სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა - კვირის პალიტრა

სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცნობია. თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ნოსირის რწმუნებულმა გოგა ქორიძემ განუცხადა, ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული.

"ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა. ერთი მთლიანად დაიწვა. არ ვიცით იქ რამდენი ადამიანი ისხდა. წამებში მოხდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა მაგრამ მანამდე დაიფერფლა მანქანა. მეორე მანქანაში მსხდომები თავიანთი ფეხით გამოსულან, როგორც ვიცი სერიოზული არაფერი სჭირთ, მაგრამ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი", - ამბობს ქორიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე.