"გააფრთხილე ყველა, რომ თავის მოკვლას არ ვაპირებ" - კვირის პალიტრა

"გააფრთხილე ყველა, რომ თავის მოკვლას არ ვაპირებ"

საქართველოს ყოფილი  სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი, ძებნილი ვიქტორ ჭელიძე, რომლის სკანდალური ინტერვიუებიც (სათაურით "თქვენთან ვაცხადებ პირველად"), "კვირის პალიტრის" სექტემბრის ნომრებში გამოქვეყნდა, დააპატიმრეს. ეს ჭელიძის მეუღლე იანა ბატურინამ გვაცნობა: "ხუთი წელიწადია, რაც ვიქტორი ბელგიაში ცხოვრობს და პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

ვერც შეექმნებოდა, რადგან ბელგიის სახელმწიფოსგან მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი. რის გამო დააპატიმრეს და რატომ ელის დეპორტაცია, არ ვიცი. დეტალებს ახლა ვაზუსტებთ. როგორც მითხრეს,

საქართველოს პრეზიდენტს მოუთხოვია მისი ექსტრადირება, რასაც "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუებს ვუკავშირებთ.

რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტი ყველა ძებნილის ექსტრადირებას თავად არ ითხოვს, ე.ი. განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე(?!). ვფიქრობ, ვიქტორი შურისძიების ობიექტია. ციხეში რამდენიმე წუთს ვესაუბრე, მხოლოდ ორიოდე წინადადების თქმა მოასწრო: საქმე ძალიან ცუდად არის. დარწმუნებული ვარ,  საქართველოში ჩემი ჩასვლა არავის აწყობს.

გააფრთხილე ყველა, რომ თავის მოკვლას არ ვაპირებო. მისი სიცოცხლე საფრთხეშია და ამის თქმა ამიტომ დასჭირდა. შესაძლოა, მოკლან და მერე ეს ისე გაასაღონ, თითქოს თავი მოიკლა".

ჭელიძეს მართლაც ჰქონდა "კვირის პალიტრისთვის" გაცხადებული, "მზად ვარ, მოვყვე ყველაფერს და მერე თავიც მოვიკლა, თუ ეს ჩემს უდანაშაულობაში ხალხს დაარწმუნებს", შემდეგ კი მან ცნობილი მოვლენების  უცნობ დეტალებზე ისაუბრა:

ელიავას ამბოხებაზე, ვარდებისა და აჭარის რევოლუციებზე და ამ მოვლენებში თავის მონაწილეობაზე. ჭელიძემ ყოფილი თუ მოქმედი არაერთი თანამდებობის პირი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, მათ შორის იყვნენ  სამხედრო-საზღვაო ძალების ამჟამინდელი გენერლები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გივი იუკურიძე, შსს-სა და უშიშროების მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები და ა.შ.

"შავ სიაში" მოხვდნენ ისინიც, რომლებმაც ხელი არ შეუშალეს მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის მცდელობას აჭარის მოვლენების დროს. ჭელიძე მიიჩნევს, რომ მაშინ სააკაშვილი ბეწვზე გადარჩა, რაც აჭარის ყოფილი შს მინისტრ ჯემალ გოგიტიძის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე პრეზიდენტის დაცვის ან შესაბამისი სტრუქტურებისა, რომლებიც სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.

ჭელიძის ბრალდებებზე პასუხის გაცემა  მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა გივი იუკურიძემ გაბედა, თუმცა მაინცდამაინც სიტყვაუხვი არ აღმოჩნდა. ჭელიძის მიერ დასახელებულმა ზოგიერთმა პირმა კი მხოლოდ პირად საუბარში გამოხატა აღშფოთება და ამ საკითხზე საჯაროდ ლაპარაკი არ ისურვა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთ-ერთი განცხადებაც, რომელიც ჭელიძემ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა: "დევნილობის ჟამს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი არაერთხელ ვცადე, რამდენიმე თანამდებობის პირსაც შევხვდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გადავეცი საიდუმლო კასეტები, რომლებშიც ქვეყნის მოღალატეები იყვნენ მხილებული. როცა დავრწმუნდი, რომ ამაოდ ვირჯებოდი (თავს ვიკავებ ვიდეოკასეტების შინაარსის გაშიფვრისაგან, რადგანაც მტრულად განწყობილმა ქვეყანამ მიღებული ინფორმაცია შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს), ვიდეოკასეტები ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადავეცი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველომ აირიდოს მოსალოდნელი საფრთხე".

არ არის გამორიცხული, ჭელიძის ექსტრადირების მოთხოვნა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე პროცესსაც უკავშირდებოდეს. თუ მისი ოჯახის წევრების განცხადებებს ვირწმუნებთ, ჭელიძის ექსტრადირება ოფიციალურ თბილისს ბოლო დრომდე არ მოუთხოვია და ეს პირველი შემთხვევა გახლავთ. სამწუხაროდ, გენპროკურატურასთან ამ ინფორმაციის გადამოწმება ძნელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს უწყება ჟურნალისტებისთვის თითქმის დახურულია.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად ჭელიძე ანტვერპენის ციხეშია. "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა მის ძმას, დავით ჭელიძეს, რომელმაც ქალბატონი იანასგან განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა: "ბევრი რამ ჩვენც არ ვიცით. დიდი ხანია, რაც ვიქტორმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. სწორედ ამიტომ არის საშიშროება, რომ მისი დეპორტაცია მოახდინონ.

ამის თავიდან ასარიდებლად, რაც შესაძლოა მისი სიცოცხლის ხელყოფით დასრულდეს, ვიქტორ ჭელიძე სასამართლო პროცესის ჩატარებას ითხოვს. იქაურმა ადვოკატმა მითხრა, რომ უამისოდ დეპორტირება დაუშვებელია, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. სხვათა შორის, ისიც თქვა, თუ ამ საქმეში უშუალოდ  საქართველოს პრეზიდენტია ჩარეული, ვერაფერს გავხდებიო. საზოგადოდ, ძებნილის ექსტრადირებას პრეზიდენტები არ ითხოვენ, ამიტომ ადვოკატს ვთხოვე, წარმოგვიდგინოს იმ დოკუმენტის ასლი, სადაც სააკაშვილის ხელმოწერაა".

ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, რა შემთხვევაში შეიძლება ვიქტორ ჭელიძის ექსტრადირება.

ეკა ბესელია: "თუ სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და იძებნება, აღმკვეთი ღონისძიებაც უნდა შეეფარდოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცველებს ძებნილის დაკავება ევალებათ. პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება-არმინიჭების საკითხს აბსოლუტურად სხვა უწყება განიხილავს. ნებისმიერ შემთხვევაში ხსენებული პირის ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ან დაელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბელგიის სახელმწიფო - მისცემს თუ არა ვიქტორ ჭელიძეს პოლიტიკურ თავშესაფარს ან მის ექსტრადირებას გადაწყვეტს.

ყოვლად დაუშვებელია, ექსტრადირების მოთხოვნას ხელს პრეზიდენტი აწერდეს, ამის უფლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს ან გენერალურ პროკურორს აქვთ, ვინაიდან ეს ორი უწყება დღეს საქართველოში გაერთიანებულია".

შეგახსენებთ, ვიქტორ ჭელიძეს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა ხელფასების მითვისება და საზღვაო ხომალდის ერთი ფრთის ჯართად გაყიდვა ედება ბრალად, რასაც თავად აბსურდულს უწოდებს.

ვიქტორ ჭელიძის საქმეზე სასამართლო პროცესი ანტვერპენში, სავარაუდოდ, ორიოდე კვირაში გაიმართება.