საქმეში დევს მეგობრების მიმოწერაც და ერთმანეთთან გაგზავნილი იარაღის ფოტოც - რას ჰყვებიან გურამიშვილის გამზირზე მოკლულ ახალგაზრდებზე ახლობლები
27-07-2019
საქმეში დევს მეგობრების მიმოწერაც და ერთმანეთთან გაგზავნილი იარაღის ფოტოც - რას ჰყვებიან გურამიშვილის გამზირზე მოკლულ ახალგაზრდებზე ახლობლები
ფოტო:შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა
გურამიშვილის გამზირზე, 24 ივლისს მომხდარი დანაშაულის დეტალები ისევ ბურუსით მოცულია. ახლობლებს ისევ არ აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რას შეეწირა 2 წარმატებული ახალგაზრდის სიცოცხლე.

შალვა (შაკო) ტყემალაძის და გურამ (გუგა) კოღუას ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ახლა ექსპერტიზით უნდა გაირკვეს მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ მკვლელობა. საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ერთადერთი ვერსია - ერთ-ერთ ბიჭს იარაღი გაუვარდა და ნახა რა რომ მეგობარი მოკლა, სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. პროკურატურამ კი მომხდარს განზრახ
მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, თუმცა სამართალდამცავებს დანაშაული ჯერჯერობით არ გაუხსნიათ.

ჩვენი ინფორმაციით, საქმეს თბილისის სამმართველოს მკვლელობების განყოფილება იძიებს. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები და კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე, ბინიდან სხვადასხვა ნივთმტკიცება ამოღებულია, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი და ბიჭების მობილური ტელეფონები. როგორც ირკვევა, საქმეში დევს
მეგობრების მიმოწერაც და ერთმანეთთან გაგზავნილი იარაღის ფოტოც.
ახლა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვის ეკუთვნის ბინაში ნაპოვნი იარაღი და ისიც, სწორედ ამ იარაღიდან გაისროლეს თუ არა სასიკვდილო ტყვიები.

შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ ერთ ახალგაზრდას თავში აქვს ტყვია მოხვედრილი. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და აქვთ თუ არა მათ ხელჩასაჭიდი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

დიდი ხმაური გამოიწვია სადარბაზოში აღმოჩენილმა სისხლის კვალმა, გაჩნდა ვერსია, რომ ბიჭები მოკლულები იყვნენ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სადარბაზოში აღმოჩენილი სისხლი ცხედრების გადასვენების დროს დაიღვარა.
როცა შემთხვევის ადგილზე მეორედ მივედი, სადარბაზო ახალი მორეცხილი დამხვდა, იქ უკვე არსად ჩანდა სისხლის კვალი. სისხლის კვალი მოწმენდილი იყო შესასვლელ კართანაც. ბინის კარი ძალოვნებს ისევ დალუქული ჰქონდათ. ბუნებრივია ტყემალაძეების კარის მეზობლებსაც გავესაუბრე, ისინიც ადასტურებენ, რომ ცხედრების გადასვენების დროს დაიღვარა სადარბაზოში სისხლი.

"მკვლელობის დროს სახლში არ ვიყავით, რომ მოვედი უკვე პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი აქაურობა. გვიან მოვახერხე სახლში შესვლა, მაშინ სადარბაზოში არანაირი სისხლის კვალი არ შემინიშნავს, ცხედრების გადასვენების შემდეგ გაჩნდა ეს სისხლი. შაკოს არ ვიცნობდი, ფიზიკურადაც არასდროს მინახავს. არც ის ვიცოდი ისინი ამ ბინაში რომ გადმოვიდნენ. ამ ზაფხულს პერიოდულად ვხედავდი შაკოს ძმას, თორნიკეს, რემონტი ჰქონდათ და ის აკითხავდა მუშებს. ამ ზაფხულს დაასრულეს რემონტი. გასროლის ხმაც არავის გაუგია და ვერ გეტყვით რა მოხდა", - ამბობს ტყემალაძეების კარის მეზობელი. ასევე მის გვერდით ბინაში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცსაც გავესაუბრე, მანაც იგივე მითხრა, იმ დროს სახლში არ ვიყავიო. მისი თქმით, მეზობლის ბინიდან ხმა ადვილად გამოდის, მაგრამ მას წინა დღესაც არ გაუგია იქიდან კონფლიქტის ხმა. მომხდარს ახსნას ისიც ვერ უძებნის.

კიდევ ერთ, ქვედა სართულის მეზობელს გავესაუბრე, რომელმაც თქვა, რომ ეზოში სასწრაფოს ხმაზე გაიხედა. სულ მალე ეზო პოლიციელებით გაივსო და გაიგო რაც მოხდა. მისი ვარაუდით, შაკოს მამამ გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია, ისიც ამბობს, რომ გასროლის ხმა არ გაუგია.

უმძიმესი მდგომარეობაა გარდაცვლილების ოჯახში.
გუგა კოღუას ოჯახმა პოლიციისგან გაიგო მომხდარი. ის დედისერთა, წარმატებული ბიჭი იყო და ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან, სადაც სწავლობდა და სამეცნიერო საქმიანობას აპირებდა.

"გუგა ჯავახიშვილში, ქიმიურზე სწავლობდა, გრანტი მოიპოვა. ორი წელია გერმანიაში სასწავლებლად რომ წავიდა, ძალიან კარგი, გამორჩეული ბიჭი იყო. ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდა ქიმია და სულ ამბობდა, ამ დარგში მეცნიერებას უნდა გავყვეო. სულ წიგნებში იქექებოდა, განათლებული ბიჭი იყო. ერთადერთი შვილი ჰყავდათ მშობლებს, რომლებიც უპატიოსნესი ხალხია.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა მათ ოჯახში და მთლიანად სანათესაოში რა ხდება. განადგურებულები ვართ ყველანი. სიცოცხლით სავსე ბიჭი, რომელსაც მომავალი წინ ჰქონდა, აღარ გვყავს. ძნელია ასეთ დროს რამე თქვა საერთოდ, ჭკუა არავის ეკითხება, ყველა ისეთ დღეშია და განიცდის.
გუგას ოჯახმა ღამის პირველ საათამდე არ იცოდა ეს უბედურება რომ დაატყდათ თავს. პატრულის თანამშრომელი მისულა ბებიამისთან და  საშინელი ამბავი უთქვამთ.

მოჩხუბარი და კონფლიქტური არ იყო, ამიტომ ყოველთვის მშვიდად იყვნენ, როცა ის სადმე მიდიოდა. არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება, არც მამამისს ჰქონია არასოდეს იარაღი, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს ვისი იყო ეს იარაღი.

გუგასთან ერთხელ შეხვედრა საკმარისი იყო, რომ შეგყვარებოდა. ძალიან თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი იყო. რაც კი შეიძლება კარგი თქვა ადამიანზე, ყველანაირად დადებითად შემკობილი გახლდათ. ამ ტკივილს როგორ გადაიტანს ახლა მისი მშობლები არ ვიცი. მამა სენაკელი ჰყავს, ალიკას ყველა იცნობს და ამიტომ მთელი სენაკი დასტირის ჩვენს გუგას. ისინი დიდი ხანია საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, კერძო სახლი აიშენეს, გუგას ბედნიერი მომავლით უნდა გაეხარათ, მაგრამ... " - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

შაკო ტყემალაძე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობდა. "შაკო ყველასთვის გამორჩეული, უკონფლიქტო, უწყინარი, შრომისმოყვარე, ღირსეული და უზომოდ ჭკვიანი ახალგაზრდა იყო, მისი გამორჩეული უნარ-ჩვევების შედეგად იგი ფაკულტეტზე რამოდენიმე თვე ვებ-გვერდის ადმინისტრატორად მუშაობდა და ყველას ძალიან შეაყვარა თავი... შაკო ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან დიდ ტკივილად დარჩება და მოგვენატრება მისი ღიმილიანი გამოხედვა და წყნარი საუბარი...", - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა უნივერსიტეტმა თავის ვებგვერდზე.

მომხდარის გამოძიება გრძელდება.


(სპეციალურად საიტისთვის)

ჭეჭეს
05 აგვისტო 2019 20:26
შენისთანებით კი უსამართლობა და დაუსჯელობა იზრდება . რამდენ ნიუანსს არ აქცევენ ყურადღებას და საქმის სწრაფი დახურვის გამო გამოუძიებელს ან ცრუ ბრალდებით უდანაშაულოდ დაჭერით იხურება საქმე ?!

მიცვალებულს ი ისე უნდა გაეტანათ რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

ეჰ რა ნიჭიერი ახალგაზრდები დაიხოცნენ . მეორედ თუ მართლა თავი მოიკლა ნეტა მასე არ გაეკეთებინა
მაია
30 ივლისი 2019 10:37
საცოდავი ბიჭები როგორი ტრაგედიააა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ხალხნოო, რატომ ამდენი უბედურება რატო, მართლა დაწყევლილია ჩვენი ქვეყანა თუ რა სჭირს , სულ ცუდი ამბები ღმერთო დაიფარე ყველა
#
29 ივლისი 2019 17:04
და რატო?? რატო უუგზავნიდა იარაღის ფოტოს??? აშინებდა???? თუ ყიდვა უნდოდათ>>>>?

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები