნება აუსრულებელი დარჩა. დაბადების დღეს სამსახურში მივიდა, თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიაში...

გიორგი ბეშქენაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ გვიმრიანში დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ მძიმე სოციალური პირობების გამო გახდა იძულებული, თბილისში ჩამოსულიყო.
ბეშქენაძეების ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა. გიორგის უფროსმა ძმამ, ტარიელმა, 19 წლის ასაკში თავი მოიკლა. მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის წლისთავზე
მანაც თავი მოიკლა, ახლა კი ოჯახს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს.
გიორგიმ წელს დაამთავრა 9 კლასი და სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბურკაძე გვიამბობს:

- გიორგი მეექვსე კლასში იყო, ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდა. მანამდე მისი ოჯახი სოფელ შრომაში ცხოვრობდა. გაუსაძლისი პირობების
გამო გიორგი სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ჯერ თელავში მიიყვანეს. ძალიან კარგ ოჯახში იყო, მაგრამ ვერ გაჩერდა და გამოიქცა. მერე სოფელ ვაზისუბანში, საოჯახო ტიპის სახლში მიიყვანეს. ვერც იქ გაჩერდა. მამამისს დალევა უყვარდა... გიორგის ძმა, ტარიელიც ჩვენი მოსწავლე იყო.

- მისი თვითმკვლელობის მიზეზი რა იყო?
- დღემდე არავინ იცის. ძმის სიკვდ­ილმა გიორგიზე ძალიან იმოქმედა. თავისებური ბავშვი იყო, ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა, ძმის სიკვდილის შემდეგ კი საოცრად შეიცვალა, სხვანაირი გახდა. ცხოვრებაში თავის დამკვიდრება უნდოდა. პატარაობიდან მუშაობდა, როგორც კი სამუშაო გამოუჩნდებოდა, ყველაფერზე თანხმდებოდა. მეცხრე კლასში ხშირად გაკვეთილებსაც აცდენდა, მთხოვდა, გეხვეწები, უნდა წავიდე, დღეს ნახირში მივდივარ, ფული უნდა მომცენო. ცდილობდა დედას ვაჟკაცურად ამოსდგომოდა მხარში. კარგი ბავშვი იყო, ადრე დავაჟკაცებული. უნდოდა მეგობრებთანაც ამაყი ყოფილიყო. მეუბნებოდა, ქეთინო მასწავლებელო, სკოლაში თუ ვერ მოვალ და გაკვეთილებს გავაცდენ, თქვენ არასოდეს იფიქროთ, რომ მე ცუდ რამეს გავაკეთებ, ჩემთვის მთავარია, თავი ვირჩინო და დედას დავეხმაროო. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ვუთხარი, ატესტატს მიიღებ, უკვე დიდი ბიჭი ხარ-მეთქი. მეათე­ კლასში სწავლის გაგრძელებას არ აპირებდა - ახლა მთავარი სარჩოს შოვნააო. ნიჭიერი, გონიერი ბიჭი იყო. არ ვიცი, უცებ თბილისში წასვლა რატომ გადაწყვიტა. ალბათ, იმიტომ, რომ მეტი ეშოვა და პირობები შეექმნა.
აქ ძალიან კარგი სოცაგენტი ჰყავდათ. ტელევიზორი და ავეჯი გვიყიდესო, უხაროდა. სოცაგენტს ყოველთვის აინტერესებდა, სად იყო, რას აკეთებდა.

ძმის თვითმკვლელობის შემდეგ ძალიან აღგზნებული და განერვიულებული იყო, მერე შეიცვალა, თითქოს უცებ დაკაცდა, მანამდე კი პოლიციაშიც მოგვიხდა მისვლა...

- რამე დააშავა?
- მეშვიდე კლასში იყო, დედის ბებიამ­ რომ უჩივლა. თურმე მისი ჩანთიდან 25 ლარი ამოიღო და ამის გამო პოლიციაში დაიბარეს. ამან ძალიან იმოქმედა, ვერ წარმოედგინა, რომ უჩივლებდნენ. რაღაცისთვის სჭირდებოდა და დაუკითხავად აიღო. პოლიციამ მხოლოდ გააფრთხილა. მას მერე სულ თვითონ ცდილობდა, საარსებო ფული ეშოვა.

გიორგის დედაც ჩემი მოსწავლე იყო. იამზესაც უმძიმესი ცხოვრება აქვს გამოვლილი. პატარა იყო, დედა რომ გარდაეცვალა, ობლობაში გაიზარდა. მამამისსაც უკიდურესად უჭირდა, მერე სხვა ცოლი მოიყვანა და გოგო დედინაცვალთან გაიზარდა. ისეთი გაუსაძლისი იყო მისი ცხოვრება, მე და რამდენიმე მასწავლებელმა შევთავაზეთ, ჩვენთან ეცხოვრა. დედინაცვალთანაც ჰქონდა პრობლემები. მერე გათხოვდა, სამი შვილი გაუჩნდა - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ საკუთარი ჭერი არ ჰქონდათ. ერთხანს სოფელ შრომაში, ვაგონში ცხოვრობდნენ. მერე იყო ტარიელის თვითმკვლელობა. მიზეზი არც დედამ იცის.
მამამაც წლისთავზე შვილის საფლავზე მოიკლა თავი.

გიორგის და 16 წლისა გათხოვდა, საბედნიეროდ, კარგ ოჯახშია, ორი პატარა ჰყავს. გიორგი და დედამისი ხშირად დადიოდნენ მასთან.

- სახლი არა აქვთ?
- გიორგის დედას მამის დანატოვარი­ სახლი აქვს, მაგრამ ისიც პატარა ბელეტაჟია, მოუწყობელი...
იამზე ფერმაში მუშაობს... ყველაფერს აკეთებდა შვილებისთვის, მაგრამ რომ იტყვიან, ლუკმას იყოფდნენ.

- თუ იცით, იმ დღეს დედას ელაპარაკა?
- დაბადების დღე ჰქონდა 16 ივლისს, 16 წლის ხდებოდა და თურმე ძალიან უნდოდა, ეს დღე აღენიშნა. არასოდეს გადაუხდია დაბადების დღე - სად ჰქონდათ ამის საშუალება. წინადღეს დედასთან დაურეკავს და უთქვამს, დედა, ჩემი დაბადების დღისთვის ხომ არაფერს გამომიგზავნი, ძალიან მინდა ამ დღის აღნიშვნაო. თვითონ ჯერ არ ჰქონდა ხელფასი აღებული - ერთი თვეც არ იყო, რაც მუშაობდა. დედას უპასუხია, ხომ იცი, ეს სახლი თუ არ გავიფორმე, უსახლკაროდ დავრჩებით. ორ კაპიკს ვაგროვებ, იქნებ გავიფორმო, თორემ შეიძლება იქიდანაც გამოგვყარონო და უარი უთქვამს.

დედამისი განადგურებულია. მითხრა, ისიც კი არ ვიცოდი, ამხელა მშენებლობაზე თუ მუშაობდა, მეუბნებოდა, პატარა სამუშაო მაქვს, ბევრს არაფერს მავალებენ, უფროსებს ვეხმარებიო.
იქ მეზობელმა ბიჭმა მოაწყო. რამდენჯერმე უთხოვია, წამიყვანეო. თურმე არ მოეშვა, სანამ არ წაიყვანა. დედას აინტერესებს, რა მოხდა, რატომ იყო მისი შვილი იქ მარტო.

16 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზს სამართალდამცავები იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლიფტის შახტაში ჩავარდა.

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" დოლაბაურის ქუჩა #29-ში უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა სამშენე­ბლო სამუშაოებს. გამოძიება­ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ალბათ, გამოძიება დაადგენს მოზარდის გარდაცვალების მიზეზს და დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს მისი დედისთვის ვერაფერი ნუგეშია.

P.S. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
"როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე, - ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, -"შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია.

ტარას ბულბა
08 აგვისტო 2019 11:07
,,გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო,, საცოდავი ბავშვი სიღარიბე თაობიდან თაობას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. :( :(
...
07 აგვისტო 2019 18:40
რა უბედური ყოფილა დედამისი,ორი შვილი,მეუღლე დაკარგა,ძნელია ამის გადატანა.ნათელში იყოს დაღუპულების სულები,ამინ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები