ხელვაჩაურში საკრებულოს წევრი დააკავეს - სუს-ი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ხელვაჩაურში საკრებულოს წევრი დააკავეს - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან - ზაზა თ.-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ჯამბულ თ.-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"