"პროკურატურის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა"
"პროკურატურის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა"
პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა, სადაც თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად მათთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის იმყოფებოდა. ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.

ადვოკატის ინფორმაციით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილ დაზუსტებულ ბრალდებაში რამდენიმე
ადგილას ჩამატებულია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.

„ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა და შინაარსიც. იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ
თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა, მაგრამ იმისთვის, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო, ბრალის წარსადგენად მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა: ნებისმიერი გზით მოპოვებული ასეთი ფული რომ დახარჯო, ეს ფულის გათეთრებაა. რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება პროკურატურას, ეს გუშინწინ გამოჩნდა. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას. მეორე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის და მესამე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებსა და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს. პროკურატურამ ამ ბრალით დაამთავრა თავისი საქმე. მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის ხელმძღვანელობაში, აღარ არიან ანაკლიის პორტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია ეს არის მიზანი, რომელიც ასრულდა ამ ყველაფრით“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა