პატრულმა ნარკოტესტით 74 მძღოლი შეამოწმა - მათგან 34-ს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

პატრულმა ნარკოტესტით 74 მძღოლი შეამოწმა - მათგან 34-ს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დაუდასტურდა

შსს-მ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადაამოწმა, რომელთაგან 34 შეთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვა დადასტურდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სააგენტო შსს-სგან დაინტერესდა იმ ნარკოტესტების გამოყენების შედეგებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა და რომლითაც მძღოლის მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზე, ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანის გარეშეა შესაძლებელი.

"მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტესტების საშუალებით გადაამოწმეს 74 პირი, რომელთაგან 34-ს დაუდგინდა ავტომობილის მართვა ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებით ქვეშ, როგორიცაა: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოდეინი, მორფინი, ჰეროინი და სხვ.

გადამოწმება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციის შესაბამისად, რომელიც 2019 წლის 1-ელი აპრილიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს გზებზე ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებში დაინერგა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტების გამოვლენის ახალი მექანიზმი. კერძოდ, ნარკოთრობისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორის მიერ, სპეციალური ნარკოტესტის საშუალებით ადგილზე ხდება მძღოლის გადამოწმება. ზემოხსენებული პროცედურა, ნარკოტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს ნარკოტიკული ნივთიერების ტიპსაც და ადასტურებს, რომ მძღოლი ნამდვილად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ამასთან, აღნიშნული მექანიზმი, ნარკოტესტით გადამოწმების პროცედურის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ითვალისწინებს მძღოლის განმეორებით, კლინიკურად შემოწმებას კვალიფიციური ექსპერტის მიერ, მათ შორის ლაბორატორიული კვლევის საშუალებით", - ნათქვამია "ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების განმარტებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი მექანიზმის დანერგვის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა სამინისტროს იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ნარკოტესტის გამოყენება, შედეგების დაფიქსირება და სამართლებრივი შეფასება, ასევე, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავება/დამტკიცება.

"შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფართომასშტაბიანი ადმინისტრირების ღონისძიებებს მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან ახორციელებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყველა რეგიონში დასრულდა გადამზადების პროცედურა", - აღნიშნავენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"