"გუგას არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება, არც მამამისს ჰქონია იარაღი­, ამიტომ გვაინტერესებს, ვისი იყო" - მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?! - კვირის პალიტრა

"გუგას არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება, არც მამამისს ჰქონია იარაღი­, ამიტომ გვაინტერესებს, ვისი იყო" - მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?!

"ერთ-ერთი ვერსიით ერთ ახალგაზრდას მეორისთვის იარაღის ფოტო გაუგზავნია. ეს ამყარებს ვერსიას, რომ იარაღი ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა და შესაძლოა გაუვარდა, მომხდარით შეძრულმა კი თავი მოიკლა. კიდევ ერთი ვერსიით, ბიჭები მოკლულები არიან, თუმცა ახლობლებს არა აქვთ ახსნა, რატომ უნდა დაეხოცათ ისინი"

თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში, მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე დატრიალებული ტრაგედიიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ჯერაც უცნობია შალვა ტყემალაძისა და გურამ კოღუას დაღუპვის ზუსტი მიზეზი.

ტრაგედია 24 ივლისს, სავარაუდოდ, საღამოს 8 საათზე მოხდა. ბინა, სადაც ბიჭების ცხედრები იპოვეს, ტყემალაძეების საკუთრებაა. როგორც ირკვევა, შაკო ტყემალაძე სასწავლებლად უცხოეთში იყო წასული, იქიდან ჩამოსულს ოჯახმა გარემონტებული ბინა დაახვედრა. წინადღეს სტუმრად მეგობრები ჰყოლია და ახალმოსახლეობა აღუნიშნავთ. მეორე დღეს სტუმრად ჰყავდა 23 წლის მეგობარი, გუგა კოღუა. შვილი ტელეფონის ზარს რომ არ პასუხობდა, მამა, გრიგოლ ტყემალაძე, მის სანახავად მისულა. როგორც ამბობენ, გრიგოლ ტყემალაძე ბინაში სათადარიგო გასაღებით შევიდა, რადგან ბინის კარი შიგნიდან ჩაკეტილი იყო.

მეზობლების თქმით, იმ საღამოს გასროლის ხმა არავის გაუგონია.

"ვის უნდა გაემეტებინა ასე სასტიკად ბიჭები. შაკო გამორჩეული ახალგაზრდა იყო, განათლების მიღებაზე ორიენტირებული. მისი მეგობარიც გერმანიაში სწავლობდა და ახლახან ჩამოსულა", - გვითხრა ახლობელმა, რომელიც ცხედრების პროზექტურაში გადასვენებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

ექსპერტები გაარკვევენ, მკვლელობა ბინაში აღმოჩენილი იარაღით არის თუ არა ჩადენილი და ასევე იმასაც, ვის ეკუთვნოდა პისტოლეტი. სამართალდამცავები მკვლელობის ვერსიებს არ ახმაურებენ და არც იმას, არის თუ არა რაიმე სამხილი ბინაში ნაპოვნი. როგორც ამბობენ, ამოღებულია მობილური ტელეფონები, სადაც ბიჭების ერთმანეთთან მიმოწერა აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ერთ ახალგაზრდას მეორისთვის სწორედ იარაღის ფოტო გაუგზავნია. ეს ამყარებს ვერსიას, რომ იარაღი ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა და შესაძლოა გაუვარდა, ამის შემდეგ კი მომხდარით შეძრულმა თავი მოიკლა. კიდევ ერთი ვერსიით, ბიჭები მოკლულები არიან, თუმცა ახლობლებს არა აქვთ ახსნა, ვის და რატომ უნდა დაეხოცა ისინი.

კორპუსს სათვალთვალო კამერები აქვს, ალბათ, ვიდეოჩანაწერებიც დაერთო საქმეს. არსებული ინფორმაციით, ერთს ტყვია თავში აქვს, მეორეს - გულმკერდის არეში.

უმძიმესი მდგომარეობაა გუგა კოღუას ოჯახშიც. გუგა დედისერთა იყო, 2 წელია გერმანიაში სწავლობდა და მშობლებს მონატრებული შვილი გერმანიიდან ახლახან ჩამოუვიდათ. "23 წლის არის გუგა, სკოლა თბილისში დაამთავრა და უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ გერმანიაში წავიდა სასწავლებლად. სულ წიგნებში იქექებოდა. გუგას ოჯახმა ღამის პირველ საათამდე არ იცოდა, ეს უბედურება რომ დაატყდა თავს. პატრულის თანამშრომელმა აცნობა ბებიამისს. მოჩხუბარი და კონფლიქტური არ იყო, არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება, არც მამამისს ჰქონია იარაღი, ამიტომ გვაინტერესებს, ვისი იყო", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

გამოძიება გრძელდება. ალბათ, მალე გაირკვევა ამ ორი ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი - ეს განზრახ მკვლელობა იყო, თუ მეგობრები უბედურ შემთხვევას შეეწირნენ.

იხილეთ ასევე: "დედას თავიდან უთხრეს, დაჭრილიაო... არ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა" - ვინ არიან გურამიშვილის გამზირზე მოკლული ახალგაზრდები?