"ოქმზე ხელი არ მომიწერია" - რა განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ბიძინა გეგიძემ? - კვირის პალიტრა

"ოქმზე ხელი არ მომიწერია" - რა განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ბიძინა გეგიძემ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე 19 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა. საქმე 2014-2016 წლებში მის "საქართველოს ფოსტაში" საქმიანობას ეხება.

"კითხვები შეეხო "საქართველოს ფოსტაში" ჩემს საქმიანობას, კერძოდ, ეს ეხება "საქართველოს ფოსტის" ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ხდებოდა ფოსტის კუთვნილებაში ქონების აუქციონის წესით ყიდვა. აუქციონს ატარებდა სახელმწიფო და ფოსტაში ხდებოდა აუქციონზე შესატანი ობიექტების სიის მომზადება. კითხვები იყო ამ პროცესის ირგვლივ - როგორ ხდებოდა ამ ობიექტების შეფასება, რასაც აუდიტი ახდენდა, რომელთანაც კომპანიას ჰქონდა ხელშეკრულება. ასევე, როგორ ხდებოდა ფასების ცვლილებები და ა.შ. თანხის გაფლანგვაზე კითხვები, ასეთი რამ არ ყოფილა, არც ბრალდების მაგვარი. ეს იყო გამოკითხვა, ვიყავი მოწმის სტატუსით", - განაცხადა გეგიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ აუქციონის პროცესზე "საქართველოს ფოსტა" ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ბიძინა გეგიძის განცხადებით, ის სავარაუდოდ, გამოკითხვის ოქმში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე იფიქრებს.

"ეს გაგრძელდება, ერთია, როდესაც საუბრობ ზეპირად და მეორეა, როდესაც ეს გადადის ოქმის სახით, დოკუმენტი უნდა შეიქმნას, ანუ გამოკითხვის ოქმი. რომ წავიკითხე, ჩემი უფლება იყო, შესწორებების შეტანა, დამატებები, შეიძლება დამჭირდეს, რომ იყოს გამართული ბოლომდე ჩემი აზრი, რაც გადავეცი. უნდა მოვიფიქრო, თუ რა შესწორებებს შევიტან. ამ ოქმზე ხელი არ მომიწერია. ვთვლი, რომ შინაარსი აისახა ამ ოქმში, მაგრამ ჩემი აზრი არ არის ასახული ისე, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება, ანუ გასასწორებელია. რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა, უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, არ დარჩეს ლავირების საშუალება", - განაცხადა გეგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"