"როგორც კი სამუშაო გამოუჩნდებოდა, ყველაფერზე თანხმდებოდა" - მშენებლობაზე დაღუპული 16 წლის ბიჭის უმძიმესი ისტორია - კვირის პალიტრა

"როგორც კი სამუშაო გამოუჩნდებოდა, ყველაფერზე თანხმდებოდა" - მშენებლობაზე დაღუპული 16 წლის ბიჭის უმძიმესი ისტორია

16 ივლისს გიორგი ბეშქენაძე 16 წლის გახდა. თურმე დიდხანს ოცნებობდა, ოქროს დაბადების დღე აღენიშნა. სამწუხაროდ, ოცნება აუსრულებელი დარჩა. დაბადების დღეს სამსახურში მივიდა, თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიაში... 16 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზს სამართალდამცავები იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლიფტის შახტაში ჩავარდა.

გიორგი ბეშქენაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ გვიმრიანში დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ მძიმე სოციალური პირობების გამო გახდა იძულებული, თბილისში ჩამოსულიყო.

ბეშქენაძეების ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა. გიორგის უფროსმა ძმამ, ტარიელმა, 19 წლის ასაკში თავი მოიკლა. მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის წლისთავზე მანაც თავი მოიკლა, ახლა კი ოჯახს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს.

გიორგიმ წელს დაამთავრა 9 კლასი და სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბურკაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს, რომიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- გიორგი მეექვსე კლასში იყო, ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდა. მანამდე მისი ოჯახი სოფელ შრომაში ცხოვრობდა. გაუსაძლისი პირობების გამო გიორგი სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ჯერ თელავში მიიყვანეს. ძალიან კარგ ოჯახში იყო, მაგრამ ვერ გაჩერდა და გამოიქცა. მერე სოფელ ვაზისუბანში, საოჯახო ტიპის სახლში მიიყვანეს. ვერც იქ გაჩერდა. მამამისს დალევა უყვარდა... გიორგის ძმა, ტარიელიც ჩვენი მოსწავლე იყო.

- მისი თვითმკვლელობის მიზეზი რა იყო?

- დღემდე არავინ იცის. ძმის სიკვდილმა გიორგიზე ძალიან იმოქმედა. თავისებური ბავშვი იყო, ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა, ძმის სიკვდილის შემდეგ კი საოცრად შეიცვალა, სხვანაირი გახდა. ცხოვრებაში თავის დამკვიდრება უნდოდა. პატარაობიდან მუშაობდა, როგორც კი სამუშაო გამოუჩნდებოდა, ყველაფერზე თანხმდებოდა. მეცხრე კლასში ხშირად გაკვეთილებსაც აცდენდა, მთხოვდა, გეხვეწები, უნდა წავიდე, დღეს ნახირში მივდივარ, ფული უნდა მომცენო. ცდილობდა დედას ვაჟკაცურად ამოსდგომოდა მხარში. კარგი ბავშვი იყო, ადრე დავაჟკაცებული. უნდოდა მეგობრებთანაც ამაყი ყოფილიყო. მეუბნებოდა, ქეთინო მასწავლებელო, სკოლაში თუ ვერ მოვალ და გაკვეთილებს გავაცდენ, თქვენ არასოდეს იფიქროთ, რომ მე ცუდ რამეს გავაკეთებ, ჩემთვის მთავარია, თავი ვირჩინო და დედას დავეხმაროო. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ვუთხარი, ატესტატს მიიღებ, უკვე დიდი ბიჭი ხარ-მეთქი. მეათე კლასში სწავლის გაგრძელებას არ აპირებდა - ახლა მთავარი სარჩოს შოვნააო. ნიჭიერი, გონიერი ბიჭი იყო. არ ვიცი, უცებ თბილისში წასვლა რატომ გადაწყვიტა. ალბათ, იმიტომ, რომ მეტი ეშოვა და პირობები შეექმნა.

აქ ძალიან კარგი სოცაგენტი ჰყავდათ. ტელევიზორი და ავეჯი გვიყიდესო, უხაროდა. სოცაგენტს ყოველთვის აინტერესებდა, სად იყო, რას აკეთებდა.

ძმის თვითმკვლელობის შემდეგ ძალიან აღგზნებული და განერვიულებული იყო, მერე შეიცვალა, თითქოს უცებ დაკაცდა...

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში"  ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად: