ეკა ხერხეულიძის წყალობით "ხულიგანი" "ბატონად" იქცა - კვირის პალიტრა

ეკა ხერხეულიძის წყალობით "ხულიგანი" "ბატონად" იქცა

კანონი ყველასთვის ერთი რომ უნდა იყოს,  ყველამ ვიცით, მაგრამ სამწუხარო ის არის,  რომ გავლენის სფეროების მიხედვით არის დიფერენცირებული.

მაგალითად, თუ უბრალო კახელი გლეხი ხართ და პოლიციელმა მანქანა დაგაჯახათ, თქვენ კი კახურად გამოხატავთ უკმაყოფილებას, იქით მიგცემენ პასუხისგებაში ხულიგნობისთვის, მაგრამ თუ გავლენიანი მფარველი და ნაცნობ-მეგობრები გყავთ, პოლიციის უფროსს ისეთი ამბავი შეიძლება დაემართოს, როგორიც ჩვენს სტატიაშია აღწერილი.

ზვიად ფოფხაძე: - მეგობრის ქორწილში ვიყავი ტყიბულში, როცა გავიგე, რომ ჩემი მეგობრები პოლიციამ დააკავა. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ბიჭები გაჩერებულ ავტომანქანაში ისხდნენ, როცა პოლიციამ შეამოწმა, ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააჯარიმა(!) და მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაც გადაწყვიტა.

ბიჭებმა პროტესტი გამოთქვეს და გამწარებულებმა  თავიანთი ავტომანქანის საბურავს ფეხი მიარტყეს. ამას ის მოჰყვა, რომ ბიჭები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ოქმი უკვე შედგენილი იყო, ავტომანქანა პოლიციის დროებით მფლობელობაში ითვლება და პოლიციის საკუთრების დაზიანება დასდეს ბრალად(?).

ვითარებაში გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში წავედი, მაგრამ მორიგემ პასუხი არ გამცა. მერე მითხრეს, ეგ თქვენი საქმე არ არის, ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთო. როგორც იქნა, პოლიციის უფროსის ტელეფონის ნომერი გავიგე. რადგან  პოლიციის უფროსი არ მპასუხობდა, მესიჯი მივწერე...

დაახლოებით 10 წუთში პოლიციის კარი გაიღო, გინებით გამოვიდა უცნობი პირი და უცბად ისე ჩამცხო, რომ გავოგნდი, წაეთრიე აქედან, თორემ ხერხემალში გადაგამტვრევო და მოაყოლა ლანძღვა-გინების კორიანტელი. ჩემდა გასაოცრად პოლიციის უფროსი აკაკი ქათამაძე აღმოჩნდა. გამოვერიდე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დავრეკე... გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფოდ გადმოგზავნა ტყიბულში შეტყობინება, რომ შესაბამის ორგანოებს დავეკითხე.

დაკითხვა ერთ-ერთ გამომძიებელს დაევალა. მან ჯერ ალკოჰოლური ტესტი მოიტანა, უნდა შეგამოწმოთო. იცოდნენ, რომ ქორწილში ვიყავი და ნასვამი ვიქნებოდი. ჩვენება მივეცი და ახლა მე მოვითხოვე, ის პოლიციის უფროსი შეემოწმებინათ, რომელმაც უმიზეზოდ გამლახა. გამომძიებელმა უარი მითხრა, პოლიციის უფროსი ჩემი უფროსია და ვერ შევამოწმებ, ვერც იმას ჩავწერ ჩვენებაში, რასაც მეუბნებიო. შევატყვე, ჩემი ბედიც სასწორზე იყო შეგდებული და იძულებული გავხდი, ჩემი ახლობლისთვის, ეკა ხერხეულიძისთვის დამერეკა.

ამის შემდეგ უცბად გაიღო კარი და პოლიციის უფროსის მოადგილე ისეთი დაშაქრული შემოვიდა, გავოგნდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსისგან ლანძღვა-გინებისა და ცემა-ტყეპის პრაქტიკული მეცადინეობა მქონდა გავლილი. უფროსის მოადგილემ თვალები დააბრიალა, ამ კაცს დროს ნუ აკარგვინებთ, დაუწერეთ ჩვენებაში, რაც უნდა და სახლში გააცილეთო.

მანამდე "სამი ასო" ამჯერად "ბატონი" გავხდი, პოლიციელები კი - ზრდილობის ეტალონი. გარეთ რომ გამოვედი, ჭიშკართან ტყიბულის გამგებელი დამხვდა, - თქვენ არ ინერვიულოთ, ყველაფერს, გავარკვევთო.

ჩვენ დავუკავშირდით ტყიბულის პოლიციის უფროსს აკაკი ქათამაძეს:

- თქვენ მოქალაქე ზვიად ფოფხაძე შეურაცხყოფასა და ცემაში გადანაშაულებთ.

- კი, იყო ასეთი რაღაც...

- რა იყო, თქვენ სცემეთ მოქალაქეს?

- არა, როგორ გეკადრებათ? ზვიად ფოფხაძემ გენინსპექციაშიც დარეკა, 022-ზეც. მასალებს გენერალური ინსპექცია იკვლევს, მეტს ვერაფერს გეტყვით.

- ეს ყველაფერი ფოფხაძემ მოიგონა?

- არ ვიცი, ყველაფერს დაადგენს შესაბამისი სამსახური, მერე, ალბათ, დადგება ან არა პასუხისმგებლობის საკითხი.

- ბატონო აკაკი, ლაპარაკია თქვენზე.  ფოფხაძეს სცემეთ თუ არა, არ იცით?

- გასაგები ქართულით არ ვლაპარაკობ? გენერალური ინსპექცია მე ხომ არ ჩამაყენებს საქმის კურსში?

- მხოლოდ ერთი, კონკრეტული კითხვა მაქვს, სცემეთ თუ არა ფოფხაძეს?

- არ ვიცი, დაამთავრეს თუ არა ეს საქმე, მეტს ვერაფერს გეტყვით.

პოლიციის უფროსისათვის მინდოდა მეკითხა, რა დააშავეს იმ ბიჭებმა, მაგრამ პოლიციის უფროსისთვის, რომელმაც ისიც არ იცის, პირადად სცემა თუ არა მოქალაქეს, ამ კითხვის დასმა უადგილო მეჩვენა.