დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში მსჯავდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში მსჯავდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში მსჯავდებულ გიორგი ყუფარაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე გამოაცხადა. სასჯელის გამოცხადებას არ დასწრებია მსჯავრდებული გიორგი ყუფარაძე.

როგორც სასამართლოში წარმოდგენილ ოქმში იყო მითითებული, ყუფარაძემ უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. ასევე, მოსამართლის სახელზე დაწერილ განცხადებაში, ის აცხადებდა, რომ თანახმა იყო, მის გარეშე ჩატარებულიყო სასჯელის დანიშვნის სხდომა. გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გუშინ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. მსჯავრდებული გიორგი ყუფარაძე 12 ნაფიცი მსაჯულიდან ცხრამ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო, სამმა კი უდანაშაულოდ.

ცნობისთვის, გიორგი ყუფარაძე თავს დამნაშავედ არ სცნობდა.

არსებული ინფორმაციით, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საქართველოდან წავიდა. მისი ექსტრადირება გასული წლის ნოემბერში მოხდა. კვეზერელების მკვლელობაში ასევე ბრალდებულია მეორე პირიც, ვასილ გოშაძეც. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ვინაიდან მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. დედა-შვილი, ნატო და გურამ კვეზერელები 2014 წელს მოკლეს.

გამოძიების ინფორმაციით, გურამ კვეზერელი ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ მოკლა. ის გაუჩინარებულად ითვლებოდა. მის ცხედარს, კოჯორში ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლიეს. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარს მჟავა ჰქონდა დასხმული. მიუხედავად ამისა, მისი იდენტიფიცირების მოხდენა მაინც შესაძლებელი იყო, რის გამოც, ბრალდებულებმა კვეზერელის ცხედარს ბეტონი დაასხეს.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულები მოკლულის საცხოვრებელ სახლში წავიდნენ, სადაც გიორგი ყუფარაძემ გურამ კვეზერელის დედა, ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. ბრალდებული პირები, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე წარსულშიც ნასამართლევები არიან.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე ფიგურირებდნენ 2003 წლის 15 სექტემბერს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეში. ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის. მას 2008 წელს 25 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, საპატიმრო ვადაზე ადრე, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის საფუძველზე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ყუფარაძემ პოლიციას ზუბადალაშვილის მკვლელობის შემკვეთები დაუსახელა.

რაც შეეხება გოშაძეს, ის თავის დროზე სასჯელს "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის და დაცვის თანამშრომლის მკვლელობისთვიზ იხდიდა და საპატიმრო ვადაზე ადრე მანაც გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის შედეგად 2013 წელს დატოვა. 2014 წელს კი მან, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძესთან ერთად დედა-შვილი კვეზერელები მოკლა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის მოგვიანებით, სხვა დანაშაულისთვის დააკავეს და 14 წლიანი პატიმრობა ნარკოდანაშაულისთვის შეუფარდეს. სახელმწიფო ბრალდება გიორგი ყუფარაძეს ორი პირის განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით ჩადენას, ასევე ცეცლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: "გურამიკო მესიზმრა, მეუბნებოდა, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო... მაინც მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო"

"ინტერპრესნიუსი"