ნიკა გვარამიამ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამიამ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა

ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია,- ამის შესახებ პროკურატურის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა "ინტერმედიას" შენობა.

გამომძიებლის თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვებიც.

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებით და ქონების თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან , მათ შორის შპს "ინტერმედია" და შპს "ინტერმედია +" გამოძიებისთვის საინტერესო დოკუმენტაციის და ინფორმაციის ამოღების თაობაზე. დღეს ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია",-აცხადებს გამომძიებელი ბექა კვიციანი.

კითხვაზე, "ინტერმედია" და "ინტერმედია+" შეიძლება თუ არა ნიკა გვარამიას თანამზრახველებად ჩაითვალონ და თუ იქნებიან მათი ხელმძღვანელებიც დაკითხვაზე დაბარებული, გამომძიებელი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს. "იმ შემთხევაში, როდესაც საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩაითვლება, გაკეთდება ოფიციალური განცხადება",-აცხადებს გამომძიებელი.

ბექა კვიციანის თქმით, ამ ეტაპზე გარკვეული კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დასრულებულია, თუმცა ის არ აკონკრეტებს დასრულდა თუ არა სრულად პროცესი.

"ამ ეტაპზე გარკვეული კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დასრულებულია,ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, არის რამდენიმე კომპანია და იქიდან ხდება დოკუმენტაციის ამოღება",-აცხადებს კვიციანი.

ამასთან, გამომძიებლის თქმით, ამოღებული დოკუმენტაცია ჯერ შესწავლას საჭიროებს, თუმცა კვიციანი ადასტურებს, რომ ამოღებულ დოკუმენტაციაში არის ფინანსური გადარიცხვებიც. გამომძიებლის თქმით, საუბარი არის 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ ტრანზაქციებზე, თუმცა ის კონკრეტული ციფრებს არ ასახელებს.

რაც შეეხება გვარამიას გამოკითხვას, საქმის გამომძიებლის თქმით, ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, მიმართავენ სასამართლოს და "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი სასამართლოში დაიკითხება.

"ინტერპრესნიუსი"