"ჩემს დედაკაცს, შვილს და რძალს როგორ მოვკლავდი?!"
"ჩემს დედაკაცს, შვილს და რძალს როგორ მოვკლავდი?!"
ფოტო:ომარ გამყრელიძე
"თუ ხალხის დახოცვა უნდოდა,­ ღამით ვერ მოკლავდა? როცა ყველას ეძინა,­ შეიპარებოდა და დახოცავდა"

ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძეს პროკურატურა 5 ადამიანის მკვლელობას აღარ ედავება - მოხუცს ბრალი მოუხსნეს და ახლა განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობაში ამხელენ. არსებული ინფორმაციით, ძალოვანები­ ძმის, დედის,­ რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ადანაშაულებენ სპეცრაზმელ ნოდარ გამყრე­ლიძეს, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია. მართალია,­ ოფიციალურად საზღვრის კვეთა არ ფიქსი­რდება, მაგრამ ფიქრობენ, რომ მან საქართველო არალეგალურად დატოვა.­ რადგან ძებნილია,
მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ბაბუას და შვილიშვილს კი ცალკე გაასამართლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას უმცროსი ომარ გამყრელიძის ჩვენება დაეხმარა - უთქვამს, მე და მამაჩემი თბილისიდან კახეთში ერთად ჩამოვედითო.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ადვოკატ გილერ ენდელაძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა უმცროსი­ ომარი. ადვოკატის მტკიცებით, მის
წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. რაც შეეხება მოხუცს, ადვოკატმა საქმის შეწყვეტა მოითხოვა,­ თუმცა პროკურორი არ დაეთანხმა.

"ომარ გამყრელიძემ მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი, მკვლელობამდე რამდენიმე­ დღით ადრე მკვლელობის აღმსრულებელს გადასცა", - ამბობს ბრალმდებელი და აცხადებს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მოხუცის ბრალეულობის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს. თავად მოხუცი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულში რაიმე ფორმით მონაწილეობას.

"ჩემს დედაკაცს როგორ მოვკლავდი? ჩემს შვილს, ჩემს რძალს მოვკლავდი?! მოვიდა პოლიცია, დამაკავა, დამადეს ხელბორკილები, წამათრიეს და ციხეში შემაგდეს, მთხოვდნენ მეღიარებინა დანაშაული... რატომ დამიჭირეს, ვის დავეხმარე და რატომ?" - განაცხადა პროცესზე მოხუცმა.

"არანაირი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. ერთადერთი "გეკოზე" აღმოჩნდა მოხუცის თითის ანაბეჭდები, რომელიც მტკიცებულება არ არის. ეს იარაღი მათ სახლში ინახებოდა. მოხუცი სოფელში შვილიშვილს ელოდებოდა, ამიტომ საძინებლიდან იარაღი­ გამოიტანა და შეინახა ფარდულში, რომელიც არ იკეტებოდა. Bბრალდების მხარე ამბობს, რომ ამით ის ვითომ მკვლელს დაეხმარა. სად არის აქ ლოგიკა? ადამიანი საკუთარი შვილის, ცოლის, რძლის და მეზობლების დახოცვაში სხვას დაეხმარებოდა?! პროკურატურას არ სურს უკან დაიხიოს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჰყავს დაკავებული... არც მოწმე არსებობს, არც ვიდეომასალა, რომ ეს იარ­აღი მან ვინმეს გადასცა. ბრალდებული განმარტავს, იარაღი იმიტომ გამოვიტანე, ვიცოდი, შვილიშვილი ჩამოდიოდა და არ მინდოდა მის საძინებელში თოფი ყოფილიყოო. რაში დასჭირდებოდა მისი დახმარება მკვლელს? ეს თითიდან გამოწოლილი ბრალდებაა", - ამბობს ადვოკატი.

ექსპერტიზით დადგენილია, რომ მკვლელობა ორი სხვადასხვა იარაღით მოხდა,­ ადვოკატი თვლის, რომ ეს დამნაშავემ კვალის ასარევად გააკეთა.
"ეს პოლიციისთვის კვალის ასარევად არის გაკეთებული. გამყრელიძის მეუღლე "გეკოს" გასროლით არის მოკლული, დანარჩენი 4 კაცი - ავტომატით. პროკურატურას სურს ეს უმძიმესი დანაშაული მეორე ძმას, ნოდარ­ გამყრელიძეს დააბრალოს,­ თუმცა არც ამის მტკიცებულება არსებობს. რეალური დამნაშავე ვერ იპოვეს და რადგან ეს ადამიანი სამხედრო პირია, გადაწყვიტეს, ხელი შეახოცონ. იყო ვერსია, თითქოს ქონებრივი ინტერესის გამო დახოცა ისინი. ეს ტყუილია. ერთ ადამიანსაც ვერ იპოვით, ვინც იტყვის, რომ ძმებს შორის კონფლიქტი იყო. თბილისის ბინა ნოდარ გამყრელიძის ცოლის სახელზეა და ვერანაირი პრეტენზია მის ძმას, დათოს ვერ ექნებოდა­. ოჯახის ძირითადი, ორსართულიანი სახლიც ომარ გამყრელიძის სახელზეა და შესაბამისად, არ შეიძლებოდა ძმებს ამაზე ედავათ. სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, ნოდარის აშენებულია და მის სახელზეა. ან რატომ უნდა მოეკლა შვილს დედა?! ყველამ იცის, როგორ უყვარდა ნოდარს. დავუშვათ, ძმაზე იყო გაბრაზებული, ამიტომ 80 წელს მიტანებულ დედას მოკლავდა? პროკურატურა ამბობს, ალბათ, ჭკუიდან გადავიდაო, მაგრამ ამას ხომ მტკი­ცებულება სჭირდება? გამოძიება არ განიხილავს ვერსიას, რომ შეიძლება ოჯახს მტერი ჰყოლოდა", - ამბობს ადვოკატი გილერ ენდელაძე. მან სასამართლო პროცესზე რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაც მოითხოვა.

"შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთების ამოღება დარღვევით წარიმართა. დოკუმენტს ხელს აწერს სოფლის რწმუნებული ნანა ტაველიშვილი. მითითებულია, რომ ის ესწრებოდა ამ პროცედურას, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ამ პროცესს ბოლომდე არ დასწრებია. ის ოჯახის ნათესავია, ეს ტრაგედია მამიდამისის სახლში დატრიალდა. ფაქტობრივად, მან საშინელი სურათი ნახა - დახოცილი მამიდა, მამიდაშვილი, რძალი, მეზობლები და წარმოიდგინეთ მისი ემოციური მდგომარეობა. ის დროის გარკვეული მონაკვეთი იყო იქ. მერე წავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, სამსახურშიც იყო, ვიღაცებს შეხვდა... უწყვეტად არ ესწრებოდა პროცესს, ხელიც ქუჩაში მოაწერინეს, სადღაც სოფლის ცენტრში. ამიტომ ეს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, უკანონოდ მოპოვებულია და მტკიცების­ ძალა არ გააჩნია. არავინ იცის, ვინ რა ჩადო... ისეთი მძიმე ყუთია ამოღებული ომარ გამყრელიძის "ვილისიდან", წარმოუდგენელია 85 წლის მოხუცს ჩაედგა. თანაც ახალი ნაოპერაციები იყო და ადამიანი ძლივს დადის. წინადღეს რომ მანქანაში არაფერი იდო, ეს დასტურდება იმით, რომ მას მუშები ჰყავდა და იმ მანქანით გადაიყვანა".

ადვოკატი ადასტურებს ნოდარ გამყრ­ელიძის კახეთში ყოფნას. "ის ქვეყნიდან აპირებდა წასვლას, რადგან უმუშევარი იყო. შეეშინდა, რომ საზღვარზე არ გაუშვებდნენ და არაკანონიერი გზით გადასვლას აპირებდა. მისი შვილი ამბობს, რომ თბილისიდან მამასთან ერთად წამოვიდა და მამა ბადიაურამდე მიიყვანა. იქ ნოდარი დაემშვიდობა შვილს და უთხრა, რომ რუსეთში მიდიოდა. მკვლელობა ორი დღის შემდეგ მოხდა და არ შეიძლება ნოდართან დავაკავშიროთ. რაში სჭირდებოდა ამ დანაშაულის ჩადენა ან ვინმეს დახმარება? ყველა კენჭი იცის თავის სახლში, იცის, სად რა დევს... თუ ხალხის დახოცვა უნდოდა,­ ღამით ვერ მოკლავდა? როცა ყველას ეძინა,­ შეიპარებოდა და დახოცავდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და არ გაათავისუფლა დაკავებულები, ამიტომ აპელაციაში გავასაჩივრებთ. არც უმცროსი ომარის წინააღმდეგ აქვს გამოძიებას სამხილი, მისი დნმ-ი არ აღმოჩენილა არსად. ყველამ იცის, რომ მკვლელობის დროს ის სახლში არ იყო. უნდა შეწყდეს მათ წინააღმდეგ საქმე. ჩვენ დავამტკიცებთ დაკავებულების უდანაშაულობას".
პროკურატურა ირწმუნება, რომ არსებითი განხილვისას ბრალი მტკიცებულებებით იქნება გამყარებული. საქმის არსებითი განხილვა 6 აგვისტოს დაიწყება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები