"უჩინარი მუშები" - კვირის პალიტრა

"უჩინარი მუშები"

კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტს" არ განუმარტავს, როდის და რა პირობებით დაიქირავა მოზარდი. 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბეშქენაძის სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს, რომ წელს მშენებლობაზე დაღუპული მე-13 მსხვერპლი ბოლო იქნება, რადგან სოციალური ფონის გამო მოზარდების დასაქმება კიდევ დიდხანს არ შეწყდება.

ანა, 38 წლის: - ჩემი მეუღლე დამკრძალავ ბიუროში მუშაობს კატაფალკის მძღოლად. ხანდახან სასახლე ან მაცივარიც მიაქვს ჭირისუფალთან და ამაში ცალკე უხდიან ფულს. ერთი ადამიანისთვის შეუძლებელია იმ ტვირთის კიბეზე ატანა. სატვირთო ლიფტი ხშირად არ მუშაობს ან საერთოდ არ არის. ასეთ დროს ჩვენი 15 წლის შვილი მიჰყავს დამხმარედ და მას ცალკე აძლევს ჯიბის ფულს. ზოგჯერ შუაღამესაც ურეკავენ და ერთად მიდიან. თავიდან გვეცოდებოდა ბავშვი, მაგრამ მე ვმუშაობ, მეუღლეც მთელი დღე გასულია და ქუჩაში უპატრონოდ წანწალს, გვირჩევნია იმუშაოს და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

დათო, 42 წლის: - 3-სართულიან აგარაკს ვაშენებდი და სამ მამაკაცს შევუთანხმდი. დამხმარეებს ჩვენ მოვიყვანთო. რამდენჯერაც მივედი, 16-17 წლის ბიჭები დამხვდნენ. როცა ვიკითხე, ვინ არიან-მეთქი, მითხრეს, შეღავათი გაგიწიეთ, სამუშაოდ ჩვენი შვილები მოვიყვანეთო... აღარ ჩავძიებივარ, რადგან ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოზარდი ჩამოდის თბილისში მშენებლობაზე სამუშაოდ.

კომპანიები ხშირად სულაც არ ითხოვენ დაქირავებულებთან ხელშეკრულების გაფორმებას. უფრო მძიმე ვითარებაა მცირე კომპანიებთან და კერძო შეკვეთების მხრივ.

"საქსტატის" სოციალური სტატისტიკის სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 24 000-ზე მეტი ბავშვი მუშაობს და უმეტესობა სახიფათო სამუშაოს ასრულებს. ამ მონაცემის უკან უამრავი ტრაგიკული ისტორია დგას - ბავშვობაწართმეულ მოზარდებს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უწევთ შრომა, შავ ბაზარზე მათ "უჩინარ მუშებს" უწოდებენ.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, რომ 16-17 წლის მოზარდის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, 14-15 წლის არასრულწლოვანთათვის კი - 24 საათს. კანონმდებლობა კრძალავს არასრულწლოვნის მუშაობას ღამის სამუშაოზე 22 საათიდან დილის 6 საათამდე. მიუხედავად ამისა, ბავშვებს ხშირად უწევთ ღამით მუშაობა, ზოგი იმ დროს მუშაობს, როცა სკოლაში უნდა იყოს, ზოგი კი სკოლამდე და სკოლის შემდეგ.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანის თქმით, სამშენებლო ობიექტებზე დამსაქმებლები არ დებენ ხელშეკრულებას დასაქმებულებთან და მათ უმეტესად დღიურ ანაზღაურებაზე უთანხმდებიან. შესაბამისად, დასაქმებულთა ასაკი ხშირად გაურკვეველი რჩება.

შრომის კოდექსსა და "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში აკრძალულია ბავშვთა დასაქმება საშიშ და მავნე სამუშაოზე და ამის მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური უნდა ატარებდეს. "უჩინარი მუშების" დასაქმებით გამორჩეულია სამშენებლო სექტორი, ინსპექტორს ეჭვი თუ არ გაუჩნდა, რომ პირი არასრულწლოვანია და არ მოითხოვა საბუთები, ძნელია გაარკვიო, რა ასაკისაა. მეტიც, ობიექტებზე დასაქმებულებს პირადობის მოწმობებსაც არავინ სთხოვს.