ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე აქციაზე დაკავებულ პირებს - გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

კერძოდ კი, გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატი 3 000-ლარიანი გირაოს, თორნიკე დათაშვილის ადვოკატი მისი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ოქრუაშვილის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

აქციის მონაწილეებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ირაკლი ოქრუაშვილს კი ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებეში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"