"ისეთი არავინ გყავს, რომელიც ქმრის მოცილებაში დამეხმარებაო?" - შეკვეთილი მკვლელობით დასრულებული 25-წლიანი თანაცხოვრება
"ისეთი არავინ გყავს, რომელიც ქმრის მოცილებაში დამეხმარებაო?" - შეკვეთილი მკვლელობით დასრულებული 25-წლიანი თანაცხოვრება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქმრის მკვლელობისთვის არაერთი ქალი იხდის სასჯელს. მათ რიცხვში არიან ისეთები, რომლებიც მომხდარს გულწრფელად ნანობენ და დანაშაულსაც აღიარებენ, თუმცა ბევრი მსჯავრდადებული ქალი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

25-წლიანი თანაცხოვრება შეკვეთილი მკვლელობით დასრულდა

თბილისში მომხდარი ერთი გახმაურებული ფაქტიდან უკვე 9 წელი გავიდა.
არ ვიცი, განიცდის თუ არა მომხდარს მსჯავრდადებული ქალი, რომელიც ციხეში გამოკეტეს, თუმცა ფაქტია, ის 9 წლის წინ, უმძიმესი ბრალდებით წარდგა სასამართლოს წინაშე. იმ საბედისწერო დღეს ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი სამსახურიდან
სახლში დაბრუნდა. მანქანა სახლთან ცოტა მოშორებით გააჩერა, სწორედ ამ დროს დახვდა მას შეიარაღებული პირი და ტყვიები დაახალა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს. ერთი წელი საქმე გაუხსნელი იყო. მისი ცოლიც ალბათ ფიქრობდა, რომ საქმე არ გაიხსნებოდა, თუმცა მოულოდნელად მოვლენები შეიცვალა. გამოჩნდა საქმის
ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ლევანის მკვლელობა მისი ცოლის შეკვეთილი იყო
. მაშინ რამდენიმე პირი ძალოვანებმა დააკავეს და მათი აღიარებითი ჩვენებებიც გავრცელდა.

სწორედ მაშინ შეიტყო მოკლულის ქალიშვილმა, რომ მამის მკვლელობის დამკვეთი დედამისი იყო და მან მთელი წელი ფაქტის დამალვა უპრობლემოდ შეძლო.

ეს ფაქტი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახის წევრებისთვის. გაირკვა, რომ ქმრის მკვლელობიდან მალევე, ნიამ ბინა გაყიდა და საცხოვრებლად სხვა მამაკაცთან გადავიდა. ნიას მეორე შვილის მამა გ.თ. ძალოვანებმა ნიასთან ერთად დააკავეს და მას დანაშაულის დაფარვაში ამხელდნენ.

ბრალდების მტკიცებით, ნიამ მეუღლის მკვლელობა მეგობარს დაუკვეთა. მას შემსრულებლის მოძებნა არ გასჭირვებია, თანხაზეც შეთანხმდნენ და სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ლევანი, გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. გამოძიების მტკიცებით, ოჯახის მოსამსახურეც იყო საქმის კურსში და ის შუამავალი გახლდათ. მიჰქონდა რატისთან (მკვლელთან) ნიასგან მიღებული ინფორმაციები. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ნიამ მეუღლის მკვლელობის მეორე დღეს, ამ მოსამსახურის დახმარებით რატის შესრულებული სამუშაოსთვის 3. 000 ევრო გაუგზავნა...

მართალია, საზოგადოებამ მაშინ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები მოისმინა, მაგრამ სასამართლოზე მათ ეს ჩვენებები უარყვეს და მის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს. მხოლოდ რატი იხსენებდა ყველა დეტალს და პროცესზე სხვებსაც ამხელდა. სწორედ მისი აღიარებითი ჩვენებით გაიხსნა დანაშაული, ამიტომ პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

რატის ჩვენებიდან:

"ნიას ბინაში მდგმურად ვცხოვრობდი. დავუმეგობრდი. მისი ბავშვის ძიძასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა. სამივე ერთმანეთს პირადულ საიდუმლოებებს ვუმხელდით... ნია წუხდა, მისი მეუღლე სისტემატურად რომ სვამდა. მთვრალი მას და მის შვილს ემუქრებოდა... ჩემთან, ნაქირავებ ბინაში ძებნილ მეგობარს ვმალავდი. მალე დაიჭირეს, ეს ნიასაც ვუთხარი. მაშინ მითხრა, - ასეთ ხალხთან გაქვს ურთიერთობა, ისეთი არავინ გყავს, რომელიც ქმრის მოცილებაში დამეხმარებაო? დავთანხმდი, რომ ასეთ ადამიანს მოვუძებნიდი... საუბრიდან ერთ თვეში ნიას ქუჩაში შევხვდი. ისევ მითხრა, - იმ საქმეზე ხომ არაფერი გაგირკვევიაო? ვუთხარი, რომ მყავდა პიროვნება, რომელიც დაეხმარებოდა. ქმრის მკვლელობაში 5.000 დოლარს იხდიდა. მასთან ურთიერთობა ძიძის მეშვეობით მქონდა... ამ საკითხზე ზ-ს ვესაუბრე. ჩემი კარის მეზობელი იყო. სიტუაცია რომ გაიგო, მითხრა, მე გავაკეთებო, მაგრამ ფული ეცოტავა, იქნებ მეტი გადაიხადოსო. ნიას თანხის მომატებაზე რომ დაველაპარაკე, მითხრა, - ეგ საქმე მეტი არ მიღირსო. ისიც დათანხმდა იმ თანხაზე და სამოძრაო ფული მომთხოვა. მოსამსახურემ მხოლოდ 200 დოლარი მოიტანა, - სანამ საქმეს არ გააკეთებთ, მანამდე მთლიან ფულს ვერ მიიღებთო. ის 200 დოლარი ზ-ს მივეცი, მანქანა ჰქონდა გასაკეთებელი... იმ დღეს სახლში მეძინა, ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა, - ქუჩაში ლევანის ცხედარია, მოუკლავთო. გამიკვირდა, რადგან ეს საქმე მე და ზ-ს ერთად უნდა გაგვეკეთებინა... მთელი ღამე ვერ დავიძინე, სიმართლის გარკვევა მინდოდა. დილით მოსამსახურე მოვიდა, კონვერტი მომაწოდა და მითხრა, - ეს ფული ნიამ მომცა, შესრულებული სამუშაოსთვისო. ამ ფაქტიდან 2 საათში ჩემთან ზ. მოვიდა და ფული მომთხოვა. ვკითხე, - შენ ჩაიდინე-მეთქი? მითხრა, - რას დაეძებ, საქმე შესრულებულია და ფული მომეციო. ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოში წავედი... ზ. ერთი წლის შემდეგ ვნახე..."

ნია კატეგორიულად უარყოფდა ქმრის მკვლელობის დაკვეთას. ირწმუნება, რომ მას ამას აბრალებდნენ. სასამართლო სხდომებზე იმდენად აქტიურობდა, რომ ბევრჯერ მოსამართლის შენიშვნაც მიიღო. მოსამართლე მას დარბაზიდან გაძევებითაც დაემუქრა.

ნია და ლევანი 25 წელი ცხოვრობდნენ ერთად.
ნიას ჩვენებიდან:
"18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი... ლევანმა დალევას მოუხშირა, ამისთვის თავი რომ დაენებებინა, შვილთან ერთად ესპანეთში წავედით... სიფხიზლეში კარგი ხასიათი ჰქონდა, როცა დალევდა, ცუდად ხდებოდა, ხილვებიც დაეწყო. მივხვდი, მასთან ვერ ვიცხოვრებდი და საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. მისი არსებობა ჩემმა ქმარმაც შეიტყო, მაგრამ შერიგება მაინც მთხოვა. ამ დროს დედა და ძმა გარდამეცვალა. მეგობარი მამაკაცი მყავდა, გ.თ., მისგან უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც შევურიგდი ქმარს. ბავშვი ერთი წლის იყო, როცა უფროსმა გოგომ გაიგო, ის სხვა კაცისგან რომ მყავდა... როცა ცუდად იყო, ლევანი სახლიდან არ გადიოდა... ბავშვის გაზრდაში ძიძა მეხმარებოდა. რატი მან გამაცნო. იმ პერიოდში ლევანი სულ სვამდა და ვთქვი, - ვერ ვაჩერებ, მოკვდება, ის დაისვენებს და მეც-მეთქი. ერთ დღეს რატიმ სახლში პროდუქტი ამატანინა, კიბეზე რომ ჩადიოდა, მომაძახა, - იმ კაცს გერმანიიდან მანქანები ჩამოჰყავსო. ვერ მივხვდი, რას ამბობდა. მერე ძიძამ მითხრა, - 5.000 დოლარში ლევანს ვიღაც მოკლავსო. ვუთხარი, წადი და გადაეცი, ახლავე ბინა დაცალოს-მეთქი. ამ საუბრიდან ცოტა ხანში ლევანი მოკლეს. მე მისი სიკვდილის დროს მართლა არ მითამაშია, ძალიან ცუდად ვიყავი. მოსამსახურე მოვიდა და მითხრა, რატიმ შემოგითვალა, სისულელეები არ გინდა, ვინც ლევანი მოკლა, იმას 40 ადამიანი ჰყავს მოკლული და ფული გამოგზავნეო. ვუთხარი, ფული სადაც იყო, - აიღე და მიუტანე-მეთქი. 3.000 ევრო მიუტანა... შემდეგ მანქანის გაყიდვაში დახმარება შემომთავაზა. მისი მეშინოდა და არაფერს ვამბობდი..."

დაკავების დროს ნია მკვლელობის შეკვეთას აღიარებდა. სასამართლოზე თქვა, მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და არ მახსოვს, რა მიწერია და ამიტომ ის ჩვენება არ გამომიქვეყნოთო. ადასტურებდა, ქმრის მკვლელობის შემდეგ ბინა რომ გაყიდა და საცხოვრებლად მისი მეორე შვილის მამასთან გადავიდა.

ძიძა დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო. მან შვილი ციხეში გააჩინა. ისიც არ ცნობდა თავს დამნაშავედ, თუმცა ფულის გადაცემას ადასტურებდა. არც მკვლელობის შემსრულებელმა აღიარა დანაშაული. მართალია, ბრალდებულები დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. ნიას ქმრის მკვლელობის დაკვეთისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ძიძას - 16, გ.თ-ს - 2 წელი. რატისთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მას 8 წელი პირობითი სასჯელი აკმარეს. ხოლო მკვლელობის შემსრულებელს, ზ-ს კი სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს.

მართლმსაჯულება
12 აგვისტო 2019 23:47
ხან ძიძაა, ხანაც მოსამსახურე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა