"გვითხარით, რატომ ვერ ვპოულობთ სამართალს? როდემდე?!" - კვირის პალიტრა

"გვითხარით, რატომ ვერ ვპოულობთ სამართალს? როდემდე?!"

"მანანა მაჩაბელი აქეთ გვემუქრება, ამბობს, რომ კავშირები აქვს და ყველასთან მოაგვარებს პრობლემას. მართლა ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული?! ამ ქვეყანაში თაღლითი მანანა მაჩაბელი განაგებს ყველაფერს?! ამბობს, ახლობლები მყავს ხელისუფლებაში და ვერაფერს მიზამთო. ვიღაც მოვიდა და თუ იჩივლებთ, ჩემთან გექნებათ საქმეო... აქეთ გვემუქრებიან და საქმეებს გვირჩევენ"

გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, თუ როგორ ზარალდებიან ბინების კეთილსინდისიერი მყიდველები იმის გამო, რომ დანაშაულზე სახელმწიფო არ ახდენს დროულ რეაგირებას, ეს კი ახალისებს თაღლითებს. ამჯერად მოგიყვებით ამხანაგობა "პანკისი-90"-ის მობინადრეთა პრობლემაზე, რომელიც შეიძლება წარმოუდგენლადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, მობინადრეები ინსტანციიდან ინსტანციაში საჩივრებით დარბიან, მაგრამ ამ საქმისთვის ვერც პოლიციამ მოიცალა და ვერც პროკურატურამ, დედაქალაქის ცენტრში კი 30-წელია დაუმთავრებელი კორპუსი დგას. რა დარღვევები დაუშვა საჯარო რეესტრმა და რატომ სთხოვენ პასუხს კეთილსინდისიერ მობინადრეებს, ამ და სხვა მწვავე პრობლემაზე ჩვენი რესპონდენტები ისაუბრებენ.

მარინა ტატანაშვილი, "პანკისი-90"-ის მობინადრე: - 2005 წელს შევიძინე ბინა მშენებარე კორპუსში. ნოტარიულად გავაფორმე ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ შევიძინე უნაკლო ბინა, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, და მშენებლობა 6 თვეში უნდა დასრულებულიყო.

მანანა მაჩაბელი მშენებლად გამეცნო, მაშინ არ ვიცოდი, რომ ის ამხანაგობის თავმჯდომარეც ყოფილა. 6 თვეში თუ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, ჯარიმა უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე. ბინა რეესტრშიც გატარდა და ჩემს სახელზე ირიცხება.

პერიოდულად ვრეკავდი მაჩაბელთან, მარწმუნებდა, მშენებლობა ინტენსიურად მიდისო. რომ შევუთანხმდებოდი მისვლაზე, მაშინ მოჰყავდა მუშები და ქმნიდა ფონს, თითქოს მშენებლობა მიმდინარეობდა... სამი წელი რომ გავიდა და კორპუსი ისევ დაუსრულებელი იყო, მაჩაბელს მოვთხოვე ვალდებულების შესრულება... კორპუსში არც კიბე იყო, არც შიდა კედლები, მაგრამ იძულებული გავხდი, ოჯახთან ერთად გადავსულიყავი, რადგან წასასვლელი არსად მქონდა. მერე ჩვენით დავიწყეთ საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა... ამ ქალმა თურმე ესეც სათავისოდ გამოიყენა და ამ პერიოდში მისულ კლიენტებს ეუბნებოდა, მშენებლობა სულ მალე დამთავრდება, ხომ ხედავთ, მეხუთე სართულზე პროფესორის ოჯახი უკვე ცხოვრობს და მალე დაიწყება შესახლებაო. გადიოდა წლები და ვხედავდით, ეს ქალი მხოლოდ ფულის კეთებასა და ხალხის მოტყუებაზე იყო გადასული. მერე გავიგე, რომ თურმე სახლის მშენებლობა 90-იან წლებში დაწყებულა, პირველი მშენებელი დაუკავებიათ, მერე მოსულა მაჩაბელი... შავ კარკასს 800 დოლარად ყიდდა და ხალხს ჰპირდებოდა, კორპუსს დავასრულებო, მაგრამ არც ერთი ვალდებულება არც ერთ მობინადრესთან არ შეუსრულებია.

