დაკავებულმა ბიჭმა ძალოვანებს გაუმხილა, რომ მამამისი მკვლელობამდე კახეთში იმყოფებოდა - ვინ მოკლა 5 ადამიანი ყანდაურაში?!
დაკავებულმა ბიჭმა ძალოვანებს გაუმხილა, რომ მამამისი მკვლელობამდე კახეთში იმყოფებოდა - ვინ მოკლა 5 ადამიანი ყანდაურაში?!
ფოტო:ომარ გამყრელიძე
ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მალე დაიწყება. პროკურატურამ 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის, უმცროსი ომარ გამყრელიძის საქმეზე გამოძიება დაასრულა. 25 ივლისს კი წინასასამართლო სხდომა ჩატარდება.

შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ყანდაურაში, გამყრელიძეების ოჯახში, 3 მაისის დილას შემზარავი მკვლელობა მოხდა, ეზოში ჩაცხრილეს ოთხი ადამიანი, ბრალდებულის ვაჟი, დავითი და რძალი, ლელა სოზიაშვილი, ასევე მათი მეზობელი დედა-შვილი, რომლებიც გამყრელიძეების სახლში ავადმყოფი დიასახლისის, 71 წლის ელზა ტაველიშვილის სანახავად მივიდნენ, რომელიც ამ
დროს თურმე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იწვა საწოლში და სისხლისგან იცლებოდა. როგორც გაირკვა, დამნაშავის პირველი მსხვერპლი სწორედ ის იყო. ის თვეზე მეტხანს ებრძოდა სიკვდილს და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა იქვე დააკავეს 85 წლის ომარ გამყრელიძე და მას 5 ადამიანის მკვლელობაში დასდეს ბრალი. მართალია დაკავების მომენტიდან ბრალდებული კატეგორიულად
უარყოფდა დანაშაულის ჩადენას, მაგრამ სასამართლომაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი ირკვევა, რომ მას 5 ადამიანის, მათ შორის, ოჯახის წევრების მკვლელობა არ ჩაუდენია. პროკურატურამ მოხუცს დამამძიმებელ გარემოებაში 5 ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე მოუხსნა და ახლა სასამართლოში ის სხვა ბრალდებით წარსდგება. პროკურატურა მოხუცს დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევს და განზრახ მკვლელობის დახმარებაში სდებს ბრალს.

როგორც ირკვევა, ახლა ძალოვნებმა ამ შემზარავი მკვლელობების მთავარ ბრალდებულად ომარის მეორე ვაჟი, ყოფილი სპეცრაზმელი ნოდარ გამყრელიძე ცნეს. იგი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც ჩანს, საქმე ნოდარ გამყრელიძის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო. ხოლო პაპასა და შვილიშვილს - ნოდარ გამყრელიძის ვაჟს, უმცროს ომარ გამყრელიძეს ცალკე გაასამართლებენ.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას მნიშვნელოვანი დახმარება უმცროსმა ომარ გამყრელიძემ გაუწია, სწორედ მისი ჩვენებით ხდება ცნობილი, რომ ნოდარ გამყრელიძე კახეთში იმყოფებოდა. იმასაც ამბობენ, შვილმა ძალოვნებს ისიც უთხრა, რომ სახლში კამათობდნენ. ჩვენთვის უცნობია, რამდენად დეტალურია ბრალდებულ ომარ გამყრელიძის ჩვენება და რამდენად გამოადგებათ ის სამართალდამცავებს ძებნილი ნოდარის ბრალეულობის დასამტკიცებლად.

ადვოკატი გილერ ენდენაძე, რომელიც იცავს ბაბუას და შვილიშვილს, მიიჩნევს, რომ პროკურატურას საქმე გაუხსნელი აქვს.

