"ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს" - ვინ არის ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა? - კვირის პალიტრა

"ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს" - ვინ არის ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა?

როგორც ცნობილია, ესპანეთში ბარსელონაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ირკვევა, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლი 30 წლის გიორგი პავლიაშვილია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გიორგი პავლიაშვილი საქართველოში არ ყოფილა და საბუთებს აგროვებდა სამშობლოში თავისუფალი მიმოსვლისთვის. რა მოხდა ბარესლონაში და რამ იმსხვერპლა ახალგაზრდა კაცი? -  გვესაუბრება გიორგი პავლიაშვილის ახლობელი:

- გიორგის გარდაცვალება ჩვენთვის, მისი საახლობლოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. ის ჩვენი ღიმილის ბიჭი იყო. ვინც მას არ იცნობდა, უფრო მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანს გვერდით ვერ ინატრებს. თანაც საოცარი სულიერი სამყარო ჰქონდა: საქართველოს მთები და ტბები სულ საკუთარი ფეხით ჰქონდა მოვლილი. გიჟდებოდა ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე... გიორგის ბიძაშვილი, ისიც სულ ახალგაზრდა, ვანიკო კვალიაშვილი 9 აგვისტოს დაიღუპა აგვისტოს ომში. გიორგის მშობლები ათეული წლების წინ წავიდნენ ესპანეთში, თითქოს ცხოვრება აიწყვეს და უნდოდათ, რომ შვილებიც წაეყვანათ. გიორგის და ადრევე წავიდა და ესპანეთში მიიღო უმაღლესი განათლება, მაგრამ გიორგი არ წავიდა, - სამშობლოში უნდა ვიცხოვროო. სკოლაც თბილისში დაამთავრა და უნივერსიტეტიც. ოჯახიც აქ შექმნა, უკვე 10 წლამდე გოგონა ჰყავს... ესპანეთში მაშინ წავიდა, როცა იძულებული გახდა, როცა ნახა, რომ ფეხი ვერსად მოიკიდა, ოჯახიც დაენგრა და გაქცევის გარდა თითქოს გზა აღარც დარჩა.

- რა გახდა ჩხუბის მიზეზი?

- ზუსტად რატომ მოხდა ჩხუბი, არავინ იცის, გიორგის ვინც იცნობდა, იცის, რომ ჩხუბის დროს მარტო არავის დატოვებდა და მეგობრის გამო თავს შეაკლავდა მოწინააღმდეგეს. როგორც ამბობენ, ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს, გიორგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, ვერაფერი უშველეს, სამწუხაროდ... ახლა სამუდამოდ მიაბარებს საქართველოს თავის სხეულს. გული შემტკივა გიორგის გოგონაზე, რომელიც მამის ნახვაზე ოცნებობდა და ვეღარასოდეს ნახავს. გიორგის დედ-მამაზე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს შვილების გასაძლიერებლად, მაგრამ...

ჩვენ დაგვიკავშირდნენ გარდაცვლილი გიორგი პავლიაშვილის მეგობრები, რომელთაც ასეთი რამ განაცხადეს: "ჩხუბი ადგილობრივ მაცხოვრებელთან შელაპარაკებით დაიწყო, რომლის ინიციატორი ჩვენი ბიჭები არ ყოფილან. ჩხუბის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება იყო, ადგილობრივმა ბოშამ ნაგვის ტომარა ისე მოიქნია, რომ ერთ-ერთ ქართველს მოხვდა, რასაც მოყვა შელაპარაკება და დაიწყო ჩხუბი".

(სპეციალურად საიტისთვის)