2012 წელს, მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ მაჩაბელს დოკუმენტების გაყალბების გზით გასხვისებული ჰქონდა ფართები, ვუჩივლეთ. პროკურატურას, პოლიციას, პრეზიდენტ სააკაშვილს, ქალაქის მერს, არქიტექტურის სამსახურს - ყველას გავუგზავნეთ მობინადრეთა საჩივრები, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება. პროკურატურამ საქმე საბურთალოს პოლიციას გადააწერა, მაგრამ არც იქ მიუციათ საქმისთვის მსვლელობა. ისეთი პასუხები მოდიოდა, გაოგნებული ვიყავით. მაჩაბელი, ფაქტობრივად, წაახალისეს და მორიგი დანაშაული ჩაიდინა. ვითხოვდით, ფინანსური პოლიცია ან აუდიტის სამსახური შემოეშვათ და ენახათ, რა მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ... ჩვენ უკვე იმდენი ხარჯი გვქონდა გაწეული, კერძო აუდიტის დაქირავება ვერ შევძელით. ამასობაში მაჩაბელი კვლავ ატყუებდა მოქალაქეებს. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯეროდათ მისი. როგორც ყველა თაღლითს სჩვევია, ამბობდა, პრობლემა არა მაქვს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანო. მან კომუნიკაციების ფულიც კი დამატებით მიატანინა ხალხს და არაფერი გააკეთა. ისევ ჩვენ მოგვიწია კორპუსში დენის, წყლის შემოყვანამ. კიბე, ლიფტი, სახურავი - ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია.

2013 წელს პოლიციაში ცალკე შევიტანე საჩივარი, როცა აღმოვაჩინე, რომ ამხანაგობის საკუთრება, 251 კვმ კომერციული ფართი, მაჩაბელმა 30.000 ლარად გაყიდა. თურმე კრების ოქმი გააკეთა, თითქოს ეს ფართი ჩვენ, მობინადრეებმა, ვაჩუქეთ და შემდეგ გაასხვისა... როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ხელმოწერაც გაყალბებული ჰქონდა, ვუჩივლე. გამოძიებას უძღვებოდა მარიამ აბაშიშვილი, რაღაც ეტაპამდე მივიდა საქმე, მაგრამ არ დასრულებულა. ისევ შევიტანე საჩივარი, რომელიც განსახილველად ანი სარჯველაძეს გადაეცა, მან კი მომწერა, არ აღიარა მაჩაბელმა დანაშაული და კრების დედანი არ წარმოადგინაო. ეს ხომ არასერიოზულია, რომელი თაღლითი აღიარებს ამას? ან რატომ არ ამოიღო პოლიციამ გაყალბებული დოკუმენტის დედანი საჯარო რეესტრიდან და რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზა?

- კორპუსი 7 სართულზე იყო გათვლილი, ახლა 10-სართულიანი სახლი დგას, მაგრამ, როგორც ვიცი, მაჩაბელმა მერიას კიდევ გააზრდევინა კოეფიციენტი... - დიახ, გამოგვიცხადა, 12-სართულიანი თუ არ აშენდა, კორპუსს ვერ დავამთავრებო. იძულებული გავხდით, უფლება მიგვეცა, გვეგონა, ამ გზით მაინც დაასრულებდა მშენებლობას, მაგრამ ისევ მწარედ მოგვატყუა. ის აუშენებელი ფართები თავის ქალიშვილსა და ახლობლებს გაუფორმა და ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს მშენებლობაზე. დღეს ჩვენი წვალებით გადახურული 10-სართულიანი კორპუსის ექსპლუატაცია რომ მოვითხოვოთ, არ ვიცით, დაგვთანხმდებიან თუ არა, რადგან მაჩაბელს ჰაერში 5 ბინა აქვს გასხვისებული, საჯარო რეესტრმა კი ეს ჰაერი დაარეგისტრირა. ერთი ბინა თავის ქალიშვილზე გააფორმა, ცოტა ხანში, ვითომ 35.000 ლარად მიჰყიდეს ლალი ოთარაშვილს, არადა, ანალოგიურ ფართში 91.000 დოლარი აქვს გადახდილი ქვედა სართულის მეზობელს. ერთი ბინა ზაზა ნაკაშიძეს გაუფორმა და ახლა ვიგებთ, რომ თითქოს კრების ოქმით ჩვენ ვაჩუქეთ ნაკაშიძეს... კიდევ ერთი ბინა ვინმე გიორგი სულაკაურზე გააჩუქა, ამბობს, 2000 წელს მან სამშენებლო მასალა მოიტანაო. სისხლის სამართლის დანაშაულები სახეზეა, მაგრამ რეაგირება არ ხდება. მაჩაბელი აქეთ გვემუქრება, თუ იმ სართულებს არ ამაშენებინებთ, გიჩივლებთო. ქალი, რომელიც თაღლითია და ამდენი დაზარალებული ჰყავს, კიდევ ბედავს და აქეთ გვაშანტაჟებს, რადგან მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ვიცოდით, რომ წინა ხელისუფლების დროს ჰყავდა მფარველები, ამას არც მალავდა. მაშინ ერთ ჩვენს მეზობელს გამომძიებელმა პირდაპირ უთხრა, ვაკე-საბურთალოს პროკურორმა მითხრა, ეს საქმე გვერდზე გადადეო. დღესაც ამბობს, რომ არ უჭირს ახლობლების გამოძებნა, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, სად ვიპოვოთ სამართალი? როგორც იქნა, მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ ხელმოწერების ექსპერტიზა დაინიშნა...

კიდევ ერთი ნონსენსი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილებაა. აღმოჩნდა, რომ ვინმე სიცილია ალავიძე უჩივის ამხანაგობას. თურმე ის ჩვენი კორპუსის მეზობლად ცხოვრობდა და არ აძლევდა მათ მშენებლობის უფლებას. თანხმობის მოსაპოვებლად ძველი თავმჯდომარე 4-ოთახიან გარემონტებულ ბინასა და ავტოფარეხს დაჰპირებია. მერე ის მშენებელი დააკავეს და როცა მაჩაბელი მოვიდა, ისიც იმავეს დაჰპირდა, მაგრამ არაფერი მიუცია. ახლა, ნაცვლად იმისა, მაჩაბელმა პასუხი აგოს, მოსამართლემ ის მოპასუხეთა სიიდან საერთოდ ამოიღო იმ მოტივით, რომ მაჩაბელს დღეს კორპუსში მის სახელზე არა აქვს ბინა. ამდენი თაღლითობის შემდეგ უფლებამოსილება შევუჩერეთ, მაგრამ სასამართლოში წარდგა როგორც თავმჯდომარე და მოსამართლეს 2017 წლის რეესტრის მონაცემებით ბინათმესაკუთრეთა სია წარუდგინა. ასე აღმოვჩნდით მოპასუხეებად დაზარალებული ბინათმესაკუთრეები. ამ სიაში არ იყო არც მისი ქალიშვილი, სადაქალო, საახლობლო...

ნაცვლად იმისა, მოსამართლეს რეალური დამნაშავეებისთვის დაეკისრებინა ზარალის ანაზღაურება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს დაგვაკისრა სიცილია ალავიძისთვის სოლიდარული თანხის გადახდა. ისე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, ჩვენ არც მოგვისმენია. წარმოგიდგენიათ, თურმე ჩვენ უნდა გადავუხადოთ 251.000 ლარი და დამატებით 5.500 ლარის ბაჟი სიცილია ალავიძეს. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, ამისთვის დამატებით 5.000 ლარი ბაჟიც გადავიხადეთ, ახლა უნდა ვიაროთ ისევ სასამართლოში და ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. გამაგებინეთ, სხვისი შეცდომისთვის ისედაც განადგურებულ ხალხს რატომ გვიწევს ბრძოლა? ვინც წლების განმავლობაში ფული აკეთა, ისინი რატომ არ ისჯებიან და რატომ ვისჯებით ჩვენ?

ლარისა ნარსია, "პანკისი-90"-ის მობინადრე: - ის, რაც ამ კორპუსში ხდება, წარმოუდგენელია. მე ჰაერი არ მიყიდია, აშენებულ კორპუსში ვიყიდე ბინა და ასეთი პრობლემები თუ შემექმნებოდა, რას წარმოვიდგენდი. გაოგნებული ვარ, თურმე სახელმწიფო უწყებებსაც არ უნდა ენდო. საჯარო რეესტრის თანამშრომლების პასუხებმა შოკში ჩამაგდო. სისტემაში სრული ქაოსია და ამით სარგებლობენ კიდეც თაღლითები. მაჩაბელმა გიგი უგულავას მერობის დროს გავლენების წყალობით მოახერხა კოეფიციენტის გაზრდა და დამატებით 2 სართულის დაშენების უფლება მოიპოვა.

ბინის მეპატრონეები უკიდურეს მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ დათანხმდნენ კიდევ ორი სართულის დაშენებას იმ პირობით, რომ სახლს დაასრულებდა. ამბობდა, მხოლოდ ეს შანსი გვაქვსო. ყველას გვეგონა 30-წლიან ტანჯვას ამით ბოლო მოეღებოდა, მაგრამ მაჩაბელმა კიდევ ერთხელ მოგვატყუა... სანამ მერიაში მოაგვარებდა კოეფიციენტის საკითხს, თურმე მანამდე საჯარო რეესტრში შეიტანა შეცვლილი, 12-სართულიანი კორპუსის პროექტი. წარმოუდგენელია, მაგრამ რეესტრმა მაჩაბელს ჰაერის დარეგისტრირების უფლება მისცა. როცა ვკითხეთ, როგორ დაურეგისტრირეს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სართულების დამატებაზე მერიის ნებართვა, გვითხრეს, ჩვენ დოკუმენტების გადამოწმება არ გვევალება, მაჩაბელმა ახალი პროექტი მოიტანა და ამის საფუძველზე გაასხვისა ბინებიო. ყურებს არ ვუჯერებდი...

არ ვიცი, რომელ ერთ დანაშაულზე ვილაპარაკო. ავტოფარეხებში 7.000-დან 10.000 დოლარამდე გვაქვს გადახდილი. გვითხრა, რეესტრში მერე გავაფორმოთო. თურმე სამჯერ აქვს გადაყიდული, რადგან ამხანაგობის სახელზე იყო, მერე ჩვენ გარეშე იპოთეკით დატვირთა.

ეს ქალი დამნაშავეა, წარმოუდგენელი დანაშაულები აქვს ჩადენილი. ცალკე საკითხია, რომ ახლა ვინმე სიცილია ალავიძე ჩვენ გვთხოვს პასუხს. ამ შეთანხმებიდან 10 წლის მერე ვიყიდე ბინა და მე რატომ ვარ პასუხისმგებელი ამხანაგობის თავმჯდომარის დანაშაულზე? რა სოლიდარულ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, მე კორპუსის მოგებიდან ვინმე რამეს მიხდიდა? ჩვენ ბინები საცხოვრებლად ვიყიდეთ და პასუხი იმ ხალხმა აგოს, ვინც ამ გზით ფულს შოულობდა. ვერ გამიგია, რატომ დამაკისრა სასამართლომ სოლიდარული პასუხისმგებლობა და საერთოდ, რატომ ამორიცხა მანანა მაჩაბელი სიიდან?

მაჩაბელი აქეთ გვემუქრება, ამბობს, რომ კავშირები აქვს და ყველასთან მოაგვარებს პრობლემას. მართლა ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული?! ამ ქვეყანაში თაღლითი მანანა მაჩაბელი განაგებს ყველაფერს?! ამბობს, ახლობლები მყავს ხელისუფლებაში და ვერაფერს მიზამთო. ვიღაც მოვიდა და თუ იჩივლებთ, ჩემთან გექნებათ საქმეო... აქეთ გვემუქრებიან და საქმეებს გვირჩევენ.

ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორ ლევან ბაჩიაშვილს ვთხოვთ, ჩვენი ბედით დაინტერესდეს. გამომძიებელმა ამდენ ხანს ისიც ვერ მოახერხა, რომ გაყალბებული დოკუმენტები ექსპერტიზაზე წარედგინა. არ მოაქვს მაჩაბელს დედანი და მე როგორ ჩავატარო ექსპერტიზაო. ეს პასუხია? როდის იყო მისი დასაჭერი მტკიცებულება თავად დამნაშავეს მიჰქონდა პოლიციაში? ნუთუ პოლიციას არა აქვს მექანიზმი, რომ მოიპოვოს გაყალბებული დოკუმენტები? იქნებ პრესით მაინც მივაწვდინოთ ხმა ზემდგომ უწყებებს და დაინტერესდნენ ჩვენი ბედით. როდემდე უნდა ვიაროთ უწყებიდან უწყებაში, რატომ ვერ ვპოულობთ სამართალს?

თბილისის მერ დავით ნარმანიასთან შევიტანეთ განცხადება და ვთხოვდით რეაგირებას. რომ წაიკითხა, პირად საუბარში გვითხრა, წარმოუდგენელია, ასეთი თაღლითი დაუსჯელი დადიოდესო, მაგრამ ოფიციალურად იცით, რა პასუხი მივიღეთ? ჩვენს კომპეტენციას სცდება ეს საკითხები და ძალოვანებს მიმართეთო.

როდემდე? თუ კანონში ხარვეზია, მაშინ შეცვალონ და სამართალი გვაპოვნინონ.

"კვირის პალიტრა", ბუნებრივია, მანანა მაჩაბელსაც დაუკავშირდა.

- თქვენ თაღლითობაში გადანაშაულებენ, რატომ არ შეასრულეთ "პანკისი-90"-ის მობინადრეების წინაშე აღებული ვალდებულებები? - წესიერად ილაპარაკე, რა თაღლითობაზე ლაპარაკობ. რაც გინდა, ის წერე. მოვედი, რომ დავამთავრო მშენებლობა, მაგრამ ამის გაგონება არავის უნდა და კიდევ მე ვარ დამნაშავე? სულ არ მაინტერესებს, რას დაწერ, არ დარეკო ჩემს ნომერზე.