ცოდვიანი ხევის კიდევ ერთი ტრაგედია - კვირის პალიტრა

ცოდვიანი ხევის კიდევ ერთი ტრაგედია

"იმ დღეს მძღოლმა ურთულესი მონაკვეთები გაიარა და ისეთ ადგილას დაიღუპა, სადაც არ იყო საფრთხე. როდესაც თუშეთში მიდიან მძღოლები, მანქანაზე 1 ან 2 ტონა ტვირთს დებენ, რადგან მანქანას სიმაღლეზე ატანა უჭირს. როგორც ამბობენ, მგზავრობისას ზაური უკიდურესად დაძაბული ყოფილა, ეტყობა, ნერვიულობდა"

თუშეთში 27 ივლისს დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული 7 კაცი დაკრძალეს, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი: შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი - 13 წლის გაგა და 18 წლის ლევანი. ლევანის ცხედარს მდინარე სტორში 4-დღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. გადარჩა პაატა შაბალაიძე, რომელსაც პატარა ძმა, გაგა ხელში ჩააკვდა.

იმ დღეს 25 წლის ზაურ გიგოიძეს დატვირთული "კამაზით" ქვემო ალვანიდან თუშეთში 12 მგზავრი გადაჰყავდა, როცა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 23-ე კილომეტრზე მანქანა ხევში გადავარდა. დაიღუპნენ მანქანის მძღოლი, 25 წლის ზაურ გიგოიძე, კაბინაში მჯდომი 69 წლის ნათელა ალდამიძე-გიგოიძე, 35 წლის შოთა მჭედლიშვილი და 48 წლის თამაზ ზურაბაშვილი, 5 კაცი კი სასწაულით გადარჩა - ორმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო, ხოლო სამი დარტყმის ძალამ მოისროლა.

ყველანი სოფელ ბეღელაში ათენგენობაზე მიდიოდნენ. როგორც გადარჩენილები ამბობენ, გზაში მძღოლს მანქანა ორჯერ ჩაუქრა, დაქოქვა სცადა, მაგრამ "კამაზი" დაუგორდა და ერთი თვალი ჰაერში დაეკიდა. მერე ისევ დაქოქა, მაგრამ წინ წასვლა ვეღარ შეძლო და ხევში გადაიჩეხა.

"შეიძლება მანქანამ უმტყუნა ან გამოუცდელობის ბრალია"

მერაბ ოთიურიძე, ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი ქვედა ალვანში:

- შალვა შაბალაიძე მეცხვარე იყო, ხელოსნობაც იცოდა და ჩეჩნეთში მშენებლობაზე მუშაობდა, წინადღეს დაბრუნდა ხატობისთვის.

თუშებს ასეთი წესი გვაქვს, წინასწარ ვაწესებთ ხატობის მოთავე მასპინძლებს და წელს სოფელ ბეღელაში, ათენგენობაზე შალვა უნდა ყოფილიყო შულტა - სტუმრების მოთავე მასპინძელი. შალვას ვაჟმა - ლევანმა წელს დაამთავრა სკოლა, გაგა 13 წლის იყო. ნათელა ალდანიძე-გიგოიძეს კი რამდენიმე წლის წინ ორი ბიჭი დაეღუპა, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს.

25 წლის ზაურ გიგოიძემ ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მანქანა შეამოწმა. სადაც "კამაზი" გადავარდა, ის მონაკვეთი არ არის რთული, შეიძლება მანქანამ უმტყუნა ან გამოუცდელობის ბრალია. თამაზ ზურაბაშვილი სტუმარი იყო, შოთა მჭედლიშვილი კი, გურჯაანელი. შაბალაიძეების უფროსი შვილი, პაატა გადარჩა. მან ჯერ კიდევ ცოცხალი ნახა ძმა, გაგა ხელში ჩააკვდა. ამბობს, მთელი 2 საათი, სანამ მაშველები არ მოვიდნენ, ხელში მყავდაო. ტრაგედიის გამო ათენგენობა აღარ ჩატარებულა".

"თუშეთობას ვგეგმავდით, მაგრამ ახლა გლოვაა..."

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა 72 კილომეტრია და სპეციალისტების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია საქართველოში. ფშავლიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. ეს გზა ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა ღია, მერე იკეტება დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო. თუშეთის ულამაზესი ადგილების სანახავად ბევრი ტურისტი ადის, ხოლო ადგილობრივები, რომელთა უმრავლესობა ალვანში ცხოვრობს, ზაფხულობით ადიან მამაპაპისეულ სახლებში.

ლადო კახოიძე, ახმეტის მერის წარმომადგენელი თუშეთში: - მოასფალტებული გზა დაახლოებით 9 კილომეტრია, შემდეგ მეორე 9 კილომეტრზე ასფალტის ფრაგმენტებია, ამის მერე 10 კილომეტრი ჯერ ქვიანი, შემდეგ კი გრუნტიანი გზაა. ფშავლიდან ომალომდე სულ 72 კილომეტრია და ძალიან დაბალი სიჩქარით უნდა იაროს მძღოლმა. 3000 მეტრ სიმაღლეზეა ასასვლელი და უკან ჩამოსვლა უფრო რთულია, ამიტომ როცა იქიდან ეშვება ავტომობილი, დაბალი სიჩქარით, ნელ-ნელა უნდა ჩამოვიდეს, მთავარია, მუხრუჭების სისტემა მაქსიმალურად გამართული ჰქონდეს. ღამე არავის ვურჩევ ამ გზაზე სიარულს, რადგან ძლიერი ნისლია. ასევე საფრთხილოა წვიმიანი ამინდი. რთულ მონაკვეთებზე გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებია, განსაკუთრებით საშიში 56-ე და 57-ე კილომეტრებია.

ეს გზა 1981 წელს გაიჭრა, როგორც ვიცი, ახალი გზის პროექტზე მუშაობენ. ტურისტებს აქაურობა ძალიან მოსწონთ, გვაქვს ტურისტული მარშრუტები, სადაც გადაადგილება უსაფრთხოა. პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები ყოველთვის ადგილზეა. ტურისტები, ძირითადად, ომალოს, ირჩევენ, თუმცა სხვა სოფელშიც არის სასტუმროები და ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ერთადერთი პრობლემა კომუნიკაციაა. წელს ტურისტების სიმრავლეა, დღეში, ალბათ, 100 მანქანა მაინც მოძრაობს ამ გზაზე.

- ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია? - ხშირად მიზეზი მძღოლების სიმთვრალე და სიჩქარის გადაჭარბებაა. თუ გზის თავსა და ბოლოში იქნებიან პოლიციელები, რომლებიც შეამოწმებენ მძღოლებს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, კარგი იქნება. წლების წინ ასეთივე ტრაგედია მოხდა - 12 მეცხვარე ცხვრებიანად ჩაიჩეხა ხევში. იმ ადგილს დღემდე ცოდვიან ხევს ეძახიან.

თუშეთობას ვგეგმავდით, მაგრამ გლოვაა და აღარ ჩატარდა. შაბალაიძეების ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს. მძღოლის, ზაურის მამაც ერთ დღეში დაბერდა. მშრომელი ბიჭი იყო. იმ დღეს ურთულესი მონაკვეთები გაიარა და ისეთ ადგილას დაიღუპა, სადაც არ იყო საფრთხე. გამოძიება მიდის და გაირკვევა მიზეზი. სავარაუდოდ, ეს იყო ტექნიკური გაუმართაობა, ამას ისიც დაემატა, რომ მძღოლს არ ჰქონდა "კამაზის" მართვის გამოცდილება. როდესაც თუშეთში მიდიან მძღოლები, მანქანაზე 1 ან 2 ტონა ტვირთს დებენ, რადგან მანქანას სიმაღლეზე ატანა უჭირს. როგორც ამბობენ, მგზავრობისას ზაური უკიდურესად დაძაბული ყოფილა, ეტყობა, ნერვიულობდა. ბოლოს დაუყვირია, ვიღუპებით, გადახტითო.

დიდი ტრაგედია დატრიალდა, ყველა გლოვობს დაღუპულებს.

ავტოავარიები თუშეთში

14 ივნისს აბანოს ხიდთან პიკაპი დაახლოებით 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. მანქანის მგზავრი, 35 წლის კონსტანტინე ღუზარაული, დაიღუპა, მძღოლი კი, 40 წლის ალექსანდრე ბიძინაშვილი, დაშავდა.

29 ივლისს წოვათის ხეობაში ავტომობილი გადავარდა ხევში. 22 წლის დიტო ლაგაზიძე დაიღუპა, 18, 23 და 25 წლის ბიჭები კი დაშავდნენ.

მანამდე, მაისში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე, სადაც მეწყრის გამო მდინარე ალაზანი დაგუბებული იყო, 56 წლის ტარიელ სახოკია დაიღუპა. ის თუშეთის გზის აღდგენით სამუშაოებზე იყო დასაქმებული - სატვირთო მანქანით ხრეში შეჰქონდა მდინარეში ხელოვნური მიწაყრილის გასაკეთებლად, უკუსვლით მიდიოდა, როცა გულმა უმტყუნა, მანქანა ხრამში გადაიჩეხა და დაახლოებით 10 მეტრამდე სიღრმის ტბაში ჩაიძირა.

2017 წლის 24 ივლისს სოფელ ბოჭორნასთან "ტოიოტას" მარკის ჯიპი გზიდან დაახლოებით 300-350 მეტრის სიღრმეზე ხევში გადავარდა. დაიღუპა 22 წლის გიორგი ჯიჯურიძე.

იმავე წლის 14 მაისს თუშეთის გზის 43-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის ახლოს, ზვავი ჩამოწვა და 52 წლის ლალისყურელი, კომპანია "გერალის" თანამშრომელი პაატა ბუჟაიძე მოიყოლა. ზვავის ჩამოწოლის დროს ის და კიდევ ერთი პირი გზაზე ფეხით მიდიოდნენ. ზვავის ნაწილი მეორე პირსაც მოხვდა, მაგრამ გადარჩა.

2016 წელს თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე "ლენდკრუიზერის" მარკის ჯიპი, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები ისხდნენ, გზიდან დაახლოებით 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპნენ 5 და 10 წლის ბავშვები, დაშავდნენ მათი მშობლები და ორი მოზარდი. ტრაგედიის მიზეზი ნისლი იყო.