გილერ ენდენაძე:
- ომარ გამყრელიძეს შეუცვალეს კვალიფიკაცია და ბრალი დასდეს 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის დახმარებაში, თუმცა არანაირი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. ერთდაერთი გეკოზე აღმოჩნდა მოხუცის თითის ანაბეჭდები, რომელიც მტკიცებულებად არ გამოდგება, რადგან ეს იარაღი მათ სახლში ინახებოდა, ხოლო მისი ადამიანი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანის შმედეგ რა გასაკვირია, რომ მასზე დნმ-ს კვალი დარჩენილიყო. როგორც უფროსი ომარ გამყრელიზე ამბობს, ის სოფელში შვილიშვილს ელოდებოდა და ამიტომ საძინებელი ოთახიდან იარაღი ე.წ. სარაიაში გადაიტანა. ბრალდების მხარე ამბობს, იარაღის გადატანით ომარ გამყრელიძე ვითომდა მკვლელს დაეხმარა. სად არის აქ ლოგიკა? რატომ უნდა დახმარებოდა საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობაში? ეს არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, პროკურატურას არ სურს უკან დაიხიოს და გამოჩნდეს რეალობა, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ ამდენი ხანი დაკავებული.

- ცნობილია, რომ მკვლელობები ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლით მოხდა, ეს რაზე მიუთითებს ორია დამნაშავე თუ ერთი პირი ორი სხვადასხვა იარაღიდან ისვრის?
- ეს ყველაფერი პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით არის გაკეთებული. გეკოს იარაღიდან გასროლით არის მოკლული გამყრელიძის მეუღლე. ეტყობა გამოიყენა ეს იარაღი და დადო, დანარჩენი 4 ადამიანი მოკლულია ავტომატიდან გასროლით.

- ბრალდებულის შვილი, ნოდარი იძებნება, თუ არის საქმეში მტკიცებულებები მის წინააღმდეგ?
- პროკურატურას თავისი ვერსია აქვს და სურს ეს უმძიმესი დანაშაული დააბრალოს ნოდარ გამყრელიძეს, თუმცა იმ საქმის მასალებში, რასაც ვიცნობ, ამის მტკიცებულებაც არ ჩანს. არის მხოლოდ ვარაუდები.
გახსოვთ ალბათ იყო ვერსია, ვითომ ქონებრივი ინტერესის გამო იყო ამდენი ადამიანი მოკლული, ეს არის ტყუილი. მთელი სოფელი რომ მოიაროთ ერთ ადამიანსაც ვერ იპოვით, ვინც იტყვის, რომ ძმებს შორის კონფლიქტი არსებობდა. ამის გარდა სრულიად გაუგებარია რატომ უნდა მოეკლა ნოდარ გამყრელიძეს დედა...

- რას ამბობს პროკურატურა მკვლელობის მოტივზე?
- პროკურატურა ამბობს, ალბათ შეიშალაო. მაგრამ საიდან ასკვნიან ამას?.. რას ნიშნავს შეიშალა? ამას ხომ მტკიცებულება სჭირდება. მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის გამოძიება, არ განიხილავენ თუნდაც იმას, რომ შეიძლება ოჯახს მტერი ყოლოდა ან ოჯახის რომელიმე წევრს.

ჩვენ სასამართლოზე მოვითხოვთ ის მწირი მტკიცებულებებიც კი, რომელიც საქმეშია დაუშვებლად ცნოს სასამართლომ, რადგან პროცესუალური ნორმების დარღვევით მოხდა იმის ამოღება.

- რას გულისხმობთ?

- მტკიცებულებების ამოღება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და იქიდან ნივთების ამოღება მოხდა დარღვევით. დოკუმენტს ხელს აწერს სოფლის რწმუნებული ნანა ტაველიშვილი და მითითებულია, რომ ის ესწრებოდა ამ პროცედურას, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ის ამ პროცესს ბოლომდე არ დასწრებია. ის არ არის იურისტი, შოკში იყო და ხელი მოაწერინეს სადღაც სოფლის ცენტრში.

- როგორც ამბობენ, მანქანებიდან და სახლიდან დიდძალი საბრძოლო მასალა და იარაღია ამოღებული, ამაზე რას იტყვით? უფროსი ომარის მანქანაში როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი?
- ისეთი მძიმეა ყუთია ამოღებული ომარ გამყრელიძის "ვილისიდან", წარმოუდგენელია ის 85 წლის მოხუცს მოეთავსებინა. თან იმ დროს ახალი ნაოპერაციევი იყო. ადამიანი ძლივს დადის. წინა დღეს ომარ გამყრელიძეს მანქანაში რომ არაფერი იდო, ეს დასტურდება იმით, რომ მას ამ მანქანით გადაყავდა მუშები. რომ ივარაუდონ, რომ შვილიშვილმა ჩადო, მისი დნმ არ არის აღმოჩენილი და ესეც გამორიცხულია.

პროკურატურა თავიდან დაეყრდნო ფრიდონ გამყრელიძის, ვისი ცოლი და შვილიც დახოცეს, ნათქვამს, მან თქვა დავინახე ომარი ხოცავდა ამ ხალხსო, ის იყო ერთადერთი თვითმხილველი, ესმოდა ვიღაც ისროდა და შოკირებულმა ადამიანმა ეს თქვა, თუმცა მერე დააზუსტა მედიასთან ინტერვიუებში, მე არ დამინახავს ომარი რომ ისროდაო. პროკურატურამ ამ ჩვენების საფუძველზე დააკავა ომარი, მაგრამ ეს რეალური არ აღმოჩნდა. ექსპერტიზებით ისიც დადგენილია, რომ ტყვიები გარედან შიგნით იყო ნასროლი, ომარი კი შიგნით, სახლში იჯდა რომ დააკავეს და ვერანაირად ვერ მოახერხებდა სროლას. ომარის ვაჟს ნოდარს ყველა ომი გამოვლილი აქვს და ახლა ცდილობენ ყველაფერი მას დაუკავშირონ...

- ამბობენ, უმცროსმა ომარ გამყრელიძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, საკუთარმა შვილმა ამხილა მამა და თქვა, რომ მან კახეთში ჩამოიყვანა ნოდარ გამყრელიძე, ამას ადასტურებთ?
- ნოდარ გამყრელიძე, რომელიც თავის დროზე სპეცრაზმელი იყო, ქვეყნიდან აპირებდა წასვლას, რადგან უმუშევარი იყო. შეეშინდა საზღვარზე რომ არ გადაეშვათ და აპირებდა არანაკონიერი გზით გადასვლას. მისი შვილი ამბობს, რომ თბილისიდან მამასთან ერთად წამოვიდა, მან მამამისი ბადიაურამდე მიიყვანა, იქ ჩამოვიდა ნოდარი, დაემშვიდობა შვილს და უთხრა რომ რუსეთში მიდიოდა. ორი დღის მერე ხდება ეს მკვლელობა და ჩემი აზრით, არ შეიძლება ეს დავაკავშიროთ ნოდართან. ბოლოს და ბოლოს ყველა კენჭი იცის თავის სახლში, იცის რა სად დევს, თუ ხალხის დახოცვა უნდოდა ღამით ვერ მოკლავდა?

- თუ უდანაშაულოა, რატომ არ გამოჩნდა ამდენი ხანი ნოდარ გამყრელიძე?
- ის სამუშაოდ აპირებდა წასვლას და მას შემდეგ ოჯახმა მასზე არაფერი იცის.

- 25 ივლისს, სასამართლო პროცესი იწყება, თქვენ დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვთ?
- დიახ მოვითხოვ ორივე გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მოხუცი, ის უდანაშაულოა და ამდენი ხანი გამოკეტილი ჰყავთ ციხეში. ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ აქვს კარგი.
არც პატარა ომარის წინააღმდეგ აქვს გამოძიებას სამხილი, მისი დნმ-ის კვალიც კი არ აღმოჩენილა არსად. ყველამ იცის რომ მკვლელობის დროს ის სახლში არ იყო და წნევის აპარატის მოსატანად წავიდა, იქიდან დაბრუნებულს კი ეს ფაქტი დახვდა.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები