"ალბათ, გახარიას ფეხქვეშ მიწა ეწვის" - კვირის პალიტრა

"ალბათ, გახარიას ფეხქვეშ მიწა ეწვის"

იურისტ და უუფლებადამცველ ლია მუხაშავრიასთან საუბარი "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებით დავიწყეთ.

- თქვენ სტრასბურგში არაერთი პროცესი მოგიგიათ. როგორ შეაფასებთ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილ ვერდიქტს და აქვს თუ არა აზრი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ევროსასამართლოს დიდ პალატაში?

- დიდ პალატაში მოხვედრამდე საკითხი დიდ ფილტრაციას გადის. იქ გასაჩივრებული განაჩენების ძალიან მცირე ნაწილი ხვდება. გვარამიას თანამდებობას რომ არაფერი ეშველება, ცხადია, მაგრამ გასაკვირი იყო, როგორ ოპერატიულად დაარეგისტრირეს ცვლილებები რეესტრში. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ინგლისურ ენაზეა, ის რეესტრში უნდა წარედგინათ ქართულად, ნოტარიულად დამოწმებული, რაც რამდენიმე საათში ვერ მოესწრებოდა და სხვა შემთხვევაში რეესტრი გადაწყვეტილებას ასე უცებ არ დაარეგისტრირებდა.

მაგრამ თეა წულუკიანის მყისიერი კომენტარი ფარული განკარგულება იყო რეესტრისთვის, რომ დაერეგისტრირებინათ ხალვაში, როგორც ახალი მესაკუთრე, ხალვაშს კი წამებში მიეღო გადაწყვეტილება და პაატა სალია გახდა გენდირექტორი.

გვარამიას განცხადებები კი ბაქიბუქია. მას მოუწევს ლონდონში სირბილი და თავისი პოზიციის დაცვა, მაგრამ ვეჭვობ, ეს შეძლოს... ვისურვებდი, რომ ახალი მენეჯერი და მესაკუთრე ჟურნალისტებს არ დაერიონ, ახლო მომავალში მაინც არ სცადონ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

ვფიქრობ, ახლა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ოქრუაშვილის გამოჩენაც ისეთივე ფაფხურია, როგორიც გვარამიას მუქარა, რომ მის კონტრაქტს 2020 წლამდე ვერავინ დაარღვევს.

სამოქალაქო დავა მას შეუძლია ლონდონის არბიტრაჟში, მაგრამ ახლა მოუწევს ხარჯების საკუთარ თავზე აღება და როგორი შედეგი იქნება, კიდევ საკითხავია.

თვალში საცემი იყო, იმ დღეს წულუკიანი შავებში რომ იყო გამოწყობილი, ეტყობა, არ იცოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა და ალბათ, არ მოელოდა ამ შედეგს, თორემ როგორც სჩვევია, ფერად ტანსაცმელს ჩაიცვამდა...

თუმცა ყველა მუხლით რომ წააგეს, მაინც გასაკვირია. ვფიქრობ, კარგად შეისწავლეს "რუსთავი 2"-ის, როგორც მედიის საქმიანობა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვერ დაინახეს. მხარეების მტკიცებულებები ყოველთვის გადამწყვეტია.

- 20-21 ივნისის მოვლენებზეც გკითხავთ, ერთი თვის თავზე სამართალდამცავებმა აქციის 12 მონაწილე დააკავეს, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 2 პოლიციელიც... - პირველ დღეებში ითქვა, სამართალდამცავი უწყების 10 თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილებაო. ჩანს, ხელისუფლებამ შეცვალა პოლიტიკა, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და დაიწყო ლაპარაკი გადატრიალებაზე. იმ 10 პირის პასუხისმგებლობა მაინც რომ დაეყენებინათ, შეიძლებოდა გახარიას წასვლის მოთხოვნაც შესუსტებულიყო, თუმცა მთავარი დამნაშავე ბრძანების გამცემია და არა აღმსრულებელი.

- გიორგი გახარია უკვე გამოიკითხა. გამოძიებაში რამეს შეცვლის მისი ჩვენება? - ის ფორმალურად გამოიკითხა... რა ვიდეომასალასაც გვაჩვენებენ, არ ჯდება სახელმწიფო გადატრიალების კონტექსტში.

- მაგრამ ვნახეთ კადრები, როგორ ესხმიან აქციის მონაწილეები თავს ძალოვანებს. - თუ მე პოლიციელს დავუშინე ხელები და ფეხები, წავართვი ფარი ან ჩაფხუტი, ეს არ ნიშნავს, რომ მიზნად მქონდა სახელმწიფო გადატრიალება, გარდა ამისა, არც ერთი შეიარაღებული პირი არ აღმოუჩენიათ, არც ერთი იარაღი არ უპოვიათ. ეს იყო აქცია შიშველი ხელებით...

- არ იყვნენ შიშველი ხელებით, ისინი ისროდნენ ფოთლებში გახვეულ ქვებს, ჯოხებს და სხვადასხვა ნივთს ურტყამდნენ პოლიციელებს. - ეს იყო ბოთლები და ჯოხები. თუ ამის ეშინია სპეცრაზმელს, მაშინ ტყვიის დროს რა უნდა ქნას?! ამ ხალხის კვალიფიკაციაზე ისევ გახარია აგებს პასუხს...

- ივანიშვილის განცხადებით ჩანს, რომ აქციების არ ეშინიათ, რადგან მათ უკან დგანან "ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული პარტიები, რომლებიც 200-200 კაცს აგროვებენ. - როცა ათასობით ადამიანი იდგა, არც მაშინ არ გამოუყვიათ ცხვირი... არც იმის გაგონება უნდათ, რომ მომხდარი 7 ნოემბრის ტოლფასია, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამჯერად გასასვლელები არ ჩაუკეტავთ. არც მაშინ არავინ დასჯილა და არც ახლა. აქციები მინელდა, ამიტომაც გათავხედდნენ და არ სჯიან დამნაშავეებს.

- დღემდე მომხდარი არ შეუფასებია მთავარ პროკურორს. რატომ არ ჩანს თადუმაძე? - თადუმაძე ცდილობს, დაიმალოს. როგორც გვარამიას არ დაუვიწყებს ხალხი 7 ნოემბრის შემდგომ განცხადებებს, რომლებიც საპნის ბუშტივით გასკდა, ისეთივე ვითარებაში აღმოჩნდება თადუმაძეც...

- ივანიშვილის თქმით, გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტრო აღარ არსებობსო... - ალბათ, გახარიას ფეხქვეშ მიწა ეწვის, რადგან იცის, მას არასოდეს დაუვიწყებენ ადამიანებისთვის თვალების დათხრას. მას მოუწევს ამ ქვეყნიდან აბარგება, როცა მინისტრი აღარ იქნება. გახარიამ იცის, რამდენი შურისძიების აქტი განხორციელდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ იმ დანაშაულების გამო, რაც ჩაიდინეს. მას უნდა ახსოვდეს, რომ ეს ხანგაუსვლელი დანაშაულია... გახარიას ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ციხეში მოუწევს. მით უფრო, რომ ყველამ იცის, რისთვის ზის დღეს ციხეში ვანო მერაბიშვილი. გახარია აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა და არ იცის, საით წავიდეს. უმძიმესი ცოდვა აიკიდა და ის დღეს ყველაზე საცოდავია.

- ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მეორე დღეს გაიგო მომხდარი. - მჯერა, რომ იმ ღამეს არაფერი გაუგია - ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, 10 საათზე იძინებს და ადრე იღვიძებს, მის გარემოცვაში კი არავინ აღმოჩნდებოდა ისეთი მამაცი, ვინც ძილს დაუფრთხობდა, მაგრამ მერე მაინც უნდა შეეფასებინა მოვლენები ობიექტურად, ის კი ცდილობს, გაამართლოს გახარია, ხელისუფლება და მისი უკანონო ქმედება...