"აუდიტი არც ჩაუტარებიათ, ისე გაიქცნენ პროკურატურაში" - კვირის პალიტრა

"აუდიტი არც ჩაუტარებიათ, ისე გაიქცნენ პროკურატურაში"

"რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, "გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".

თადუმაძის უწყების განმარტებით, გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით "რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6.763.510 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა... აზიანებდა თუ არა რეალურად "რუსთავი 2"-ს ნიკა გვარამია, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს ესაუბრა.

- პროკურატურის ბრიფინგი მხოლოდ და მხოლოდ ნიკა გვარამიას რეპუტაციის შებღალვას ემსახურებოდა. შემდგომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არავინ იცის. ფაქტია, საქმე ძალზე მოცულობითია და მას თავად პროკურატურა არ იცნობს, დოკუმენტებიც არა აქვთ დახარისხებული. დოკუმენტების ნაწილი დაუნომრავია და აღწერის გარეშე გადმომცეს. უბრალოდ, ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, რომ ნიკა გვარამიასთვის ბრალი აუცილებლად წაეყენებინათ, თორემ თვითონაც არ იციან, რა ხდება დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაცია კი 25 დიდი ყუთია, სრულყოფილად გასაცნობად, ალბათ, 2-3 თვე მაინც დამჭირდება.

- პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს ,,ინტერმედიაპლუსს" ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა "რუსთავი 2"-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ვაკის ერთ-ერთ უბანში მდებარე 565.226 ლარად ღირებული 2 საცხოვრებელი ბინა, 240 კვმ ფართობით. 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისსა და სექტემბერში ბინები გაყიდა 602.521 ლარად. რით ხსნით გვარამიას ამ ქმედებას?

- ნიკა გვარამიამ 2016 წელს გაყიდა საკუთარი ბინა, რომელიც შეძენილი ჰქონდა 2011 წელს, სანამ "რუსთავი 2"-ში მივიდოდა. კომპანიაში მაშინ მძიმე ფინანსური მდგომარეობა იყო და ხელფასების გასასტუმრებლად ბინის გაყიდვით მიღებული თანხა შეიტანა "ინტერმედიის" ანგარიშზე, ანუ იმ კომპანიის, რომელიც "რუსთავი 2"-ს აწვდის შემოსავალს. დაახლოებით 1 წლის შემდეგ "ინტერმედიამ" ამ სესხის დასაბრუნებლად დაუბრუნა ბინები, რაც იმავე საბაზრო ღირებულების ეკვივალენტური იყო. ეს დანაშაული არ არის, პირიქით, ნორმალური დამფუძნებელი მადლობას ეტყოდა ნიკა გვარამიას, იმიტომ, რომ დირექტორები ასე არ იქცევიან, საკუთარ სახლებს არ ყიდიან იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ხელფასები აიღონ. მე ამის წარმომადგენელი ვიყავი და ამაზე ხელი მაქვს მოწერილი.

- წინა დაკითხვისას თადუმაძის უწყებას გვარამიასთვის ამ თემებზე კითხვები არ დაუსვამს? - არათუ კითხვა, გაკვრითაც კი არ ყოფილა ამაზე ერთი სიტყვაც ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვა 2-საათიანი იყო და ოქმი 45-გვერდიანი.

- "ინტერმედიასთან" დადებული ხელშეკრულება გააკრიტიკა არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა. - პაატა სალია, პროკურატურა, ქიბარ ხალვაში, ნინო ნიჟარაძე და ყავლაშვილი საკუთარი მიზნებით კი არ მოქმედებენ, არამედ ერთი კონკრეტული პირის - ბიძინა ივანიშვილის ნების ბრმა აღმსრულებლები არიან.

- ყარამანიშვილებს ამ ხნის განმავლობაში ტელევიზიაში აუდიტი არ შემოუყვანიათ? - როდესაც ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელი მოვიდა ტელევიზიაში, აუდიტის ჩატარება მოითხოვა, ოღონდ ჯერ ფინანსურ დოკუმენტაციას გავეცნობი, მერე საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას რომ მივმართოთო. რა თქმა უნდა, დოკუმენტების გაცნობის საშუალება მივეცით, თუმცა შემდგომ აუდიტი არც ჩაუტარებიათ, ისე გაიქცნენ პროკურატურაში. თავიდანვე ეს ჰქონდათ მიზნად.

- ყარამანიშვილები გვარამიას ენდობოდნენ? - მათ ჰქონდათ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ყველა მათგანი შეთანხმებული იყო.

- სალია ამბობს, რომ ტელეკომპანიას მილიონობით ვალი აქვს, მათ შორის წყლის კომპანიისაც... - დავალიანება მომდინარეობს იმ 7-წლიანი პერიოდიდან, როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა მექანიზმით ებრძოდა "რუსთავი 2"-ს. მიუხედავად ამისა, ნიკა გვარამია ახერხებდა, რომ კომპანიას შეუფერხებლად ემუშავა.