მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

"თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აეკრძალათ საქართველოს დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნა, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ბრალდებულების ადვოკატები. ადვოკატ ზვიად კორძაძის განმარტებით, აბსურდული სიტუაციაა და თუ ვინმემ ზარალი განიცადა, ეს "თიბისი ბანკია". კორძაძის განმარტებითვე, ამ ფაქტის გამო, საერთო ჯამში დავარდა საქართველოს რეიტინგი. ადვოკატის განცხადებით, ანაკლიის პროექტის განხორციელება საზღვარგარეთ წასვლა-წამოსვლის გარეშე წარმოუდგენელია და როცა პროკურატურა ითხოვს, რომ საგამოძიებო ორგანოს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ინფორმირების გარეშე საზღვარგარეთ გადაადგილება უნდა აეკრძალოთ, ეს ნიშნავს, რომ მათ საქმიანობას უკრძალავს.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

"ინტერპრესნიუსი"