უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.გეგიძე სუს-ში დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული."როცა უწყება ჩამაბარეს, მაშინვე ვუთხარი, რომ 19 აგვისტოს, 11:00 საათზე მისვლას ვერ მოვახერხებდი. მიზეზებს ვიტყვი დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე", - განუცხადა გეგიძემ "ინტერპრესნიუსს".თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით უწყებაში იყო დაბარებული, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს."აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება", - აცხადებენ სუს-ში.ინფორმაციისთვის, ბიძინა გეგიძე 2014 – 2016 წლებში "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო."ინტერპრესნიუსი"